Digest Logo

ქუჩაში დაყრილი ასაფეთქებელი ნივთიერება - პირველი ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ

1615446058
აფხაზეთი

11 წლის ირაკლი სანაია და 10 წლის ლია სართანია – ამ ბაშვების ფოტოები თბილისში, რუსთაველის გამზირზე იყო გამოფენილი. მათ წინ სანთლებს ანთებდა და ქედს იხრიდა საქართველოს მოსახლეობა. ისინი პირველი ბავშვები იყვნენ, რომლებიც აფხაზეთის ომმა შეიწირა.

არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებისეული ტრაგედია ქვეყნის ბედ-იღბალთან არის გადაჯაჭვული. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ირაკლი სანაიას დედა, ნაზიბროლა ფერცულიანი, რომელიც მოუშუშებელ ჭრილობაზე ჟურნალისტებთან საუბრობს.

ნაზიბროლა ფერცულიანი:

– 23 წლის ასაკში მეუღლე გარდამეცვალა, 27 წლის იყო. 27 წელი – რა უნდა მოასწრო ადამიანმა ამ დროის განმავლობაში, მაგრამ მისი გაკეთებული კარგი საქმეები დღემდე წინ მხვდება. ორი ობოლი დამრჩა გასაზრდელად. მაშინ მეგონა, ამაზე უარესი ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი იქნებოდა, მაგრამ… ზუსტად 10 წლის შემდეგ, 1989 წელს, ოჩამჩირეში პირველი შეტაკება მოხდა და ეს იყო დიდი უბედურების დასაწყისი.

– პირველი ბავშვები, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ, თქვენი შვილი და მისი მეგობარი გოგონა იყვნენ. ისინი მთელმა საქართველომ დაიტირა. როგორი სიტუაცია იყო ამ ტრაგედიამდე, რა ხდებოდა აფხაზეთში?

– 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. აფხაზების უმეტესობამ სოხუმიდან ბავშვები გაიყვანა. ქალაქში უამრავი შეიარაღებული ადამიანი დადიოდა. 7 აგვისტოს ბავშვები ქუჩაში თამაშობდნენ – ჩემი ორი შვილი, ირაკლი და ლევანი და მეზობლის ორი პატარა გოგონა, ისინიც დედმამიშვილები იყვნენ. იქვე, ახლოს, ბავშვებმა ლამაზად შეფუთული, სანთლის ფორმის ნივთი იპოვეს. მაშინ წითელ-ყვითელი ლენტებით გაფორმებულ სანთლებს ამზადებდნენ, რომ მიმზიდველი ყოფილიყო და ადვილად გაყიდულიყო. ვინ იფიქრებდა, რომ შიგ ასაფეთქებელი ნივთიერება ეყარა?!

ნაპოვნი ნივთი ოთახში შემოიტანეს. ჩემი უფროსი ბიჭი, ლევანი, მეზობლის გოგონასთან ერთად ტელევიზორის საყურებლად დაჯდა. ირაკლი და ლია კი შორიახლოს გაჩერდნენ. ბავშვებმა “სანთლის” ანთება სცადეს და… ისეთი ხმა იყო, თითქოს ქვეყანა დაინგრაო. როცა ოთახში შევვარდი, ბავშვები უგონოდ იყვნენ. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ გაირკვა, რომ ორივე ადგილზე გარდაიცვალა.11 წლის იყო ჩემი ბიჭი და 10 წლის ლია სართანია…

– თუმცა ასეთი შეფუთვით ასაფეთქებლების ქუჩაში დაყრა, ალბათ, პროვოკაციის ნაწილი იყო.

– ცხადია. მანამდეც მოხდა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, მაგრამ არავინ დაღუპულა. მაშინ ეროვნული მოძრაობა პიკს აღწევდა და მომხდარს ისეთი შეფასება მიეცა, რომ ეს ბავშვები ეროვნულ მოძრაობას შეეწირნენ.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ჩვენს სახლში რა ხდებოდა. ადამიანები მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ, რომ ამ ტრაგედიის თანამოზიარეები გამხდარიყვნენ. მას შემდეგ იმდენი რამ მოხდა, თითქოს შევეგუეთ ყოველდღიურ უბედურებებს. მაშინ კი სხვა დრო იყო.

ჩემი უფროსი ბიჭი მაშინ 12 წლის იყო. ისედაც რთული ასაკი ჰქონდა, ამ ტრაგედიამ კი, რაც მის თვალწინ დატრიალდა, მოზარდის ფსიქიკაზე იმოქმედა. ლევანი თვალებს დახუჭავდა თუ არა, ის ყველაფერი ელანდებოდა. წამოვარდებოდა ფეხზე და ამ დროს შეიძლებოდა ფანჯრიდან გადამხტარიყო.

ირაკლის ორმოცი რომ გადავიხადეთ, ლევანი თბილისში წამოვიყვანე სამკურნალოდ. ციციშვილის სახელობის კლინიკაში დავაწვინე. მაშინაც ყველა მხარში დაგვიდგა. იყო ერთი პრეპარატი, რომელიც აფთიაქებში არ იშოვებოდა. ბულგარეთიდან უნდა ჩამოეტანა ვინმეს. გვეუბნებოდნენ, მხოლოდ მოსკოვში, კრემლის აფთიაქშია რამდენიმე ცალიო.

სომხეთის საზღვართან სააფთიაქო სამმართველო იყო და თურმე ერთი შეკვრა იქაც ინახებოდა. წამლის ჩამოსატანად თავად მერაბ კოსტავა წავიდა და ლევანს პრეპარატი დილის 6 საათზე მოუტანეს.

მაშინ ვნახე პირველად, რომ თბილისში, რუსთაველზე, სადაც დღეს ნახატები აქვთ გამოტანილი, ჩემი ირაკლის და ლიას სურათები გამოეფინათ. სამი თვის განმავლობაში იქ მიდიოდნენ ადამიანები და მათი სულების მოსახსენებლად სანთლებს ანთებდნენ. ეს საოცარი ერთსულოვნების მაგალითი იყო. ამხელა ტრაგედიის შემდეგ ჩემთვის სასიამოვნო იყო ამის ნახვა.

მინდა, კიდევ ერთი ამბავი გავიხსენო. როცა უფალი ადამიანს განსაცდელს მოუვლენს, მერე თავადვე ეხმარება მის გადატანაში. ამას მოგვიანებით მივხვდი, მანამდე უფალს ვსაყვედურობდი, რომ ქმარ-შვილი წამართვა.

მოკლედ, ერთ დღეს საავადმყოფოს პალატის კარი გაიღო და ქალი შემოვიდა. ხელში ეჭირა კვერცხის ფორმის ხატი და მოდიოდა თვალდახუჭული. პალატაში ათი ადამიანი იწვა. რომ დავინახე, ჩვენკენ აიღო გეზი, ლევანს წინ დავუდექი, არ მინდოდა, მიჰკარებოდა.

ქალი მაინც მოგვიახლოვდა და ისე შემახო ხელი, რომ ჩემი ნებით გავიწიე. ბავშვს ეძინა. მან ლევანს დახედა და ლოცვა დაიწყო. ბავშვს გაეღვიძა, საწოლზე წამოჯდა და მშვიდად მიაჩერდა. შეშინებული ვუყურებდი, ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. უკვე ყველაფრის მეშინოდა, ყველა მოგზავნილი მეგონა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, რადგან ბავშვი ბედნიერი ჩანდა.

ქალმა კარგა ხანს ილოცა. ლოცვა რომ დაამთავრა, გვერდით მიუჯდა და სახელი ჰკითხა. მერე შემომხედა და მითხრა, ლევანი კარგად იქნებაო. ვისაუბრეთ და ამ უცნაურმა ქალმა თავისი ამბავი მომიყვა:

„მამაჩემი საბჭოს თავმჯდომარე იყო და ეკლესია დაანგრია. მაშინ 11 თვის ვიყავი. მას შემდეგ 18 წლამდე ტანად ვიზრდებოდი, მაგრამ ვერც ხელ-ფეხს ვამოძრავებდი და ვერც ვლაპარაკობდი. ერთ დღესაც გამომეცხადა დედოფალივით ქალი, ულამაზესი, გასხივოსნებული და მითხრა, გაივლი და ილაპარაკებ კიდეც, მაგრამ რასაც მე გეტყვი, იმას გააკეთებო”.

18 წლის რომ გახდა, ფეხზე გაუვლია. დედოფლის პირობა ასეთი იყო, რომ სადაც ეტყოდა, იქ უნდა უნდა წასულიყო.

მითხრა, სავადმყოფოში ნათესავის მოსანახულებლად მოვედი, მაგრამ კიბეებზე ფეხი შემოვდგი თუ არა, დედოფლის ხმა ჩამესმა, რომ ჯერ თქვენი შვილისთვის მელოცაო. სასწაული მოხდა, იმ დღის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა მართლაც გაუმჯობესდა.

– სოხუმში დაბრუნდით?

– ჩემი შვილი რომ გავიყვანე საავადმყოფოდან, ექიმებმა თქვეს, რომ უნდა გავსულიყავით იმ სახლიდან, სადაც ეს უბედურება მოხდა. ლევანს იმ ოთახის დანახვაც აღარ შეეძლო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცალკე ბინა არ გამომიყო. მარტში ჩამოვედი თბილისში. მაზლმა მითხრა, ზვიად გამსახურდიას შევხვდეთ, იქნებ დაგეხმაროსო. ზვიადს როცა დაცვის წევრმა უთხრა, ვინც ვიყავი, კართან შემეგება, დაიხარა და ფეხზე შემახო ხელი. აფხაზებმა იცოდნენ ასე, დიდი მოწიწებისა და პატივისცემის ნიშნად. მერე გულისყურით მომისმინა და ჩემი გასაჭირი რომ გაიგო, ვაჟა ადამიას უთხრა, სასწრაფოდ თანხა გამოვუყოთ „კოსტავას საზოგადოების ფონდიდან” და ბინა ვუყიდოთო.

ზვიად გამსახურდიამ მითხრა, მოძებნეთ, სადაც მოგინდებათ და რამდენიც უნდა ღირდეს, ისეთი, როგორიც თქვენს სულს დაამშვიდებსო. რასაკვირველია, დანაპირები შეასრულა. გარდა ამისა, ახალი წლის წინა ღამეს საჩუქრებით დატვირთული მანქანა გამომიგზავნა მეც და სხვა გარდაცვლილების ოჯახებსაც, თან მისი ხელით დაწერილი წერილიც გადმოგვცეს უთბილესი სიტყვებით. 31 იანვარს კი პირადად დაგვირეკა და დღესასწაული მოგვილოცა.

არის ტკივილი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერაფერი მოაშუშებს, მაგრამ ამ ადამიანებს შეეძლოთ სიყვარული და თანადგომა.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ადრეულ ასაკში ქორწინება, შვილის 9-წლიანი ლოდინი და დანგრეული ოჯახი - მაგდა ანიკაშვილის პირადი

500-კაციანი ქორწილი მეც გადავიხადე და თეთრი სადედოფლო კაბაც მეცვა - შორენა ბეგაშვილი

ჩვენი ქორწილი ნამდვილი კონცერტი იყო - ნახეთ ვიდეო, როგორი ქორწილი ჰქონდა სოფო ბედიას