ტერორიზმი ძალადობის გამოყენებაა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. დღეს ISIS მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი, უსასტიკესი და მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც მოკავშირეები ემატება.
დღეს ქართველ, ნახევრად ქრისტიან ჯიჰადისტზე, მებრძოლზე, „წითურ გენერალზე“, იგივე თარხან ბათირაშვილზე გიამბობთ.
ბიოგრაფია
თარხან ბათირაშვილი 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქრისტიანი მამისა და მუსლიმი დედის ოჯახში დაიბადა. ის იყო სამი ვაჟიდან ერთ-ერთი, რომელმაც მამის სურვილის საწინააღმდეგოდ ისლამი მიიღო.
ბავშვობაში მამა იშვიათად იყო მასთან, რადგან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში მუშაობდა და ბავშვებს ძირითადად დედა ზრდიდა.
თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა...
მოგვიანებით გადაწყვიტა სამხედრო საქმის შესწავლა და ამისთვის ქართულ არმიაშიც მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული აგვისტოს ომშიც... როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა, ერთ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან რომ არ დაეთხოვათ.
მეტიც, 2010 წელს ის დააკავეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კარგა ხანს უმუშევრად იყო, შემდეგ კი ე.წ. "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს შეუერთდა და დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, თარხან ბათირაშვილის კი არა, უკვე აბუ ომარ ალ ჩეჩენის სახელით (არაბულად შიშანი).
მან კარგად იცოდა, რომ ათასი ჯურის თავზე ხელაღებულ მოჯაჰედს შორის ადგილის დამკვიდრებას მხოლოდ მეტი სისასტიკით და პრინციპულობით შეძლებდა.
თავდაპირველად ჯგუფში დაღესტანში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი მეგობრები, ძირითადად ჩეჩნები ჰყავდა.
ბათირაშვილმა სირიაში ამბოხებულთა ლიდერების ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა უმოკლეს ხანში ჩრდილოეთი სირია აიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მის მიერ ქალაქ ალეპოს სამხედრო ბაზების, მათ შორის ავიაბაზის აღება.
ომარ ალ შიშანს გამარჯვებებმა ბევრი მტერი გაუჩინა როგორც გარეთ, ისე შიგნით - თანამოაზრეებში.
განსაკუთრებით საშიშნი ქურთები გახდნენ, რომლებიც ადრე, ასადის რეჟიმის დასამხობად, ამბოხებულების მხარეზე იბრძოდნენ, თუმცა, სირიის პრეზიდენტმა შეძლო მათი გადმობირება ქურთისტანის რეგიონისთვის ავტონომიის გაფართოების პირობით.
ერთ დღეს, როცა ომარ ალ შიშანი დერი ზორას პროვინციაში სამხედრო სპეცოპერაციას ატარებდა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ, ყოფილმა თანამოაზრე ქურთებმა ისარგებლეს და ქალაქ ელ ბაბში მოჯაჰედთა ბანაკებზე იერიში მიიტანეს.
როდესაც ეს ამბავი ბათირაშვილმა გაიგო, იძულებული გახდა, შეეჩერებინა საბრძოლო მოქმედებები და თანამოძმეების დასახმარებლად დაბრუნებულიყო. მისმა მებრძოლებმა 300-კილომეტრიანი ბლიცკრიგის შემდეგ ქალაქი ელ ბაბი დაიბრუნა.
სწორედ ამ ქალაქის აღების შემდეგ მთელ სირიას მოედო მისი ნათქვამი:
„არასდროს მივატოვებ ჩემს ძმებსა და დებს, რადგან ისინი ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან“.
ელ ბაბის შემდეგ უახლოესი გარემოცვა ფიქრობდა, რომ სისასტიკით ცნობილი ალ შიშანი არავის დაინდობდა და დახოცილი მეომრების გამო შურს იძიებდა (მან ამ დროს 500 მოჯაჰედი დაკარგა). თუმცა, მოულოდნელად, ომარ ალ შიშანმა მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, - თუ იარაღს ჩააბარებდნენ და მოინანიებდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა.
მეთაურის ასეთი ჰუმანურობა ცუდად აღიქვა ზოგიერთმა საველე მეთაურმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ომარ შიშანის ამგვარი სირბილე მისი ქრისტიანობის ბრალი იყო...
დაკავება
2010 წლის სექტემბერში თარხან ბათირაშვილი ქართულმა პოლიციამ დააკავა იარაღის არალეგალური შენახვისთვის. მას სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი გათავისუფლდა 16 თვის შემდეგ 2012 წლის დასაწყისში და დატოვა ქვეყანა.
ჯიჰადისტური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბათირაშვილმა განაცხადა რომ ციხემ გარდაქმნა:
„მე შევპირდი ღმერთს, რომ თუ მე ცოცხალი გამოვიდოდი ციხიდან, მე წავიდოდი ჯიჰადის ბრძოლაში ღმერთის გამო“.
მას უკვე „ომარ ალ-შიშანი“ ჰქვია, ეგვიპტეში მცირე ხანს იმყოფება და 2012 წლის მარტში სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ერთვება:
,,ჯერ კიდევ აქ როცა იყო, სამხედროში, იქიდან თავის ძმებს სასტიკად აფრთხილებდა: ფრთხილად იყავით, მაგ ვაჰაბიტების ორგანიზაციაში არ შეხვიდეთ იცოდეთო. ეგ აფრთხილებდა თავის ძმებს და ბოლოს თვითონ მოხვდა. ადამიანს რომ სხვა გასაქანი აღარსად აღარ აქვს, რას იზამს? მაგას გასაქანი აღარსად დაუტოვეს, არ დაუტოვა ნაცმოძრაობამ.’’- ამბობს თემურ ბათირაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.
ჯიჰადისტობა და აღებული ქალაქი
2014 წლის 9 ივნისს ერაყის ქალაქ მოსულს, რომელიც ორ მილიონამდე მოსახლეს ითვლის, მოულოდნელად სირიის მხრიდან მოჯაჰედებმა შეუტიეს...
ერაყელებისთვის სროლა და ტერორისტული აქტები დიდი ხანია, უცხო ხილი არ არის, მაგრამ მოსულში განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გააფთრებული ბრძოლები მოჯაჰედებსა და სამთავრობო ნაწილებს შორის თითქმის 30 საათი გრძელდებოდა...
ქალაქის მერი დიდხანს მოუწოდებდა მოსახლეობას იარაღი აეღოთ ხელში და ქალაქი დაეცვათ, მაგრამ ამაოდ - 10 ივნისს მოსული დაეცა.
500 ათასამდე დევნილის გრძელ კოლონაში, რომელიც ერაყის მტვრიან გზაზე ათეულობით კილომეტრზე გაიჭიმა, ყველას „წითური გენერლის“ სახელი ეკერა პირზე.
დევნილთა ბანაკებში ჩურჩულით ლაპარაკობდნენ ერთი პატარა ქვეყნიდან მოსულ ნახევრად ქრისტიან, მაგრამ ყველაზე მუსლიმან კაცზე, რომელსაც უკვე 10 ივნისს ბაღდადის აღებასაც უწინასწარმეტყველებდნენ...
11 ივნისს უკვე ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის, კერძოდ კი აშშ-ის ხელისუფლების თავის ტკივილის მიზეზი ყოფილი ქართველი ჯარისკაცი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, არაბულ სამყაროში აბუ ომარ ალ შიშანად წოდებული თარხან ბათირაშვილი გახდა.
მოსულის აღების შემდეგ მოჯაჰედებს ადგილობრივი ამბოხებული სუნიტური ტომებიც შეუერთდნენ, მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ სადამ ჰუსეინის პარტიის ყოფილი წევრებიც...
მალე ამბოხებულთა ურდო ქალაქ ბეიჯისკენ დაიძრა, რომელშიც რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მოგვიანებით კი ქალაქი ტიკრიტი აიღო...
16 ივნისს საომარი მოქმედებები გაჩაღდა ქალაქ ბაკუბშიც, რომელიც ბაღდადიდან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრითაა დაშორებული.
სანამ ერაყის ქალაქები ხელიდან ხელში გადადის, ქურთისტანის ავტონომიის ელიტური სამხედრო დანაყოფი, "პეშმერგა" ერაყის ყველაზე მსხვილნავთობგადამმუშავებელ ცენტრს, ქურთისტანის ისტორიულ დედაქალაქ კირკუკს დაეპატრონა და მისი ცენტრალური ხელისუფლებისთვის დაბრუნებას არ ჩქარობს...
ერაყში შიიტების წინააღმდეგ სუნიტების ამბოხი და ისლამური სახელმწიფოს აღორძინება რომ მხოლოდ დროის მომენტი იყო, ამას არც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები მალავდნენ - აცხადებდნენ, - შესაძლოა, ასეთ დროს სირიის სცენარი განვითარდესო.
ამბოხებულთა სათავეში აბუ ბაქარ ალ ბაღდადი დგას (ერაყელები ამბობენ, რომ ის მოციქულის შვილიშვილის პირდაპირი შთამომავალია). სწორედ მისი დროშით იბრძვიან აბუ ომარ ალ შიშანის მოჯაჰედებიც.…
განხეთქილება
სირიაში შედგა შარიათის კომიტეტის გაფართოებული სხდომა, სადაც რუსლან მაჩალიკაშვილს ბათირაშვილმა ბრალი საჯაროდ დასდო ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ცუდად ექცევა და იმის მაგივრად, შაჰიდი ძმებისთვის მაგალითი გახდეს, სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვების გავრცელებით საკუთარ პიარს ეწევაო.
სეიფულა ალ შიშანს სხდომაზე თავის მართლების საშუალება არ მიეცა. კომიტეტმა, რომ იტყვიან, ქოთანს ყური მეორე მხრიდან მოაბა და მხარი ბათირაშვილს დაუჭირა (როგორც სხდომის მონაწილენი პირად საუბრებში აცხადებენ, ომარ ალ შიშანის მზარდი რეიტინგი გაითვალისწინეს), რუსლან მაჩალიკაშვილი კოალიციიდან განკვეთეს, მას მისი თანამოაზრე 290 მებრძოლიც გაჰყვა, რამდენიმე დღის შემდეგ მაჩალიკაშვილმა თავის თანახეობელს ვიდეომიმართვით გაახსენა, რომ ნახევრად ქრისტიანი და ქართულ ჯარში ამერიკელების მომზადებული იყო.
ქისტების კონფლიქტი სირიაში კარგა ხანს გრძელდებოდა. ის მხოლოდ მაშინ დამთავრდა, როდესაც ალეპოს ციხის აღებისას, რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა, თუმცა, მისმა მეომრებმა ციხე აიღეს და 800-მდე პატიმარი გაათავისუფლეს, რომელთაგან ბევრი მათ რაზმებსვე შეუერთდა...…
ამის შემდეგ თარხან ბათირაშვილი მოჯაჰედების ყველაზე გავლენიან ლიდერად იქცა. „წითური გენერლის“ სახელი „ალ-ქაიდას“ შტაბბინაშიც კარგად იცოდნენ...
2013 წლის 29 სექტემბერს “ქურთების ეროვნულმა კომიტეტმა” მსოფლიოს ამცნო, რომ ქალაქ ატიმასთან მათ მებრძოლებს ხანმოკლე შეტაკება მოუხდათ მოჯაჰედებთან და 18 მოჯაჰედი გაანადგურეს.
ეროვნული კომიტეტი ჯიუტად ირწმუნებოდა, რომ მოკლულ მებრძოლთა შორის იყო აბუ ომარ ალ შიშანიც. მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა…- ძლევამოსილი "წითური გენერალი" რამდენიმე ვიდეომიმართვაში გამოჩნდა, სადაც მუსლიმანებს ერაყი-სირიის ტერიტორიაზე ხალიფატის შესაქმნელად მოუწოდებდა.
12 ივნისს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსულში ქურთი სნაიპერის ტყვიამ თარხან ბათირაშვილი იმსხვერპლა. თუმცა, ინფორმაცია კვლავ არ დასტურდება, "წითური გენერალი" კვლავ ბლიცკრიგისთვის ემზადება, ამჯერად სამიზნე ბაღდადია...
ცოლის, სედა დუდურკაევას მოგონება „წითურ გენერალზე“:
თარხანი ორი ომის ვეტერანი იყო: რუსეთ-ჩეჩნეთის ომის და რუსეთ-საქართველოს. ომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. იმდენად ღრმად ჩახედული იყო თავის საქმეში, რომ მასში საფრთხე დაინახეს.
ძალიან კარგად იცოდა სამართლებრივი სისტემა, ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება ჰქონდა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეში უნდოდათ მისი გაყვანა, თარხანი არ დასთანხმდა და მერე მისი სრული ბლოკირება მოახდინეს. ამის მერე დაიწყო მან მეჩეთში სიარული, თორემ მორწმუნე არასდროს ყოფილა. მამამისი ქრისტიანია, ახლაც უშიშრად გაიძახის, რომ იესოა ღმერთი.
თარხანი ცარიელი ხელებით წავიდა სირიაში და 3-4 თვეში 6 მილიარდი ჰქონდა უკვე. ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა. ქისტი მოკლა, გესმით? ქალის გამო მოკლა თავისი პირადი დაცვა. ამ ქისტის ცოლი მოეწონა, ამოიღო იარაღი და მოკლა.
კლინიკური სიკვდილი
ადამიანთა უფლებებისათვის სირიის ობსერვატორია აცხადებდა, რომ ბათირაშვილის კლინიკური სიკვდილი ჰქონდა.
2016 წლის 14 მარტს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-ში განაცხადა რომ არსებობს მტკიცებულება ბათირაშვილის საჰაერო შეტევის დროს დაღუპვის შესახებ.
აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლებმა შეცდომით „დაადასტურა“, რომ ბათირაშვილი გარდაიცვალა ISIL-ის მთავარ დასაყრდენ რაქას გარეთ სირიაში. ISIL-ის მედიამ ამაქის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც უარყო ბათირაშვილის მკვლელობა.
გარდაცვალება
2016 წლის 13 ივლისს ISIL აცხადებს, რომ ბათირაშვილი გარდაიცვალა ერაყში ქალაქ ალ-შირქათში ბრძოლის დროს.
აშშ აღიარებს რომ მათი წინა განცხადებები ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ არასწორი იყო და 2016 წლის 10 ივლისს იგი კვლავ მათი სამიზნეა.
პენტაგონმა 2016 წლის 15 მარტს ოფიციალურად განცხადა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ერთ-ერთი მეთაური, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი მოკლეს. ის, ბიბისის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებთან შესახვედრად იყო ჩასული ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქალაქ შადდადში.
სამი თვის გაბმავლობაში „ისლამური სახელმწიფო“ არ ადასტურებდა თარხან ბათირაშვილის სიკვდილს და ოჯახსაც ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნდა.
თუმცა საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ „წითური გენერალი“, თარხან ბათირაშვილი 2016 წლის 14 მარტს, ამერიკული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა.
აგრეთვე წაიკითხეთ: