
დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი ლოცვისა და ქმედების შესახებ წერს.
მისი თქმით, ლოცვა და ქმედება თანმხვედრი უნდა იყოს, რათა შედეგი მივიღოთ.
როგორც მამა გურამი ამბობს, არც მარტო ლოცვა და უფლის იმედზე ყოფნაა კარგი და არც მხოლოდ ქმედება და უფალთან დაშორება.
„აი, ეს ორი ერთად: ილოცე და იმოქმედე, თითქოს ერთმანეთს გამორიცხავს, მაგრამ სინამდვილეში მათი ჰარმონია და პროპორციაა ადამიანი.
ღმერთის ძალამ რომ იმოქმედოს ჩემზე, მხოლოდ პასიური მიმღები არ უნდა ვიყო. ადამიანის არსი ადამიანურისა და ღვთაებრივის ძალისხმევით ისხამს ხორცს. როგორც მიწისა და ცის სტიქიების ზემოქმედებით ვიღებთ ჭირნახულს: მარცვალი მიწაშია, ზემოდანაა მზე, წვიმა; ხოლო შუაშია ის, რაც უნდა მივიღოთ.
იგივეა, თუ მთლიანად ლოცვას მივენდობი, პასიური მიმღები ვიქნები; თუ მთლიანად მე ვიმოქმედებ, მაშინ მატერიალისტი, ათეისტი, რომლისთვისაც მხოლოდ გონება არსებობს. ძირითადად, სწორედ ეს ორი უკიდურესობაა: ერთი უკიდურესობაა, როდესაც სჭარბობს ლოცვა, რომ ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და ჩვენ ამის მოწმენი ხშირად ვხვდებით – ბევრი პრობლემის გადასაწყვეტად ქართველები, მართლმადიდებლები, ზედმეტად არიან მინდობილები ღმერთს.
დედიკოს ბიჭები არიან, მარიამ ღვთისმშობლის იმედად. აბა, გავიხსენოთ, რას ვამბობთ ხოლმე? რომ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრები, რჩეულები, ჩვენთანაა უფლის კვართი, გვყავს ასი ათასი მოწამე... ეს გასაგებია, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ამით გადაიფარება შენი უმოქმედობა?! ეს იმისთვისაა, რომ მეტი იმპულსი მოგეცეს უფალთან მიმსგავსების გზაზე. მხოლოდ საკუთარი ნება რომ აინტერესებდეს ღმერთს, უფრო ახლოს მოვიდოდა და ჩვენს ნებას წაგვართმევდა.
ამავეს ეხმიანება კიდევ ერთი გამოთქმა: ღმერთი და ადამიანი მეორე სართულზე ხვდებიან ერთმანეთს. უხეშად რომ ვთქვათ ღმერთი მესამე სართულზეა, პირველზეა ადამიანი, ანუ ვერც ადამიანი აიწევა პირველიდან მესამეზე და არც ღმერთი ჩამოვა მესამიდან პირველზე. მაგრამ, როდესაც ადამიანი თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, ფეხის წვერებზე დადგება და ხელს ბოლომდე აიშვერს, აი, იქ შეხვდება ღმერთი მას, იმიტომ რომ ისიც ჩამოუშვებს თავის ხელს.
აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომელი ჯობია: რაც უნდა მოინდომო, თუ ღმერთის მადლი არ მოვა შენთან, ვერაფერს მიაღწევ. წარმოიდგინე, გლეხს მოჰყავს ჭირნახული, მაგრამ, რაც უნდა იშრომოს, თუ ცის მადლი არ იქნა, სეტყვა ერთ საათში მოუსპობს მთელი წლის ნაშრომს. ღმერთი შეგეწევა, როდესაც შენც არ იშურებ შენს ადამიანურ ძალისხმევას.
ოღონდ ისიცაა, რომ, თუ არასწორ ძალისხმევას იჩენ, არც მაშინ შეგეწევა. ამდენად, ერთი უკიდურესობაა, როდესაც ზედმეტად ვართ მინდობილი ცას, ღმერთი მაინც გვიშველისო და ლამის იქამდეც მივიდეს ადამიანი, რომ წამალს არ ყიდულობს; არადა, რომ მოგშივდება, ღმერთი გიშველის იმით, რომ დათესავ და მოიმკი მოსავალს.
მხოლოდ ცის იმედად ყოფნა სულიერი ინფანტილიზმია, ამიტომაცაა საქართველოში ჭარბად დედიკოს კულტი: ღვთისმშობელი დაგვიცავსო და ამ დროს არაფერს აკეთებ.
როგორ დაგიცავს ღვთისმშობელი, თუ შენ მაქსიმუმს არ გააკეთებ, ქრისტიანულ მცნებებს არ დაიცავ?! ქრისტიანულად არ იცხოვრებ?! ამის გამოხატულებაა წარსულით ტრაბახიც“, - წერს ოთხოზორია.