Digest Logo

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია - ვინ არის შენგელაიას მეორე ცოლი და რა კავშრი აქვს ივანიშვილებთან

1614180333
ნიკუშა შენგელაია და ეკა ხვედელიძე

ეკა ჭიჭინაძეს 17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი მალე დაენგრა. ახლა იმ პერიოდის გახსენება არც სურს. სამაგიეროდ, მისი და ნიკუშა შენგელაიას ქორწინებიდან მალე ოცდაათი წელი გახდება. მართალია, მეუღლეს თავის დროზე ცოლობა არ უთხოვია, მაგრამ წლებია ბედნიერად ცხოვრობენ და საერთო შვილი, 15 წლის გიორგი ჰყავთ.

ეკა ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. მას ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან ეკა ხვედელიძესთან ახლო მეგობრობაც აკავშირებს.

ის ამბობს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება გვიან დაიწყო, პირველი თამამი გადაწყვეტილება კი 17 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ოჯახი შექმნა. თურმე ეკა ჭიჭინაძეს არასდროს უმუშავია და ვერც წარმოუდგენია დილით ადრე ადგომა და სამსახურში წასვლა.

„ბავშვობაში არსად არ მიშვებდნენ, დედა ლამის სკოლაშიც კი დამყვებოდა. შინაგანად დამოუკიდებელი ტიპი ვიყავი, მაგრამ ამის გამომჟღავნების საშუალება არ მქონდა. სკოლის ბანკეტზეც კი დედა გამომყვა. უმცროსი და მყავდა, მას რატომღაც ასე არ ზღუდავდნენ. საერთოდ, მკაცრი მშობლები არ მყავდნენ, მაგრამ სახლიდან ჩემს გასვლაზე დიდი ამბავი იყო. ალბათ ამის მიზეზს მე ვაძლევდი, ცოტა ცელქი ვიყავი, უყურადღებო. ჩანთა სკოლაში მრჩებოდა ხოლმე (იცინის). ჩემი პროფესიის არჩევაზე მე რომ მიმეღო გადაწყვეტილება, ალბათ, მუსიკოსი გამოვიდოდი, მაგრამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩვენს დროს მეცხრე კლასიდან ლექტორებთან ვემზადებოდით ჩასაბარებლად. ქართულში უნივერსიტეტის პროფესორთან ვემზადებოდი და მან მირჩია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რადგან კარგად ვწერდი. ხათრით ჩავაბარე, სულერთი იყო სად ჩავაბარებდი, თორემ ისე მუსიკოსობა მინდოდა. როგორც ყველა ბავშვი, მუსიკაზე მეც დავდიოდი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი. ახლა ძალიან მწყდება გული, ვხვდები, რომ ჩემთვის ყველაზე კარგი პროფესია ის იქნებოდა, რომ კარგად დამეკრა.

პირველ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებს დღემდე ვნანობ, არ უნდა გავთხოვილიყავი. მშობლებს არ დავუჯერე. მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი. შეიძლება, ეს შეზღუდვებმაც განაპირობა. არასოდეს არსად არ მიმუშავია. ცოტა ხანს ვიმუშავე მაშინდელ პუშკინის ინსტიტუტში. ესეც არ შემიძლია. წარმოდგენაც მიჭირს, დილას ადრე ავდგე და სამსახურში წავიდე“, - ამბობს ეკა ჭიჭინაძე.


„განქორწინების შემდეგ ჩემს ოჯახში ვცხოვრობდი და ბავშვს ვზრდიდი. მარტო დარჩენის შემდეგ ჩემ თავს ვუვლიდი. საბჭოთა კავშირის დროს რთული იყო, მაგრამ ბევრს ვმოგზაურობდი. ყველას თავისი ტვირთი აქვს ცხოვრებაში, მეც ჩემი, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩემს ძლიერებად ჩავთვალო, ამ ტვირთს არავის ვახვევ თავზე. ხალხთან ურთიერთობისას მუდმივად კარგ ხასიათზე ვარ, დამცინიან კიდეც, სულ ვიცინი. ვცდილობ, ჩემში არსებული სილაღე არ გავაფუჭო. იმ ხნის განმავლობაში, რაც სოფიკოსთან ვიცხოვრე, მისით სულ აღფრთოვანებული ვიყავი. ეს გრძნობა წლების გასვლის შემდეგ უფრო მატულობს. აი, ის იყო ჩემთვის ძლიერების სიმბოლო. მისგან არასოდეს გამიგია წუწუნი, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ჰქონდა თავისი ტვირთი. მძიმე ავადმყოფი იყო და იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ მოკვდებოდა. შაყირსა და სიცილ-სიცილში დალია სული. აი, ეს არის სიძლიერე. ალბათ ეშინოდა კიდეც, მაგრამ ჩვენ რომ არ გვენერვიულა, ამაზე მაღლა დგებოდა. ხანდახან ვფიქრობდი, ალბათ თვითონ უკეთ იცის და გამოკეთდება-მეთქი.


ნიკუშას ჩემამდეც ჰქონდა ოჯახი, მეც... რაც იყო, იმის გამეორება აღარ მინდოდა. 32-33 წლის ვიყავი, ნიკუშა რომ გავიცანი. პირველი ქორწინებიდან ბევრი წელი იყო გასული. ორი წელი ერთად ვიცხოვრეთ. ცოლ-ქმარს კი გვეძახდნენ, მაგრამ მაინც იყო შიში. ძალიან კარგია, როცა წყვილი რაღაც პერიოდი ერთად ცხოვრობს და როდესაც ნახავ, რომ მის გარეშე აღარ შეგიძლია ცხოვრება, მერე თავისთავად ხდება ეს ურთიერთობა ოფიციალური. ნიკუშას ჩემთვის არასოდეს უთქვამს - გამომყვები ცოლად? ფილმებს რომ ვუყურებთ, ასეთი სცენის დროს სულ ვეუბნები, რომ ეს წუთი მინდა განვიცადო, ძალიან მომწონს. მალე ჩვენი თანაცხოვრებიდან ოცი წელი შესრულდება. ჯვარი რომ დავიწერეთ, მაშინ გვქონდა ქორწილი. ხელი მოწერილი არ გვაქვს. ოჯახის შექმნის შემდეგ დავიწყე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. ნიკუშა ისეთი ადამიანია, რომ საშუალებას მაძლევს, მე ვიყო მე. არაფერს მიშლის.


მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაზე მეტი ოპოზიციონერი ვიყავი ძველი მთავრობის მიმართ, მეგობრებთან, რომლებიც მათ მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილი, ამ თემაზე არ ვლაპარაკობდი. ვეუბნებოდი, არ უნდა ვიჩხუბოთ მათ გამო, ისინი სად იყვნენ, ჩვენ რომ ვმეგობრობდით-მეთქი. სამწუხაროდ, ზოგმა ეს გაიგო, ზოგმა - ვერა. ამ თემაზე არავისთან მიჩხუბია.

ეს ხომ ადრეც ვიცოდით და იმიტომ დავარქვი ამორალური რეჟიმი. მაგათ ოჯახებშიც ამორალურობა ხდებოდა. ახლა უფრო თბილად ვხვდები მათ მხარდამჭერებს. მინდა დავანახვო, რომ მე სხვანაირი ვარ. ჩემი კეთილგანწყობით ყველას მიმართ გამოვირჩევი და საშუალებას ვაძლევ მიხვდნენ, რომ ადამიანი ხელისუფლებისტი არ უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახს უდიდეს პატივს ვცემ. მე ისინი ოქტომბერში ცნობილი განცხადების შემდეგ გავიცანი, თუმცა მანამდეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ამ ადამიანმა გადაარჩინა ხელოვნება და ასაკოვანი მსახიობები, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ოთხმოცი პროცენტი, რაც წინა ხელისუფლებამ მიითვისა, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია. მისი მეუღლე ეკა არაჩვეულებრივი გოგოა, ამას მთელი გულით ვამბობ. ყველა ნახვაზე ვიცინით, სასაცილო რაღაცებს ვყვებით. მასაც ძალიან უყვარს სიცილი. კეთილშობილი ადამიანია. ჭკვიანი, განათლებული და ღრმა. საერთოდ, ვერიდები ფოტოების გადაღებას, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ეკასთან ერთად ფოტოების გადაღება.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ურთიერთობა ნინა წკრიალაშვლთან? 4 ქალი და საყვარელი მეუღლე - ჭორ-მართალი დუტა სხირტლაძის შესახებ

ნისიად ნაყიდი ფეხსაცმელი, ქმრის „ღალატი“ წკრიალაშვილთან და ერთადერთი შვილი - ნინო ქათამაძის პირადი

კრიმინალური ავტორიტეტი და ჟურნალისტი - ვინ არიან ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ყოფილები