Digest Logo

ვინ იყო ახალგაზრდა ლექტორი, რომელსაც ქმარმა სტუდენტების თვალწინ ორჯერ ესროლა - გაუხმაურებელი ამბავი

1625832360
პოლიციის ლენტი

2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამჯერ გაისროლეს. ყოფილმა ქმარმა 33 წლის ლექტორს სტუდენტების თვალწინ ორჯერ ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

დაჭრილი მაკა წივწივაძე ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ კვაჭაძე ამბობდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები იყო.

ჰესის გამო დაწყებული დავა და მოკლული 5 შვილის მამა - ვისური მუთოშვილის გაუხმაურებული ამბავი

სტუდენტი, ქეთევან ფხალაძე ხედავდა როგორ ეძებდა მაკა წივწივაძეს ყოფილი მეუღლე...

„აუდიტორიის კარი თითქმის შემოამტვრია, მაგრამ სხვა ლექტორი რომ დაინახა უკან გაბრუნდა. სხვა აუდიტორიებიც შეუმოწმებია. გვიან გავიგეთ ვინ იყო და რა უნდოდა“.

ლაშა მაღრაძე ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

2013 წელს ციხიდან ამნისტიის შედეგად ვადაზე ადრე გამოსულა.

მაკა წივწივაძის მეგობარი ხათუნა გამისონია ამბობდა, რომ მაღრაძე ყოფილ ცოლს მუქარის წერილებს უგზავნიდა.

„ყველაფერი განქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო. მაკა მალავდა თავის მდგომარეობას და თავს ისე გვაჩვენებდა თითქოს ბედნიერი იყო.

მაგრამ, როდესაც ყოველ დილით ცემა დაუწყო, უაზროდ ეჭვიანობდა და ყველგან წასვლას უშლიდა, საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა.

პოლიციას ხშირად მიმართავდა დახმარებისათვის.“

თავად მაკა წივწივაძის ოჯახი კი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის იმდროინდელმა უფროსმა განაცხადა, რომ მაკა წივწივაძემ ორჯერ მიმართა პოლიციას და პოლიციამ ორივე შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება.

„მაკა წივწივაძემ რუსთავის პოლიციას 22 სექტემბერს მიმართა და განაცხადა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

ქმარმა მაშინ ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა. ოთხი დღის შემდეგ მაკა წივწივაძემ კვლავ მიმართა პოლიციას, ამჯერად დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას, მიზეზი კი მუქარის წერილები იყო, რომელსაც მეუღლე უგზავნიდა.

29 სექტემბერს პოლიციაში დაიბარეს ლაშა მაღრაძე, გააფრთხილეს რომ მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ქალთა მკვლელობები, ქალთა დისკრიმინაციის, ჯაჭვის ბოლო რგოლია.

“იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობა აღმოიფხვრას, საჭიროა ძლიერი სამართლებრივი შეზღუდვები გააქტიურდეს“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით (მუხლი 105 2(გ)) სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს თუ ბრალდებული გარდაიცვალა.