„ორადორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“, - ალბათ, ეს ფრაზა ყველამ ღიღინით წაიკითხეთ.
დიახ, სწორედ ერთ-ერთ ჯუჯაძაზე, ნუგზარ კვაშალზე, უნდა გესაუბროთ...
ის ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლესთან ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის არასდროს მოუტყუებია.
- როგორი მეუღლე ხართ?
– სულ გასტროლებზე ვიყავი, მაგრამ განშორება სიყვარულს აღვივებს. 46 წლიდან, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ, ერთი 20 წელი გასტროლებზე ვიყავი. თუ ამის საშუალება იყო, თან დამყავდა, მე ვგრძნობ, რომ ახლა უფრო კარგი მეუღლე ვარ. ყველა ერთად ვცხოვრობთ. მახსოვს ბაბუაჩემის ნათქვამი, სახლში სადილზე ათ კაცზე ნაკლები რომ დაჯდება, ის ოჯახი რა ოჯახიაო. ჩვენ რვანი ვართ, შევიკრიბებით, დავსხდებით. ორივე რძალი სიგიჟემდე მიყვარს, მე დამყავს სამსახურებში, სულ მინდა, რომ რაღაცით დაკავებული ვიყო და ჩემი ვალი, რომელიც ამ ასაკში მაქვს, მოვიხადო. ვინ იცის, როდის მოვა ის დრო, როცა შეიძლება, საჭესთან ვეღარ დავჯდე, ერთ წამში ხდება ყველაფერი.
– რა სიგიჟე ჩაგიდენიათ ქალის გამო?
– სიგიჟეების მეტი რა ჩამიდენია. 26 დეკემბერს გაჩნდა ჩემი ბიჭი. ახალ წლამდე ხუთი დღე იყო დარჩენილი და მახსოვს, ნასვამი ვიყავი, სამშობიაროში ავძვერი, ნაძვის ხე მივუტანე და გადმოვხტი. 45 წელი გავიდა და ახლა, სიბერეში შემომიტია იმ ძველმა ნაიარევმა წელსა და ფეხზე. მიკვირდა, ნეტავ, რატომ მტკივა-მეთქი და ცოლმა შემახსენა: გახსოვს, ნაძვის ხე რომ ამოიტანე, მერე რომ გადმოხტიო. ასეთი სიგიჟე უმარავი იყო. ერთხელ მახსოვს, იტალიაში კარგი ფეხსაცმელი ვუყიდე, მაშინ 120 დოლარი მივეცი, ჩაიცვა ჩემმა მეუღლემ. დავთვერი, ჩემი ცოლი სერვანდზე შემოვსვი, გავხადე ფეხსაცმელი და ჩავასხი შამპანური და ფეხსაცმელი დადნა... წამოვიყვანე სახლში ცალფეხა, ასკინკილით.
– მეუღლე თქვენზე არ ეჭვიანობდა?
– ეჭვიანობა დიდი ავადმყოფობაა. სხვათა შორის, ერთმოყვარე ვიყავი – ულამაზესი მეუღლე მყავდა. ყველანაირი აზრი, რაც იმ სიყვარულში, მოფერებაში, სამზარეულოში იყო ჩადებული, ყველაფერი ისე იყო აწყობილი, რომ სხვისკენ გახედვა არც მიფიქრია. ხანდახან, როცა გასტროლებზე მიდიხარ, თვეობით, რაღაცას იზამ, ის ამ ყველაფერს ხვდებოდა – მეგრელ ქალს რას გამოაპარებდი, მაგრამ ყოველთვის პირიქით იყო: სიმართლეს ეტყოდი – არ სჯეროდა, ატყუებდი – სჯეროდა. სიმართლეს ვეუბნებოდი – ახლა მე ვარ მაგარ სახლში, ცხელი ჯაკუზი, გადასარევი გოგონები... მეტყოდა, შენ იცი, ვინ მოატყუე? როცა ვეტყოდი, ფული არ მაქვს, გაჭირვებულად ვარ, ეს სჯეროდა.
– შეიძლება, მამაკაცი ქალზე სუსტი იყოს?
– კი, რამდენიც გინდა. მამაკაცმა შეიძლება, იცოდეს მეუღლე ღალატობს და ითმენდეს, ამას სისუსტე კი არა, სიძლიერე შეიძლება დავარქვათ, იმ სიყვარულის სიძლიერე, რომელიც მასშია. სუსტი რა მხრივ შეიძლება იყოს? რომ ქალის გადაწყვეტილებას ბოლომდე ვერ მიიყვანს, ვერ მივა და მუშტს ვერ დაარტყამს. არიან ქალის ქუსლქვეშ მყოფი კაცები, რომ აიღებს ხელფასს და სულ ცოლს ჩააბარებს, ასეთი სისუსტეები შეიძლება, იყოს, რაც შეეხება ქალის პატიებას, ეს მხოლოდ სიძლიერეა.
– როგორია თქვენთვის სექსუალური ქალი?
– დღეს, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, სექსუალური ქალი არის ის, ვინც მხოლოდ თვალებს გააძღობს. ვეუბნები ხოლმე – გაძეხი. ამ ასაკშიც მიმირბის თვალები აქეთ-იქით. ყველა ქალი სექსუალურია, აბსოლუტურად ყველა. სიმღერა რომ არის, ლამაზი ქალი სანდო არ არისო. შენ რომ გინდა, ლამაზი ცოლი გყავდეს, მაგრამ მერე ვიღაც შეხედავს და ადგები და მოკლავ... შენ თუ ლამაზი ცოლი მოგყავს, შანსი არ არის, ვიღაცამ არ შეხედოს, მაშინ რად გინდა ის ლამაზი ცოლი, დასვი სახლში, ჩააცვი, ადრე რომ ბოქლომიან რკინის ტრუსს აცმევდნენ და გყავდეს. ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. ჯონ ლენონი მომყავს მაგალითად, რომელსაც ულამაზესი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ბოლოს თავისი სიყვარული იოკო ონოს დაუკავშირა, ერთ იაპონელს, მინგრეული სახით, მონგრეული ტანით, დანჯღრეული თმით. ამიტომ ეს კი არ არის ვნება და სიყვარული, რაღაც სხვა არის. ლენონივით ნაღდად ვერ ვიქნები, მაგრამ ქალი, როგორიც არ უნდა იყოს, გამხდარი, დაბალი, მოღუნული ფეხებით, აბსოლუტურად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ქალი ყველა მდგომარეობაში კარგია.
– როდის მიდის კაცი ქალისგან?
– ალბათ, მაშინ, როდესაც სხვა ქალი დაანახებს, რა შეიძლება მოჰყვეს სექსს, ვნებას და იმ ქალის სიძლიერესაც. სხვა ქალი რაღაც ისეთს გააკეთებს, მიხვდება, ჩემი ქალიაო და ტოვებს სამშვილიან ოჯახსაც კი. იგივე შეიძლება ითქვას ქალზეც. ქალი რომ მიდის კაცისგან, კაცის ბრალია და კაცი რომ მიდის ქალისგან, მაინც კაცის ბრალია, იმიტომ რომ მან ვერ შეასრულა ის კაცური, ვაჟკაცური მოვალეობები, თუნდაც ვნების მოვალეობები და იმიტომ წავიდა ერთ შემთხვევაში ქალი, მეორე შემთხვევაში – თვითონ.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
ბერია - „ეშმაკი“, ხალხის მტერი თუ მათი ერთგული? შვილის მოგონებები და ისტორიული ფაქტები