Digest Logo

მივხვდი, რომ შოთი ჩემი მოსწავლე აღარ იყო... - მასწავლებლისა და მოსწავლის სიყვარულის ისტორია

1606419636
ნინი მურცხველაძე _ ლავ სთორი

მოკალათდით კომფორტულად, მოიმზადეთ ცხელი ჩაი ან პოპკორნი. განეწყვეთ ისე, თითქოს ჰოლივუდური ფილმის საყურებლად ემზადებოდეთ, რადგან ისტორია რომელიც ახლა უნდა წაიკითხოთ, ფილმს ნამდვილად ჰგავს, თუმცა სცენარი ქართულია. წინ გულწრფელად ნაამბობი სიყვარულის ისტორია გელოდებათ. „დაიჯესტს“ თავის პირადზე პედაგოგი ნინი მურცხველიძე ესაუბრა:

შესავალი:

5 წლის წინ რომ მოეყოლათ, ჩემი სიყვარულის ისტორია და ეთქვათ,რომ ეს ყველაფერი მე გადამხდებოდა, ალბათ, ბედნიერებისგან გონებას დავკარგავდი. ვიფიქრებდი, რით დავიმსახურე, ერთმა ჩვეულებრივზე უფრო ჩვეულებრივმა გოგომ, რომ ასე მყვარებოდა და ასე ვყვარებოდი.

ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანს, სწორედ 5 წლის წინ შევხვდი. ჩვენი სიყვარულის ისტორია, სიყვარულით არ იწყება. ეს არ არის ამბავი, ერთი ნახვით შეყვარებაზე.

ეს არის ამბავი მასწავლებელზე,რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა მოსწავლე...

გაცნობა:

ყველაფერი დაიწყო ასე... ერთ საღამოს, სრულიად უცნობმა ადამიანმა მომწერა, რომ სურდა მისთვის მათემატიკის პერსონალური გაკვეთილები ჩამეტარებინა, ვუთხარი,რომ დიდ ბიჭებს არ ვამეცადინებდი. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ საკმაოდ ლოგიკურად მივიჩნიე ეს პასუხი. ,,თავხედი" უცნობი არ დაიბნა და ჯიუტად განმიცხადა, რომ თუ გავიცნობდი, იმდენად მოვიხიბლებოდი მისით, რომ თავად შევთავაზებდი იგივეს. ჩავთვალე,რომ პატარა ბიჭი,თავის სტიქიაში გახვეული, ცდილობდა ახალ შეგრძნებებს გადაჰყროდა, ამიტომ, სერიოზულად არ მიმიღია მისი წინადადება. უცნობი არ დანებდა, იმდენად შემიყოლა, სპორტული ინტერესი გამიჩინა, რამდენ ხანს ექნებოდა თავდაპირველი ენთუზია. ვწერდით, - უფრო ის. მიყვებოდა თავის ამბებს, თავაზიანი, თბილი და კეთილი იყო. ისეთი ნდობა დაიმსახურა, ერთ დღეს მართლაც მე თვითონ ვუთხარი, რომ შემეძლო მისთვის გაკვეთილები ჩამეტარებინა.

შეხვედრა:

ნანახი არ მყავდა,არც ფოტოზე. ჩემს წარმოდგენაში, პატარა, 16 წლის ბავშვი იყო, თუმცა დიდად არც მიფიქრია მის გარეგნობაზე. ერთ დღეს მეგობართან ერთად ერთ-ერთ უბანში მოვხვდი, რამდენიმე მისამართი უნდა გვენახა. ბევრი ვიარეთ, მივხვდით, რომ დავიკარგეთ. გამახსენდა,რომ ის ბავშვი, სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა. სასწრაფოდ მოვძებნე მისი კონტაქტი და დავურეკე, ვთხოვე, დამხმარებოდა. მითხრა, დაიცადე, ახლავე მანდ გავჩნდებიო. ვიფიქრე, კარგია, თან გავიცნობ და გაკვეთილის დროებსაც შევათანხმებთ-მეთქი. მოვიდა,მეგობრებთან ერთად,თავდაჯერებული და სრულყოფილად უნაკლო. დაგვეხმარნენ,2წუთში მთელი საქმე მოგვაკითხეს და ერთმანეთიც გავიცანით. მივხვდი, რომ ბევრი გვქონდა საერთო და არც ისეთი დიდი ვყოფილვარ, როგორადაც თავს ვაჩვენებდი.

მეგობრობა:

მადლობის ნიშნად, მე და ჩემმა მეგობარმა სახლში დავპატიჟეთ, ურთიერთობა აეწყო და ჩვენ დავმეგობრდით, ახლა უკვე მასწავლებელი აღარ ვიყავი, არამედ მეგობარი,რომელიც მზად იყო ყველაფერში დახმარებოდა, მათ შორის მათემატიკაში.

სიყვარული:

ერთ დღეს მივხვდი,რომ შოთი ჩემი მოსწავლე აღარ იყო, არც მეგობარი. არამედ რაღაც უფრო დიდი და დიადი მაკავშირებდა მასთან. გამბედაობა მოვიკრიბე და ერთ მთვარიან საღამოს, ნისლში გახვეულ მთაზე, სიყვარულში გამოვუტყდი. ძალიან შეცბა, დაიბნა, ყოველი წინადადების ბოლოს, გულუბრყვილოდ მეკითხებოდა, რას ვგულისხმობდი. მითხრა, რომ არ შეეძლო იგივეთი ეპასუხა ჩემთვის, რომ მიუღებელი იყო მისთვის ჩემი სიყვარული. შეურაცხყოფილი გამოვიქეცი მისგან. ვბრაზობდი მასზე და საკუთარ თავზეც. მოსვლისთანავე გავაქრე მასთან ყველა საკონტაქტო სივრცე და გადავწყვიტე, სამუდამოდ დამევიწყებინა. რამდენიმე თვე გავიდა. ერთ დღეს,სამსახურში მომაკითხა, მითხრა რომ უჩემოდ გატარებულმა თვეებმა, მიახვედრა, რომ ძალიან ვუყვარდი და არ სურდა ჩემს გარეშე არცერთი დღის გატარება. გამარჯვების სიმხურვალემ შემიპყრო, გავიქეცი და გადავეხვიე, მას შემდეგ, არცერთი დღე არ ყოფილა მის გარეშე.

ოჯახი:

ჩვენი სიყვარული შედგა, გადავწყვიტეთ თანაცხოვრების ტკბილი უღელი დაგვედგა. დღითიდღე იზრდებოდა ჩემი სიყვარული მის მიმართ. ყოველ წამს გაოცებაში მოვყავდი,როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი კეთილი, მზრუნველი, მომთმენი, როგორ ვყვარებოდი ისე, რომ უპირობოდ აეტანა ჩემი ყველა ხუშტური თუ ახირება. არცერთი წამით არ მინანია, რომ ცხოვრება მას დავუკავშირე. არც მისი ასაკი და არც ჩვენს შორის არსებული ეთიკური ბარიერი არ ჩამითვლია მისი დათმობისთვის საკმარის მიზეზად. ვაცნობიერებდი, რომ დიდი ადამიანი ავირჩიე ცხოვრების მეგზურად და ამაყი ვიყავი ჩემი სიყვარულით.

ტრაგედია:

სიყვარულში გადიოდა დღეები, თვეები, წლები და აი,უკვე ჩვენმა სიყვარულმაც გამოიღო ნაყოფი. ბედნიერებისგან, ცას ვეწიეთ, გვიხაროდა და ვგეგმავდით როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ახალ ამპლუაში. ყველაფერი ისე არ მოხდა,როგორც ჩვენ ვგეგმმავდით და ისევ მარტო დავრჩით, ჩვენ ორნი და მოგონებები ენნიზე - ჩვენი სიყვარულის უდიდეს გამოვლინებაზე.

განშორება:

ტრაგედიამ მეტად დაგვაახლოვა,მაგრამ მაინც განშორება გახდა საჭირო. ახლა ერთად ვართ,ორ სხვა და სხვა, ერთმანეთისგან კილომეტრებით დაშორებულ ქვეყანაში.

ურთიერთობა:

ამ წლებმა მასწავლა,რომ არაფერია სიყვარულზე ძვირფასი. არავის და არაფრის გამო, არ ღირს მასზე უარის თქმა. თუ გადაეყარე, ხელი უნდა ჩასჭიდო და არსად გაუშვა. ახლა,წლების მერე ვფიქრობ და არაფერს შევცვლიდი. წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, იმ ძლიერ და გაბედულ გოგოს ყველას აზრს რომ გადაუდგა და თან შიშით გული უკრთოდა, ვეტყოდი,მოითმინე - ღირს.

აგრეთვე წაიკითხეთ: