„მაჩაბლის ცამეტთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს – იხსენებს პოეტი გივი ალხაზიშვილი, – ის დრო თავის მოვლენებითა და აქტიური პერსონაჟებით, დალექილია ხსოვნაში და დროდადრო თავს მაგონებს. მკაფიოდ მახსოვს იოსებ ნონეშვილმა რომ კონსტანტინე გამსახურდია გამაცნო, როგორ შემათვალიერა ბატონმა კონსტანტინემ და ხელი გამომიწოდა. მაშინ ყმაწვილი ვიყავი და ეს ფაქტი მოგვიანებით, მწერალთა კლუბში კონსტანტინე გამსახურდიას უაღრესად კოლორიტული გამოსვლა, სამუდამოდ დამამახსოვრდა.
ბატონმა კონსტანტინემ მოიბოდიშა შეხვედრაზე რომ დააგვიანა და მიზეზი აუხსნა დამსწრე საზოგადოებას... ბოდიშს ვიხდი რომ დავაგვიანე.
არ მიყვარს დაგვიანება, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. რუსთაველის გამზირი თითქმის გადავსებული იყო ხალხით და მანქანა შეფერხდა. როგორც გავიგე, ვიღაც განგსტერ ქალს კრძალავდნენ და მოძრაობა იქ შეკრებილმა ზღვა ხალხმა, სამგლოვიარო პროცესიამ შეაჩერა.ის განგსტერი ქალი, როგორც ბატონი კონსტანტინე ამბობდა, ულამაზესი მედიკო მებურიშვილი გახლდათ, ნარკოტიკის ზედმეტ დოზას რომ ემსხვერპლა და რომელზეც ლეგენდებს ყვებოდნენ. უბატონოდ ვერავინ სცემდა ხმას და ერიდებოდნენ კიდეც მასთან პირისპირ შეხვედრას, მეტადრე უსიამოვნებას. მახსოვს მაშინ გავრცელებული ამბავი, მთელი თბილისი რომ იმეორებდა საკმაოდ დიდხანს – როგორ გაიკეთეს ვენაში მორფინი მედეამ და მისმა დაქალმა იზა გოცაძემ, ჩემმა თანაკურსელმა; როგორ შეეპარა წამალთან ერთად ჰაერი გამოუცდელ ლამაზმანს და ემსხვერპლა კიდეც ამ საბედისწერო ინიექციას...”
რამაზ ურუშაძე: „ის მართლა ვარსკვლავი იყო! შეჰერეზადა „1001 ღამიდან“. სამწუხაროა, რომ ცხოვრება უკუღმართად წაუვიდა. რაც შეეხება კრიმინალს და სხვა ამგვარ ეპითეტებს, ეს ზღაპარია. ის შეგნებულად „გააფუჭა” იმდროინდელმა ნომენკლატურამ, მაგრამ ლეგენდა ლეგენდად დარჩა.” პაპუნა ძიძიგური: „მაშინდელი სისტემა ასეთ პიროვნებებს თუ გავლენის ქვეშ ვერ მოაქცევდა, ან გარიყავდა ან გაანადგურებდა. ასეთ გარიყულებს იმ სისტემაში ძალიან უჭირდათ შინაგანი ენერგიის სწორად წარმართვა და სამწუხაროდ, ისე ამთავრებდნენ, როგორც დაამთავრეს.”
ამ გახმაურებული სიკვდილის შესახებ წლების წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მედიკოს თანაკლასელი ალაპარაკდა.
„ყველა თაობაში არიან პიროვნებები, რომლებიც ლეგენდად რჩებიან. მედიკო მებურიშვილს მარტო გარეგნული კი არა, ძალიან დიდი სულიერი სილამაზეც ჰქონდა. ის ჩემი თანაკლასელი იყო. ჩვენთან, 53-ეში გადმოვიდა მესამე კლასიდან, მანამდე პირველ სკოლაში სწავლობდა. მამა, შალვა მებურიშვილი გამომცემლობაში მუშაობდა, სტამბის დირექტორი იყო. დედა, ვენერა ნიჟარაძე, ექიმი გახლდათ. ეს იყო ძალიან სტუმრიანი ოჯახი. ცხოვრობდნენ რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიასთან „შახტიორების სახლს” რომ უწოდებდნენ სპორტული მაღაზია იყო. აი, ამ მაღაზიის კუთხეში აღმართიანი ქუჩა იწყება (ახლანდელი სარაჯიშვილის ქუჩა), როგორც კი აუხვევთ, იქვე, სამსართულიანი სახლი დგას.
მედიკო იყო ერთი ამაყი გოგონა, მაგრამ არა ამბიციური. სიამაყე სხვაა, ამბიციურობა – სხვა. ეს გამოიხატებოდა უპირველესად იმაში, რომ თავისი თავის ფასი კარგად იცოდა. თუმცა, თანატოლ გოგოებთან ამას არასდროს იმჩნევდა. თუმცა, რასაც დღეს გოგოები აკეთებენ (რა ასაკისაც მედიკო გარდაიცვალა), იმის მესამედსაც არ აკეთებდა. ის ცხოვრობდა ისე, როგორც სწამდა და მოსწონდა“- ჰყვება მედიკოს თანაკლასელი და უახლოესი მეგობარი, ვახტანგ კობაიძე.
მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ბევრი ვერსია არც არსებობს. ყველამ იცის ერთი, რომ მედიკო მებურიშვილი წამლის გადაჭარბებული დოზით დაიღუპა.
არა, მედიკო მოკლეს. იმასაც ამბობენ, რომ იმ დროს მასთან ერთად იყო მისი დაქალი, იზა გოცაძე. ორივემ გაიკეთა და ამას ჰაერი შეეპარა წამალშიო. რა შუაშია იზა გოცაძე ან სად იყო წამლის ამდენი საშუალება? ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი შემოსულია პლანი და მსგავსი რაღაცეები. მაშინ ყველა მაიმუნობდა, „მი ბალოვალის,” გესმით? მე არ ვამბობ იმას, რომ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ნარკომანობა. კი, იყვნენ ნარკომანებიც, როგორ არ იყვნენ, მაგრამ უფრო წინა თაობაში. პროზექტურაში გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა ჩარტყმული. როგორც ჩანს, ჯერ თავში ჩაარტყეს და მერე გაუკეთეს. მედიკო ნარკომანი არ ყოფილა. ხომ არ გგონიათ, მაშინ კარგი გოგოები არ დადიოდნენ, ძალიან ბევრი დადიოდა. მაგრამ, მედიკო სულ სხვა იყო, იმდენად, რომ პროზექტურაში ექიმებმა თქვეს – მსგავსი სილამაზე არ გვინახავს, თეთრი მარმარილოსგან ჩამოთლილს ჰგავსო.
ამბობენ, მედიკოს დაკრძალვაზე ხალხის ზღვა რაოდენობა იყოო...
– 12 წლის ბიჭი ვიყავი შალვა დადიანი და გალაკტიონ ტაბიძე რომ გარდაიცვალნენ. გალაკტიონის დაკრძალვაზე ბიჭები სადღაც ფერდობზე ავედით, მთაწმინდაზე, რომ დაგვენახა. მეორე ასეთი მახსოვს ჟორა შავგულიძის დაკრძალვა და მესამე იყო მედიკო მებურიშვილი. რუსთაველის მოედანი სავსე იყო ხალხით. ეს ხალხი ფეხით წამოვიდა საბურთალოს სასაფლაომდე. სასტუმროებიდან უცხოელები და სახლებიდან ჩვეულებრივი მცხოვრებნი ბინოკლებით იყვნენ გადმომდგარი, რომ ეყურებინათ. 1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დავკრძალეთ საბურთალოს სასაფლაოზე თეთრ სამოსში ჩაცმული, თეთრ სასახლეში...
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
მეკვლედ მილიციაში, აკაკის ცხენი და დიუმას სიგელი
ლიკა ქავჟარაძის და გოგი ქავთარაძის „საახალწლო ტანდემი“ – „სათადარიგო ბორბალი“