Digest Logo

მსხვერპლის ტანჯვამ აღაგზნო და ორგაზმი განიცადა, შემდეგ კი გაგუდა - სერიული მკვლელის უცნობი ამბავი

1618749888
ტრაგედია ინდონეზიაში

12 წელიწადი ეძებდნენ საბჭოთა მილიციელები ანდრეი ჩიკატილოს. როცა დააკავეს, 36 ადამიანის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, მან კი 53 აღიარა. მანიაკის მსხვერპლთა შორის იყვნენ ქალები და ბავშვები. სასამართლო ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. როსტოველი მოსამართლის მიერ სასჯელის უმაღლესი ზომის გამოცხადებას დარბაზი ტაშით შეხვდა.

თავად სიკვდილმისჯილს ბოლო წუთამდე არ სჯეროდა, რომ მართლა დახვრეტდნენ. ნოვოჩერკასკის ციხის თანამშრომლები, სადაც მანიაკი განაჩენის აღსრულებას ელოდა, იხსენებდნენ, რომ ჩიკატილო ყურადღებით ადევნებდა თვალს თავის ჯანმრთელობას, ყოველ დილით ვარჯიშობდა, ბევრს კითხულობდა და უსასრულოდ წერდა საჩივრებს გამომძიებლებსა და მოსამართლეზე...

მკვლელის გული

ჩიკატილოს დასჯას ყველა მოუთმენლად ელოდა. არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ცდილობდა მანიაკის ტვინის დასაკუთრებას. იმასაც ამბობდნენ, თითქოს იაპონელები 20 მილიონ დოლარს იხდიდნენ მისი ნაცრისფერი ნივთიერების თუნდაც ერთ მომცრო ფრაგმენტში. მაგრამ სად და როდის დახვრიტეს ჩიკატილო, სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, რომელთაც კარგა ხნის განმავლობაში სიტყვაც არ დასცდენიათ და მხოლოდ მოგვიანებით უამბეს ჟურნალისტების ნანახისა და განცდილის შესახებ.

1994 წლის 14 თებერვალს, ცივ და ქარიან დღეს, როცა ყინვა -17 გრადუსს აღწევდა, ნოვოჩერკასკის ციხიდან გამოიყვანეს ადამიანი, რომლის დანაშაულებებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ბადრაგმა, სპეცჯგუფმა და პროკურორმა, სიკვდილმისჯილთან ერთად, დანიშნულების ადგილს ერთი საათის მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს. ალაყაფის გავლის შემდეგ შენობაში აღმოჩნდნენ, სადაც ექიმი ელოდებოდათ. ჩიკატილო ოთახში იატაკზე დასვეს. სუფთად გაპარსულ სახეზე სიმშვიდე ეტყობოდა. როგორც ჩანს, მან დაუჯერა მცველებს, რომლებმაც უთხრეს, რომ მოსკოვში გადაჰყავდათ გამოკვლევებისთვის.

შემოვიდა პროკურორი, რომელიც სასამართლოზე ბრალდების პოზიციას გამოხატავდა და დოკუმენტები შეამოწმა. ჯგუფის უფროსმა თქვა: „წავედით“. ყველა აფორიაქდა და გრძელი დერეფნით სარდაფის ბოლოსკენ გაემართნენ. მარცხნივ, ბოლოში, ერთადერთ ღია ოთახში პროკურორმა მანიაკს განაჩენი წაუკითხა. ჩიკატილომ მხოლოდ იქ შეიტყო, რომ შეწყალებაზე უარი ეთქვა. „ახლა რა, დამხვრეტენ?“ - იკითხა მან. დუმილი უსიამოვნოდ გაიწელა. ბოლოს, პროკურორმა ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა: „აღასრულეთ განაჩენი“.

იმავე წამს სიკვდილმისჯილისგან მარცხნივ კარი უხმაუროდ გაიღო. მცველებმა ჩიკატილო მკვეთრად მიაბრუნეს იქით და წაუბიძგეს. ორიოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ჩიკატილო კარს მიეფარა. კიდევ ერთი წამის შემდეგ ყრუ ტკაცუნი გაისმა. ეს გასროლის ხმა იყო. საათი 20:00-ს უჩვენებდა. დამსწრეებმა სასწრაფოდ მოაწერეს ხელი აუცილებელ საბუთებს და წამოიშალნენ.

სიკვდილით დასჯის ოთახში პირველი ექიმი შევიდა. ჩიკატილო თავდაღმა იწვა. მისი გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და ნატყვიარიდან სისხლის უხვ ნაკადს ერეკებოდა. ვიღაცამ წინადადება წამოაყენა, ერთხელაც ესროლათ, მაგრამ ექიმმა თქვა, რომ ეს საჭირო არ იყო.

* * *

ჩიკატილოს სხვადასხვა მეტსახელს ეძახდნენ: „ცოფიანი მხეცი“, „როსტოველი მფატრავი“, „მოქალაქე X“, „წითელი მფატრავი“. 1978-დან 1990 წლამდე მან 53 ადამიანი მოკლა: 21 7-დან 16 წლამდე ასაკის ბიჭუნა, 14 9-დან 17 წლამდე ასაკის გოგონა და 18 მოწიფული ქალი.

ის 1936 წელს დაიბადა უკრაინაში. 1946 წელს, როცა ხალხი, ფაქტობრივად, შიმშილობდა სახლიდან არ გადიოდა, რადგან ეშინოდა, რომ დაიჭერდნენ და შეჭამდნენ. დედამისი უყვებოდა, რომ გოლოდომორის დროს (დიდი შიმშილობა უკრაინაში 1932-1933 წლებში, როცა ასიათასობით ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთი შეფასებით, ეს ციფრი მილიონსაც აჭარბებს) თითქოს მისი უფროსი ძმა სტეპანი მოიტაცეს და შეჭამეს. თუმცა არსებობს ვერსია, რომ სტეპანი თავისივე მშობლების შიმშილით სიკვდილისგან გადარჩენას შეეწირა.

1964 წელს ჩიკატილომ ცოლი შეირთო, მომდევნო წელს ქალიშვილი ლუდმილა შეეძინა, ხოლო 1969 წელს - ვაჟი. მუშაობდა ფიზკულტურისა და სპორტის რაიონულ კომიტეტში, მოგვიანებით - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად...

პირველი მკვლელობა

1978 წელს პირველი მსხვერპლი მოკლა - 9 წლის ელენა ზაკოტნოვა. გოგონა დაპირებით შეიტყუა მეძავების ასაყვანად დაქირავებულ ბინაში, რომ „ამერიკულ კევს“ მისცემდა. როცა გახდა დაუწყო, შეშინებული ბავშვი აწივლდა და თავის გათავისუფლება სცადა. ჩიკატილოს შეეშინდა, ხმაური მეზობლებს არ გაეგოთ, გოგონას ზედ დააწვა და მოგუდა. მსხვერპლის ტანჯვამ მანიაკი აღაგზნო და ორგაზმი განიცადა. შემდეგ გვამი და სასკოლო ჩანთა მდინარეში გადაყარა.

ორ დღეში ცხედარს მიაგნეს და სხვა ეჭვმიტანილი, ალექსანდრ კრავჩენკო დააკავეს, რომელსაც ადრე 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი გაუპატიურებისთვის. კრავჩენკოს ცოლმა ალიბი მისცა და გამოაშვებინა. თუმცა ერთი თვის შემდეგ მან მეზობლის ბინა გაქურდა, მილიციამ დააკავა და ნაქურდალი ნივთები სხვენში უპოვა. საკანში კრაჩვენკოს მკვლელი და ნარკომანი მიუსვეს, რომელიც სცემდა და აიძულებდა, ელენა ზაკოტნოვას მკვლელობა ეღიარებინა. კრავჩენკოს ცოლს კი უთხრეს, რომ თანამონაწილეობისთვის მასაც დაიჭერდნენ. შეშინებულმა ქალმა ყველაფერს ხელი მოაწერა.

ცოტა ხანში ზაკოტნოვას მკვლელობა კრავჩენკომაც დაიბრალა. მას ჯერ 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა გოგონას ოჯახმა ბევრი იბრძოლა, საქმე სამჯერ გამოიძიეს ხელახლა და ბოლოს მაინც დახვრეტა მიუსაჯეს. 1983 წელს ალექსანდრ კრავჩენკო დახვრიტეს დანაშაულისთვის, რომელიც ჩიკატილომ ჩაიდინა.

სისხლიანი „სერიის“ დასაწყისი

პირველმა მკვლელობამ ჩიკატილო შეაშინა და სამი წლის განმავლობაში არავინ მოუკლავს. 1981 წელს მან 17 წლის მეძავი ლარისა ტკაჩენკო ტყის ქარსაცავ ზოლში წაიყვანა სქესობრივი აქტისთვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მაშინ ჯერ დამცირება დაუწყო, მერე დანით რამდენჯერმე დაჭრა, პირი მიწით ამოუვსო, დაახრჩო და ძუძუთა კერტები მოაკბიჩა. მომდევნო წელს მსხვერპლი 12 წლის ბირიუკი გახდა. მკვლელობათა სერია დაიწყო.

1982 წლის განმავლობაში ჩიკატილომ საერთო ჯამში 9-დან 16 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვი მოკლა. მათ ჯერ ავტობუსების გაჩერებებსა და სადგურებში გამოელაპარაკებოდა, შემდეგ მოკლე გზის, ლეკვების, მარკების, კომპიუტერის, ვიდეომაგნიტოფონის ჩვენების მომიზეზებით ტყის ზოლისკენ იტყუებდა. ჩიკატილო წინ მიაბიჯებდა, შემდეგ უეცრად მობრუნდებოდა და მსხვერპლს დანით ესხმოდა თავს. დამახინჯებულ გვამებზე სამოცამდე ჭრილობას პოულობდნენ, ბევრს მოჭრილი და მოჭმული ჰქონდა ცხვირები, ენა, გენიტალიები და ძუძუები, თვალები - ამოჩიჩქნილი. მსხვერპლთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ის იშვიათად ახერხებდა და ორგაზმს მაშინ განიცდადა, როცა გვამს ასოთი შეეხებოდა.

დაპატიმრება

მკვლელობებმა პიკს 1984 წელს მიაღწია, როცა ჩიკატილომ ერთ წელიწადში 15 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მან მომარაგების სისტემაში დაიწყო მუშაობა და მთელ საბჭოთა კავშირში უწევდა მოგზაურობა, რაც ძალიან აწყობდა. 8 აგვისტოს პირველი მივლინებით ტაშკენტში წავიდა და 12 წლის გოგონა მოკლა.

იმავე წლის სექტემბერში როსტოვის ბაზარში საეჭვო ქცევისთვის დააკავეს. ქალებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეტორღიალებოდა, ხოლო მეძავთან ორალური აქტი პირდაპირ ვაგზალში ჰქონდა. უპოვეს თოკის ორი ხვეული, ვაზელინის ქილა. აუღეს სისხლის ანალიზი და გამოარკვიეს, რომ მეორე ჯგუფის სისხლი ჰქონდა. შემდეგ მონაცემები შეადარეს მისი ერთი მსხვერპლის გვამზე აღმოჩენილ სპერმას, რომელიც მეოთხე ჯგუფის აღმოჩნდა, და გაუშვეს...

შემდეგ დიდი აჟიოტაჟი ატყდა ჩიკატილოს უნიკალური ბიოლოგიური თვისების შესახებ, რომ მისი სისხლის ჯგუფი განსხვავდებოდა ორგანიზმის გამონაყოფების ჯგუფისგან, რომ ასეთი შემთხვევა მილიონში ერთია, რომ ეს მისთვის საუკეთესო დაცვა იყო. თუმცა მოგვიანებით დადგინდა ნამდვილი მიზეზი, რომელიც ძალიან ბანალური აღმოჩნდა: სინჯისთვის აღებული მასალა მიკრობულად ცუდად იყო დაცული და ამიტომაც აჩვენა განსხვავებული შედეგი.

თავისი პირველი დაპატიმრების შემდეგ ჩიკატილომ კიდევ 21 ადამიანი მოკლა.

ოპერაცია „ტყის ზოლი“

დრო გადიოდა, მაგრამ ტყის ზოლში მკვლელობები გრძელდებოდა. ამიტომ 1985 წელს საბჭოთა კავშირის კომპარტიის კონტროლით დაიწყო სსრკ ისტორაში ალბათ ყველაზე მასშტაბური ოპერატიული ღონისძიება ერთი ადამიანის დასაჭერად. ოპერაციის მსვლელობისას შემოწმდა 200 ათასზე მეტი ადამიანი, გაიხსნა 1062 სხვა დანაშაული, შეგროვდა ინფორმაცია 48 ათასი ადამიანზე სექსუალური გადახრებით, სპეცაღრიცხვაზე აიყვანეს 5845 პირი, შეამოწმეს 163 ათასი მძღოლი. სამხედრო ვერტმფრენები რკინიგზებსა და მიმდებარე ტყის ზოლებს აკონტროლებდნენ.

სპეციალური საგამომძიებლო ჯგუფის უფროსმა ფსიქიატრ ალექსანდრ ბუხანოვსკის დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა სთხოვა. ბუხანოვსკის დასკვნით, მკვლელი არ იყო არც ფსიქიკურად დაავადებული, მარგინალური ტიპი ან ჰომოსექსუალი. მისი დასკვნით, დამნაშავე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული საბჭოთა ადამიანი იყო, ოჯახით, შვილებითა და სამსახურით.

გადაცმული მილიციელები მუდმივად მატარებლებში მგზავრობდნენ. ისინი ტაგანროგი-დონეცკი-როსტოვი-სალსკის მარშრუტის მთელი სიგრძეზე მორიგეობდნენ. ჩიკატილო, როგორც სახალხო რაზმელი, თვითონაც მორიგეობდა ვაგზლებზე და ამდენად, საკუთარი დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. ის ფრთხილობდა და 1986 წელს არავინ მოუკლავს.

მომდევნო წლიდან კი მკვლელობები განახლდა. ბავშვების გვამებს რეგულარულად პოულობდნენ, ზოგჯერ ქალაქ როსტოვის ცენტრში, ავიატორების პარკსა და ბოტანიკურ ბაღში. ჩიკატილო კვლავდა სხვა ქალაქებშიც, სადაც მივლინებით უწევდა ჩასვლა - ზაპოროჟიეში, ლენინგრადში, მოსკოვში...

1990 წელს ჩიკატილომ კიდევ 8 ადამიანი მოკლა. ბოლო მსხვერპლი 22 წლის მეძავი სვეტლანა კოროსტიკი იყო. 6 ნოემბერს, როცა მისი მკვლელობის შემდეგ მანიაკი ტყიდან გამოდიოდა, ის მილიციელმა შეაჩერა და საბუთები მოსთხოვა, გვარის დაფიქსირების შემდეგ კი გაუშვა.
რამდენიმე დღის შემდეგ კოროსტიკის გვამი იპოვეს. ექსპერტიზამ მისი გარდაცვალების დრო დაადგინა. გადამოწმების დროს ჩიკატილოს გვარმა ყურადღება მიიქცია, როგორც ადრე უკვე დაკავებულმა. 17 ნოემბერს მილიციამ თვალთვალი დააწესა, ხოლო 20 ნოემბერს ჩიკატილო აიყვანეს. მისი ბინის ჩხრეკისას სამზარეულოს 23 დანა და ფეხსაცმელი აღმოაჩინეს, რომლის ანაბეჭდი ერთ-ერთი მსხვერპლის გვერდით ნაპოვნ ანაბეჭდს დაემთხვა.

დაკითხვა 10 დღეს გრძელდებოდა, მაგრამ მკვლელი არაფერს აღიარებდა. პირდაპირი სამხილები არ არსებობდა. გამოძიებამ ფსიქოლოგ ბუხანოვსკის მიმართა. მასთან გასაუბრების შემდეგ, 30 ნოემბერს ჩიკატილომ მკვლელობები აღიარა და ჩვენების მიცემა დაიწყო. მას 36 მკვლელობას აბრალებდნენ, მანიაკმა კი 56 აღიარა.

ჩიკატილომ თავის მოგიჟიანება სცადა, თუმცა სამგზის ჩატარებულმა სასამართლო-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ მისი სრული შერაცხადობა ცნო. მას სიკვდილი 15 ოქტომბერს მიუსაჯეს (განაჩენის კითხვა 14-ში დაიწყო და მეორე დღეს დასრულდა). სამი მკვლელობა ვერ დამტკიცდა და ამიტომ პასუხი 53 მკვლელობისთვის და აგრეთვე არასრულწლოვანთა გახრწნის რამდენიმე შემთხვევისთვის მოეკითხა. 1994 წლის 4 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა შეწყალების თხოვნა უარყო და 14 თებერვალს კი მანიაკი მკვლელი დახვრიტეს.