Digest Logo

თბილისში მგზავრმა ტაქსის მძღოლში მშობლების მკვლელი ამოიცნო და მოკლა

1613025936
ტაქსი და პოლიცია

გიორგი ბერძენიშვილი სახლიდან დილაადრიან გავიდა. ის სამსახურისკენ მიმავალ მოკლე გზას დაადგა, რომელიც მტკვრის ნაპირთან ახლოს გადიოდა. უცებ ადამიანის სხეული შენიშნა. ის უმოძრაოდ ეგდო. გიორგი მისკენ გაიქცა. 

ამონარიდი გიორგი ბერძენიშვილის ჩვენებიდან: „ვიფიქრე, მთვრალია, ან რამე უჭირს-მეთქი. ახლოს რომ მივედი, მივხვდი, მკვდარი იყო. მის გარშემო სისხლის დიდი გუბე იდგა. ის გულაღმა იწვა. თავის ქალა მთლიანად ჰქონდა დაჩეჩქვილი. საშინელება იყო. სისხლი და ტვინი ერთმანეთში არეულიყო.“

სამართალდამცველებისთვისაც იოლი არ იყო იმის დანახვა, რაც მტკვრის პირას დახვდათ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გვამისგან დაახლოებით, 10 მეტრის მოშორებით, მიტოვებული ავტომანქანა იპოვეს.

„ფოლკსვაგენ-გოლფის“ მარკის ავტომანქანას ტაქსის ტრაფარეტი ეკეთა. გაირკვა, რომ ეს ავტომანქანა ეკუთვნოდა 53 წლის ავთანდილ ცერცვაძეს, ადამიანს, რომლის გვამიც იპოვეს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ გვამის დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ ავთანდილ ცერცვაძეს თავის არეში ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. თავის ქალის ძვალი მთლიანად იყო ჩამსხვრეული. სხეულზე ძალადობის სხვა არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.

ავთანდილ ცერცვაძე თბილისში ცოლთან, შვილთან, რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. ცერცვაძე ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

გამოძიების პირველადი ვერსიის მიხედვით, ცერცვაძე ერთ-ერთმა მგზავრმა გაძარცვის მიზნით მოკლა. ცერცვაძის ნაცნობი მძღოლების დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბოლოს ის საღამოს 8 საათზე დიღომში შეამჩნიეს. ამ ფაქტის მოწმის განცხადებით, ცერცვაძის მანქანის უკანა სავარძელზე ერთი მგზავრი იჯდა. თუმცა თვითმხილველს უჭირდა იმის დაკონკრეტება, მგზავრი ქალი იყო, თუ მამაკაცი.

მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ სამართალდამცველებთან ცერცვაძის შორეული ნათესავი შალვა ბუზალაძე მივიდა. გაირკვა, რომ ავთანდილ ცერცვაძე იმ დღეს, ბუზალაძესთან იყო სტუმრად. მეტიც, შალვა აცხადებდა, რომ ავთანდილი მარტო არ იყო.

ამონარიდი შალვა ბუზალაძის ჩვენებიდან:

„საღამოს 9 საათი არ იქნებოდა, როდესაც ჩემთან სტუმრად მოვიდნენ ჩემი შორეული ნათესავი ავთანდილ ცერცვაძე და ჩემი თანასოფლელი ირაკლი ბუზალაძე. მათ მითხრეს, რომ ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს, გამოელაპარაკნენ და გაარკვიეს, რომ მე მათი საერთო ნაცნობი ვიყავი. ირაკლი ნასვამი იყო. ჩემთანაც ბევრი დალია. ავთანდილი არ სვამდა. წასვლის წინ მან მითხრა, არ ინერვიულო, სახლამდე მივიყვან და მივხედავო. ჩემი სახლიდან, დაახლოებით, საღამოს 11 საათისთვის წავიდნენ... ჩემმა მეუღლემ მითხრა, რას წარმოვიდგენდი ამათ ასე დამეგობრებულს თუ ვნახავდიო. რატომ-მეთქი. მან გაიხსენა, რომ 20 წლის წინ ირაკლის სახლს სოფელში ყაჩაღები დაესხნენ. მაშინ ყაჩაღებმა მისი მშობლები დახოცეს. იმ პერიოდში ჩვენთან იყვნენ ავთანდილი და მისი მეგობრები. გამოძიებამ ეჭვი მათზე მიიტანა, თუმცა დამამტკიცებელი სხვა ვერაფერი იპოვეს და ეჭვმიტანილები გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, სოფელში ამბობდნენ, რომ დამნაშავეები სწორედ ისინი იყვნენ. ამაზე ირაკლის ჩემთან არასოდეს უსაუბრია. არ გამოვრიცხავ, რომ ისიც ასე ფიქრობდა.“

შალვა ბუზალაძისვე ინფორმაციით, ირაკლი ბუზალაძე ციხისელის ქუჩაზე ცხოვრობდა. ეს ქუჩა სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით მდებარეობს იმ ადგილიდან, სადაც ცერცვაძის გვამი იპოვეს. სამართალდამცველებმა ირაკლი ბუზალაძის დაკითხვა მოწმის სტატუსით დაიწყეს, თუმცა დაკითხვის პროცესში, მისი აღიარების შემდეგ, ის ეჭვმიტანილად მიიჩნიეს.

ირაკლი ბუზალაძე 19 წლის იყო, როდესაც მშობლები დაუხოცეს. მას შემდეგ ის მოხუც მამიდასთან ცხოვრობდა. ბუზალაძე უმუშევარი იყო. დროდადრო სხვადასხვა ობიექტებზე, სხვადასხვა სახის სამუშაოებს ასრულებდა.

მკვლელობის დღეს ბუზალაძე ერთ-ერთი კერძო ფირმის დაკვეთას ასრულებდა. მას და მის მეგობრებს მანქანაში ასობით ტომარა ცემენტის ჩატვირთვა და გარკვეულ მისამართზე გადმოტვირთვა ევალებოდათ. მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებდა. დამკვეთმა მუშებს შრომის საფასური სამუშაოს დასრულებისთანავე გადაუხადა. მუშებმა თანხა შეკრიბეს და სახინკლეში წავიდნენ. ირაკლიმ იქ დალია. სახინკლიდან გამოსვლის შემდეგ ტაქსი გააჩერა და ვარკეთილში სთხოვა გაყვანა.

ტაქსის მძღოლი ავთანდილ ცერცვაძე გახლდათ. ირაკლი კი თავის მეგობარ ქალბატონთან აპირებდა წასვლას. მისამართზე მისვლისას ირაკლიმ ავთანდილს ფული გადაუხადა და სთხოვა, დამელოდეო. ბუზალაძე მალევე დაბრუნდა. ის გაბრაზებული იყო. მძღოლს ამჯერად ვაზისუბანში სთხოვა წაყვანა. გზაში საუბრისას გაირკვა, რომ ირაკლის მეგობარ ქალთან ჩხუბი მოუვიდა, ვინაიდან ის მას არ გაჰყვა მეგობართან საქეიფოდ. თუმცა ირაკლის ამჯერადაც არ გაუმართლა, მეგობარი ქუჩაში დაინახა. მანქანა გაუჩერა და გაიგო, რომ ის სასწრაფო საქმეზე მიდიოდა სადღაც. ირაკლი მანქანაში დაბრუნდა და მძღოლს სთხოვა, შენ მაინც გამიწიე კომპანიონობაო. გეზი დიღმისკენ აიღეს. გამწარებული ბუზალაძე ავთანდილს თავისი ცხოვრების შესახებ უყვებოდა. სწორედ ამ დროს გაარკვიეს, რომ საერთო ნაცნობი ჰყავდათ შალვა ბუზალაძის სახით. ავთანდილმა ისიც კი თქვა, რაც ახალგაზრდობაში შეემთხვა, რომ კინაღამ ვიღაცის მკვლელობა დაბრალდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სწორედ ამ ვიღაცის შვილს ესაუბრებოდა. შალვასთან სტუმრობა ირაკლის იდეა იყო. იქიდან წამოსულები, გზაში თითქმის აღარ ლაპარაკობდნენ. გზად ირაკლიმ ცერცვაძეს მდინარის ნაპირისკენ გადახვევა სთხოვა, – სახლში წასვლა არ მინდა და იქ დამტოვეო. ავთანდილს არ უნდოდა ქუჩაში მისი მიტოვება, მაგრამ ირაკლი დაჟინებით მოითხოვდა, მტკვრისპირას ჩამიყვანეო.

ამონარიდი ეჭვმიტანილის ჩვენებიდან:

„... თავში ქვა გიხლიაო, – მითხრა, გზიდან გადაუხვია და მანქანა გააჩერა. მე გავბრაზდი. თუ კაცი ხარ და გვერდში მიდგახარ ბოლომდე მიძმე-მეთქი. გადმოსვლა ვთხოვე. ველაპარაკებოდი რაღაცეებზე. უაზროდ ვლაპარაკობდი, ვწუწუნებდი ჩემს ცხოვრებაზე. ის სიგარეტს ეწეოდა და მისმენდა. ხმას არ იღებდა. მერე ვუთხარი, რამდენიმე გარეწარმა ორიოდე კაპიკის გამო დედ-მამა მომიკლა-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ვეჭვობდი, ის და მისი მეგობრები იყვნენ მათი მკვლელები. გაკვირვებულმა შემომხედა. შვილებს და შვილიშვილს გეფიცები, შენი მშობლების მკვლელობა კი არა, ცხოვრებაში არანაირი დანაშაული არ მაქვს ჩადენილიო. რაღაცეებს მიმტკიცებდა. არ ვიცი, უკვე ვეღარ ვუსმენდი. მთვრალი ვიყავი, გაბრაზებული. ვერ აღვიქვამდი, რას ამბობდა. იხსენებდა, იმ დღეს სად იყო, ვისთან ერთად, რომ არაფერ შუაში იყო და სხვა. ის ლაპარაკობდა, მე სიგარეტს ვეწეოდი და ხმას არ ვიღებდი. იმას ეგონა, რომ ვუსმენდი. მე კიდევ ბრაზისგან ჭკუიდან გადავდიოდი. რაღაც მომენტში ისიც გაჩუმდა. მიტრიალდა და მდინარესთან ჩაიკუზა. იქვე დაგდებული ლოდი ავიღე და თავში ჩავარტყი. უსულოდ დაეცა, მაგრამ რამდენჯერმე კიდევ ჩავარტყი.“

ირაკლი ბუზალაძეს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ბუზალაძე დანაშაულისთვის სასჯელს დღესაც იხდის.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ნაჯახით დაჩეხილი სხეულის ნაწილები სისხლში ცურავდა - თბილისში აფაქიების ოჯახი სადისტურად ამოხოცეს

თბილისელმა სტომატოლოგმა 21 კაცი დახოცა

ერთნაირი ხელწერით დახოცილი ქალები - სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში