Digest Logo

„კანონიერი ქურდების“ ბიბლიური წესები ანუ რატომ აშენებენ კრიმინალური ავტორიტეტები ეკლესიებს

1614364096
ქურდი და ეკლესია

„მთავრია საკუთარ თავთან და ღმერთთან იყო მართალი“, - ეს უბრალოდ წინადადება არაა, ეს ე.წ. „შავი სამყაროს“ ერთერთი მნიშნელოვანი მცნებაა. ისინი ფიქრობენ, რომ მათ თავისი სიმართლე და დაუწერელი კანონი აქვთ. რომლის ფარგლებშიც დანაშაულის ჩადენის პარალელურად ღვთისმოსაობაც „მოსულა“.

ამ ლოგიკით აზროვნება, მხოლოდ კრიმინალურ ავტორიტეტებს არ ახასითებთ. ბიზნესში, საზოგადოების თითქმის ყველა სოციალურ ფენაში და დიდ პოლიტიკაშიც კი აძლევენ საკუთარ თავს მოპარვის შემდეგ ქველმოქმედების უფლებას, თუმცა დღეს კრიმინალურ ავტორიტეტებზე მოგიყვებით.

გასული საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენს ქვეყანასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ფართოდ მოიკიდა ფეხი „ქურდულმა იდეოლოგიამ“, მე-20 საუკუნის შუალედში იგი უკვე მკაცრად ორგანიზებულ და საკმაოდ „ავტორიტეტულ“ სტრუქტურად გვევლინება, თავისი იერარქიით და მკაცრად განსაზღვრული პრინციპებით. ჩვენს დროში რა თქმა უნდა, ქურდებს ყოფილი ავტორიტეტი არ გააჩნიათ, თუმცა ეს საკითხი დღესაც საკმაოდ აქტუალურია.

ადრე, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში ხალხი, ძირითადად ქრისტიანულად ცხოვრობდა: ეკლესიებში დადიოდა, წირვა - ლოცვას ესწრებოდა, რჯულის კანონს იცავდა. ერთადერთი ავტორიტეტი, რასაკვირველია ეკლესია იყო. სწორედ ეკლესიურ სწავლებას ემორჩილებოდა ხელისუფლების ჩათვლით საზოგადოების ყოველი ფენა. რასაკვირველია, ქურდობა ოდითგანვე კაცობრიობის სენი იყო, თუმცა იდეოლოგიურ და ავტორიტეტულ სახეს არ ატარებდა.

როგორ გაჩნდნენ „კანონიერი ქურდები“

საინტერესოა ქურდული იდეოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია. იგი პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს წესრიგისთვის ბრძოლასთან. შემთხვევითი არ არის, რომ ქურდების მნიშვნელობა და გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება კრიზისის პერიოდში. პირველი „კანონიერი ქურდები" რომლებსაც მიახლოებით ჰგვანან ახლანდელები, გაჩნდნენ ოციან წლებში სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე ჯიბის ქურდების წრიდან.

რუსეთის შსს საინფორმაციო ანალიტიკური მასალებიდან:

„1926-1940 წლების პერიოდში სსრკ-ს შსსკ-მა მიიღო რიგი დახურული საბუთები... გაცილებით უფრო დიდი ორგანიზებულობითა და კოორდინირებით გამოირჩევიან ჯიბის ქურდების ჯგუფები. ისინი ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, მოქმედების სფეროს ინაწილებენ, ხშირად ხვდებიან და გამოდიან ციხეებიდან“. სწორედ ჯიბის ქურდების წრეში აღორძინდა ქურდული საძმო, მოგვიანებით კი პირველი „კანონიერი ქურდები“ გაჩნდნენ.

ქვეყნისთვის, რომელიც ეკლიანი მავთულხლართით არის გარშემორტყმული, მსჯავრდებულთა შრომა ითვლებოდა ეკონომიური კეთილდღეობის მნიშვნელოვან მაჩვენებლად. პატიმრები აშენებდნენ ქალაქებს, ქარხნებს, არხებს, გაჰყავდათ გზები და ელექტრო გადაცემის ხაზები. მე-20 საუკუნის დანომრილი მონების მუშაობის ეფექტურობა, მათი დისციპლინიანობა და დამორჩილება სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანად გადაიქცა. გულაგის მრავალმილიონიან ჯარს აკონტროლებდა და იცავდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დამსჯელი მანქანა უსკ გპუ-შსსკ, მაგრამ ისიც არ იყო ყოვლისშემძლე ნესტიან ბანაკებში. დახურულ მჭიდრო კამერებში მსჯავრდებულები კონტროლისა და სათანადო ზედამხედველობის გარეშე რჩებოდნენ. ამ პრობლემას ვერ აგვარებდნენ არსენალში არსებული ხერხებით. ამიტომ სტალინის გულაგი, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეები არ ხვდებოდნენ, როგორც სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც შესწევდათ უნარი ორგანიზებული და გააზრებული წინააღმდეგობისა, საჭიროებდა შინაგან დამატებით მართვას. ასე, სპეცსამსახურების სიღრმეში გააჩნდა გეგმა ამ მიზნით არაფორმალური ლიდერების დამნაშავეთა სამყაროს ბელადების გამოყენებისა. იდეა, რა თქმა უნდა, ორიგინალური არ იყო, მაგრამ „გულაგურ“ რუსეთში სრულიად ახალი, განსაკუთრებული განვითარება მიიღო.

დიდი პოლიტიკური მისიის შესრულების შესახებ შესაძლოა თვითონ „კანონიერი ქურდები“ ვერც კი ხვდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში მათი ავტორიტეტი და რაოდენობა იზრდებოდა. შსს 1932 წლის მონაცემებით 740 „კანონიერი ქურდი“ იყო. ანალიზი მოწმობს, რომ 30-35% განთავისუფლებული ქურდებისა არა აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. დაახლოებით 65% „კანონიერი ქურდებისა“ კავკასიის წარმომადგენლები არიან, რუსი ქურდები 33% შეადგენს, ქართველები - 31,6%, სომხები - 8,2%. შემდეგ არიან აზერბაიჯანელები, უზბეკები, თათრები, უკრაინელები, ყაზახები, დაღესტანელები, ებრაელები.

რატომ არ არის ქურდობა ცოდვა?!

არა მგონია ეჭვს იწვევდეს ქურდული იდეის ჩამოყალიბების ეს მოკლე ისტორია. სხვა რამაა საინტერესო: როგორ მოიპოვეს „კანონიერმა ქურდებმა“ ასეთი ავტორიტეტი და როგორ დამკვიდრდა მათი „უცოდველობის“ დოგმატი.

კაცობრიობის მტერი, ეშმაკი, ყოველთვის ცდილობდა მზაკვრობით, ტყუილით, ცილისწამებით, ადამიანის დაღუპვას. წმ. მამები ამბობენ: „ეშმაკი ღვთის მაიმუნიაო“, კომუნისტური რეჟიმი თავისი იდეოლოგიით ამის ბრწყინვალე მაგალითია. ყველას გვახსოვს ცნობილი ლოზუნგი: „ვინც მუშაობს, ის ჭამს“, რომელიც ყველას კომუნისტური იდეოლოგიის კუთვნილებად მიგვაჩნდა. ეს კი სამოციქულოდან ამოღებული ციტატა გახლავთ. მსგავსი ხერხით ქურდული წესების ჩამოყალიბებისას ისარგებლეს. „კანონიერი ქურდები“ მიუხედავად უღმრთო კომუნისტური რეჟიმისა და რეპრესირებისა „მორწმუნეებად“ გვევლინებიან. ჯვარს პატივს მიაგებენ, ჯვრისა და ქრისტიანული სიმბოლიკის მსგავს ტატუირებებს ატარებენ, რელიგიურ ლიტერატურას კითხულობენ, „მოწყალებას“ გასცემენ.

ეკლესიური ცხოვრების წესისა და კანონების მიმბაძველობა კარგად ჩანს ქურდების „კურთხევის“ დროს. ქრისტიანული წესით ბერად კურთხევის დროს ადამიანი საკუთარი ნებით ამბობს უარს ამქვეყნიური ცხოვრების სიამეებზე, აცნობებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოძღვარს და შემდეგ ზემდგომი იერარქიის გადაწყვეტილებით ღმერთისათვის სათნო ადამიანი აღიკვეცება ბერად. მას თავდაპირველად, სიწმინდის ნიშნად მოსავენ თეთრი სამოსით, შემდეგ კი - შავით, რაც ამ ცხოვრებისაგან განდგომის, გლოვის გამოხატულებაა. სწორედ ეს ეკლესიური ტრადიცია გვევლინება ქურდად „ხელდასხმის“ პირველწყაროდ. ქურდული სამყაროს საძმოს წევრებს შორის ირჩევა მათივე გაგებით, პატიოსანი წესების ერთგული, საქმეების სამართლიანად გამრჩევ-მომრიგებელი პიროვნება და იგი შეუმცდარად, ხელშეუხებლად ცხადდება. შავი სამღვდელოების წარმომადგენელთა მსგავსად „კანონიერი ქურდი“ იმოსება შავი ტანსაცმლით („შავები“ - ქურდები) და უარს ამბობენ ყოველივე ამქვეყნიურზე (ძველად „კანონიერ ქურდს" არ უნდა ჰქონოდა სახლ-კარი, ოჯახი, არ უნდა გამოეყენებინა ნარკოტიკული ნივთიერება). ზოგიერთი ქურდული წესის მსგავსებას ძველ აღთქმაში ვხვდებით: „წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი (მპარავი)! იტყვის მთელი ერი, ამინ!“(მეორ. რჯულ 27.17) - ძველი ქურდული წესით მეზობელს არ პარავდნენ, აქაც ბიბლიური სწავლების მსგავსებას ვხედავთ: „ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ, რადგან უფალი გამოესარჩლება მათ და მის მძარცველთა სულს გასძარცვავს“ (იგავნ: 22, 22-23). ძველად „მაწანწალები" (ასეც უწოდებენ ქურდებს) კაცის კვლას ცოდვად მიიჩნევდნენ. გვახსოვს ცნობილი ფრაზა „თეთრი ბაირაღებიდან": „სიცოცხლე არ გიჩუქებია და წართმევის უფლებაც არა გაქვს“. მხოლოდ ერთი რამეა გაუგებარი: რატომ არ არის ქურდობა ცოდვა („გრეხი")?

ქურდული სამყაროს წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის გამართლებას სახარებაში მოთხრობილი იესო ქრისტეს ჯვარცმის ტენდენციური განმარტებით ცდილობენ.

მათ მაგალითისთვის მოჰყავთ მაცხოვართან ერთად ჯვარცმული ავაზაკის ცხონების ამბავი და მიიჩნევენ, რომ თავადაც შევლენ სასუფეველში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აზრის მიმდევრებს ავიწყდებათ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, სახელდობრ ის, რომ უცოდველი ქრისტეს გვერდით ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა შეიგრძნო საკუთარი ცოდვების სიმძიმე და იწამა რა ჭეშმარიტი ღმერთის სასუფევლის არსებობა, უდიდესი სიმდაბლით შესთხოვა უფალს ცოდვათა მიტევება. ავაზაკმა მხოლოდ საკუთარი წარსულის უარყოფითა და სინანულის გზით მოიპოვა სასუფეველში ცხონების უფლება. ამდენად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, თითქოს ქურდი აუცილებლად ცხონდება მონანიების გარეშე, მით უფრო, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენელთათვის ცოდვაა ქურდულ წოდებაზე უარის თქმა, მეტიც, ისინი ღვთის შიშზე მაღლა საკუთარი ქურდული ტრადიციებისა და ეტიკეტის ერთგულებას აყენებენ. ქურდისათვის ქურდული კანონებია უპირატესი. იგი სიტყვიერადაც არასოდეს უარყოფს თავის წოდებას და სულიერი დაღუპვისათვის სწირავს თავს. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს და არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ეკლესიური წესით „კანონიერი ქურდის" მოუნანიებლად გარდაცვალების შემთხვევაში - წესი არ აიგება, ანუ - არ ცხონდება! სიცოცხლეში კი ვიდრე არ შეინანებს უზიარებლად რჩება.

მეორე მოსაზრება, რომელსაც ეყრდნობიან „დამნაშავეთა სამყაროს გენერლები" არის ის, რომ მათი მტკიცებით, ავაზაკმა მოიპარა მაცხოვრის თავში ჩასაჭედებლად განკუთვნილი მეხუთე ლურსმანი, რის გამოც ქრისტემ დალოცა იგი. არც ბიბლიაში, არც წმიდა გადმოცემაში ამგვარი ფაქტის შესახებ მოთხრობილი არ არის, რაც ცხადყოფს მათ მცდარობას.

ეკლესიის წესის, საერთო ყულაბისათვის მიმბაძველობა ე.წ. „ქურდული ობშიაკის" არსშიც შეიმჩნევა. სჯულის კანონის მიხედვით ეკლესიაში შემოწირული თანხა, ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით სხვადასხვა დანიშნულებას ხმარდება: ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციას, წიგნების გამოცემას, ეკლესია-მონასტრებში სხვა სასულიერო პირებისა და ერისკაცების მხარდაჭერას. ქურდულ სამყაროშიც შეიქმნა „საერთო ყულაბა", ფულადი სახსრები, რომელსაც ძირითადად „ქურდები" და „ზონის მაყურებლები" განაგებენ. გათავისუფლებული ქურდი არ ივიწყებს მათ, ვინც „სახლში" (ციხეში) დარჩა. „საერთო ყულაბა" („ობშიაკი") მას საშუალებას აძლევს ინახულოს ზონები, მატერიალური და მორალური დახმარება გაუწიოს ნაცნობებს. ასეთი საქმიანება ხელს უწყობს მათი ავტორიტეტის გაძლიერებას. „საერთო ყულაბა", ოდესღაც საიდუმლო ქურდული სამყარო, სანდო პირებთან შენახული, ახლა ხშირად სოლიდურ საბანკო ანაბარს წარმოადგენს. ის მოხერხებულია და უსაფრთხოა ყველანაირი გაგებით. მითუმეტეს რომ კომერციისადმი დამოკიდებულება ქურდების უმეტესობას შეეცვალა.

ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ფართოდ იყენებენ ეკლესიურ ტერმინოლოგიას.

ასე მაგალითად: „პატრიარქი“ - ქურდულ სამყაროს ჰყავდა ვინმე „ბრილიანტი", რომელსაც „პატრიარქს“ უწოდებენ, „ნათლობა“, „ნათლიმამა", „გვირგვინი", „ეპარქია“, ძველი ქურდები გაქცევისას იყენებდნენ ტერმინს „კატაკომბა" (კატაკომბებს აფარებდნენ თავს დევნისას ძველი ქრისტიანები).

ქრისტიანობაში მკაცრი მოღვაწე და განსაცდელების დამთმენი, მაღალ სულიერ საფეხურს აღწევს. ქურდულ სწავლებაშიც გაჭირვებისა და განსაცდელის დათმენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ერთ-ერთი ძველი ქურდი ამბობს: „ციხე განსაცდელია, ვინც ის შეღავათების გარეშე გაიარა, პატივისცემის ღირსია“.

ერთი სიტყვით ეკლესიის წეს-ჩვეულებებისადმი მიბაძვით, ქურდულმა იდეოლოგიამ, უღმრთო, არაეკლესიურ გარემოში, ხალხის ერთგვარი სიმპათია და ავტორიტეტი მოიპოვა. „სიმართლისა“ და „ჭეშმარიტების“ თავისებური, რაც მთავარია, არაკომუნისტური განმარტება, გაოცებასა და კეთილგანწყობას იწვევდა ადამიანებში. მითუმეტეს „სამართალდამცავთა“ ფონზე, რომლებიც სისასტიკითა და უკანონობით ხშირად აჭარბებდნენ დამნაშავეებს.

დღევანდელი ახალგაზრდები ქურდული სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენლის ცრუ ვაჟკაცობით ცდუნდებიან. წყნარ და მშვიდ ეკლესიურ ცხოვრებაში ისინი ვერ ხედავენ თავიანთი „გმირული ოცნებების“ განხორციელების საშუალებას. გაუთვითცნობიერებელნი ჭეშმარიტ ქრისტიანულ ვაჟკაცობასა და სიმამაცეში, იხიბლებიან დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლების სხვადასხვა დანაშაულისა და დაკითხვის დროს გამოჩენილი „ვაჟკაცობით“. ბერი პაისი (ათონელი) ვაჟკაცობის განმარტებისას ამბობს: „სულიერ ცხოვრებაში თუ ადამიანი ქრისტეს მიენდობა და შემწეობას თხოვს, თუნდაც მშიშარა იყოს, სიმამაცესა და ვაჟკაცობას მოიხვეჭს. იგი ბრძოლის წინა ხაზზე გასვლას და მტრის დამარცხებას შეძლებს. ხოლო რაც შეეხება იმ საწყალთ, რომელთაც ბოროტების ჩადენა სურთ, თუნდაც ვაჟკაცობა გააჩნდეთ, მშიშრები ხდებიან, ვინაიდან გრძნობენ თავიანთ დანაშაულს და მხოლოდ თავიანთ ბარბაროსობაზე არიან დაყრდნობილნი. მორწმუნე ადამიანს კი ღვთაებრივი შემწეობა აქვს და სამართალიც მის მხარეზეა“. ეკლესიის ისტორიაში ქრისტიანთა თავდადებისა და ვაჟკაცობის უამრავი მაგალითი გაგვაჩნია, განასაკუთრებით კი კომუნისტური რეპრესიების დროს. ყველას გვახსოვს ბანაკებში მამა არსენის და სხვა მრავალთა თავდადების მაგალითები. საოცარია, „გულაგურ“ ეპოქაში დაარსებული ქურდული იდეოლოგიის წარმომადგენლები, რატომ არ იღებენ ხმას მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ეპისკოპოსები, მღვდლები, მონაზვნები და ერისკაცები თავს დებდნენ სარწმუნოებისთვის და მართლმადიდებლობისთვის?! აი, მაგალითი ჭეშმარიტი ვაჟკაცობისა და ჭეშმარიტი თავდადებისა!

დღეს ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, მოწყალებას გასცემენ, ეკლესიებს აშენებენ. ისმის კითხვა, შეიწირავს კი მათ შესაწირავს ღმერთი?

ეკლესიის სწავლების მიხედვით ღმერთი არ იღებს ყველა შესაწირავს, ისევე როგორც არ მიიღო კაენის ძღვენი, რადგან კეთილი გულით არ იყო შეწირული. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არა ნატაცებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა... რამეთუ იგი არა მოწყალება არს, არამედ უკეთურება“. უფალს მხოლოდ საკუთარი შრომითა და ლოცვით მოპოვებული უნდა შევწიროთ. შესაძლოა ჩვენ მიწიერი ტაძრის აშენებისთვის ხალხის მადლობა დავიმსახუროთ, მაგრამ უფლისაგან რისხვა გარდაუვალია. სასულიერო პირი კი, რომელმაც იცის ამა თუ იმ ადამიანის ბოროტი საქმიანობის შესახებ და მაინც იღებს შესაწირს, მისი ღმერთთან მიახლების დამაბრკოლებლად იქცევა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ცხოვრებაში მრავალი ახალგაზრდა „ქურდული“, „ქუჩური“ ცხოვრებიდან, ეკლესიას უბრუნდება, სინანული ებადება და ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებს. აღსანიშნავია, რომ დამნაშავეთა სამყაროდან გაცილებით მეტი ადამიანია ეკლესიაში, ვიდრე „მართალი სამართალდამცავების“ წრიდან. აშკარად ცოდვებში მყოფი ადამიანი გაცილებით უფრო იოლად ინანიებს თავის ცოდვებს, ვიდრე ის, ვინც „ყოველთვის მართალია“.

მათთვის კი, ვინც ქურდობას თავს ანებებს, გრიგოლ ნოსელის მე-6 კანონში შემდეგი წერია: „ვინც ფარულად მოიხვეჭს სხვის ქონებას და ამის შემდეგ აღიარებს ცოდვას აღსარების დროს მღვდლის წინაშე, მონდომებით აღუდგება წინ ვნებას და განკურნავს დაავადებას, ასეთმა თავისი ქონება უნდა გაუყოს გლახაკებს, რომ მისი დაფანტვით, რაც აქვს, ცხადად გამოჩნდეს მისი განწმენდა ანგარების სენისაგან. თუ არაფერი ქონდეს გარდა სხეულისა, მოციქული უბრძანებს, რომ ხორციელი შრომით უნდა განიკურნოს მისი ვნება, მოციქული გვეუბნება: „მპარავი ნუღარ იპარავს, არამედ მეტი იშრომოს და ქმნას სიკეთე, რომ ჰქონდეს მისაცემელი მისთვის, ვისაც ჭირდება“ (ეფეს: 4.28).

უფალი ადამიანის ცოდვით დაცემას იმისთვის უშვებს, რომ შესძინოს მას თავმდაბლობა, დაანახოს საკუთარი თვი და უძლურება. „მპარავიც“ ისევე, როგორც სხვა ცოდვის ჩამდენი ადამიანი, უპირველესად ჩვენი მოყვასია. მისი, როგორც მძიმე ცოდვაში მყოფი ადამიანისა, უფრო მეტი სიბრალული გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელსაც უკანასკნელი ლუკმა წაართვეს. სულიერი ზარალი თავისი შედეგებით ბევრად უფრო სავალალოა, ვიდრე მატერიალური. ამგვარმა მსჯელობამ შესაძლოა ვინმეს ღიმილი მოჰგვაროს, მაგრამ ქრისტიანული მორალი არ ძველდება და მისი მიმდევრებისათვის ეს არსი ნათელია. ღვთისაგან განდგომას კაცობრიობის მტერი შთააგონებს ადამიანს, რათა მოსტაცოს მას უმთავრესი - სული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მერე რას იტყვი­ან, ფე­ხებ­ზე მკი­დია - აქამდე უცნობი ფოტოები და ამბები კახა ბენდუქიძეზე

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია - ვინ არის შენგელაიას მეორე ცოლი და რა კავშრი აქვს ივანიშვილებთან

გარდაცვალების შემდეგ, მომზადებული დამტოვა - ახალგაზრდა ქვრივის, მარიამ ჯაშის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია