Digest Logo

პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები - მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა

1609870809
მზია მაღლაკელიძე და უცხო პლანეტელები

მსახიობი მზია მაღლაკელიძე რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს და თავის ერთადერთ შვილს, მომღერალ ნუცა შანშიაშვილს, შვილის გაზრდაში ეხმარება.

მსახიბი მზია მაღლაკელიძე ჟურნალ „სარკეს“, იმ მოვლენებზე ესაუბრა, რომლებიც კაცობრიობას დღემდე ვერ აუხსნია და ახლაც უამრავ კითხვას ბადებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ქალბატონო მზია, საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანი დღეს ოკეანის გაღმა, ამერიკაში ცხოვრობთ. ამბობთ, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდიო. გჯერათ ბედისწერის, რომ ადამიანები გარდაუვალ მომენტებს ვერ ასცდებიან?

– კი, მჯერა ბედისწერის, მაგრამ იმისიც მჯერა, რომ ადამიანი ძლიერია და, თუ მოინდომა, ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

– თქვენ თუ შეგიცვლიათ თქვენი ბედისწერა?

– ხან შემიცვლია, ხან – არა.

– თქვენს ცხოვრებაში ყოფილა უჩვეულო, ამოუცნობი მოვლენა, როგორიც კაცობრიობისთვის ჯერჯერობით ამოუხსნელია?

– როგორ არა, იყო. დღემდე მახსოვს, 1963 წელს, სოხუმში ყოფნისას, ჩემი ოთახის ფანჯარაში უცხოპლანეტელი რომ ვნახე. ამის შესახებ არსად არაფერი მითქვამს, არც სატელევიზიო ეთერში და არც პრესაში, ეს ამბავი არც ერთ ჟურნალ-გაზეთში დაწერილა. თქვენ პირველი ხართ, ვისაც ამის შესახებ ვუყვები. შეგიძლიათ თქვათ, რომ ექსკლუზივია!

მაშინ სოხუმის თეატრში ვმუშაობდი. ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, ღამით სახლში რომ დავბრუნდი, ვერ დავიძინე. რატომღაც ჩემს გმირზე, ჩემს როლზე და საერთოდ ცხოვრებაზე ფიქრები ამეკვიატა. ოთახში სინათლე ავანთე, ფანჯარა გავაღე და ლოგინზე წამოვწექი.

გაზაფხულის მშვენიერი საღამო იყო. ჩემი სახლი ბელეტაჟიანი იყო, ხოლო საწოლი ფანჯარას ებჯინებოდა. როგორც გითხარით, ლოგინზე წამოვწექი და ფიქრებში ჩავიძირე. უცებ დავინახე, რომ ჩემს ფანჯარასთან რაღაც მოფრინდა. ეს არსება ფანჯრის რაფას დაეყრდნო, მაგრამ ხელები ჩემს საწოლზე გადმოჰყო. წარმოიდგინეთ, მე ვწევარ, ის კი პირდაპირ სახეში მიყურებს.

დიდი და მრგვალი თავი ჰქონდა, იყო ძალიან შავი, როგორც მუგუზალი, ჰქონდა შავი თმა და ამ თმებში გამოკვეთილი იყო ყურები. თვალები, ცხვირი და ტუჩები თითქოს დაახატესო. თვალები ისე უბრჭყვიალებდა, თითქოს ცეცხლს აფრქვევდა. ხელები გრძელი და ყვითელი ჰქონდა, ჩონჩხივით იყო.

ეს რომ დავინახე, შიშისგან ხმა ჩამივარდა და გაშტერებული ვუყურებდი. ვერაფერი გავაკეთე, ვერც გავინძერი. მე მას ვუყურებდი, ის – მე. ასე გაგრძელდა დაახლოებით 2 წუთი, მაგრამ მე საუკუნედ მომეჩვენა. უცებ ეს არსება წამოიწია და ჩახტა, მერე კი ნელა გაფრინდა.

ის რომ გაფრინდა, შეშინებულმა საბანი თავზე წავიფარე და ასე შეშინებული, გაშეშებული ვიყავი რამდენიმე ხანს. ვერაფერი გავაკეთე, ვერაფერი მოვახერხე. როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აღარავინ იყო, სასწრაფოდ ავდექი და ფანჯარა დავკეტე.

– ეს ამბავი არავისთვის მოგიყოლიათ?

– მეორე დღეს თეატრში რომ მივედი და მოვყევი, წუხელ უცხოპლანეტელი ვნახე-მეთქი, მეგობრებმა ცოტა სხვანაირად შემომხედეს, ალბათ იფიქრეს, გააფრინაო. კოლეგებს ასეთი რეაქცია რომ ჰქონდათ, აღარავისთვის არაფერი მითქვამს.

ამ ამბიდან წლები გავიდა და გარდაიცვალა ჩემი ოჯახის ახლობელი, თეატრის დიდი მოყვარული, პროფესიით გინეკოლოგი დათიკო ბიბილეიშვილი (მსახიობ მედეა ბიბილეიშვილის მამა). ახლობლები ვიყავით და პანაშვიდზე მივედი. იქ უცხოპლანეტელებზე ჩამოვარდა საუბარი. ერთმა ქალმა თქვა, რამდენიმე ხნის წინ სოხუმში უცხოპლანეტელები ნახესო. ის უცხოპლანეტელებზე რაღაცებს ყვებოდა, მე კი ვუსმენდი. ბოლოს ჩემი ამბავი მოვყევი, მაგრამ, კოლეგებისგან განსხვავებით, არავის გაკვირვებია.

ამ ამბიდან გავიდა გარკვეული პერიოდი და გასტროლებით ჩავედი იუგოსლავიაში. ერთ დღეს მე და ჩვენი ლიტერატურული ნაწილის გამგე, ლილი ფოფხაძე, იუგოსლავიის ქუჩებში ვსეირნობდით და ნოდარ გურაბანიძე შეგვხვდა. გვითხრა, ამა და ამ კინოთეატრში უცხოპლანეტელებზე არაჩვეულებრივ ფილმს აჩვენებენ, რომელსაც არაერთი „ოსკარი“ და პრიზი აქვს მიღებულიო. ჩვენც წავედით.

ფილმი მართლაც საინტერესო და კარგი იყო, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამაა. ამ ფილმში სწორედ ისეთი უცხოპლანეტელები აჩვენეს, რომლებიც ვიზუალურად იმ არსებას ჰგავდნენ, ჩემს ფანჯარაში რომ იხედებოდა. მათ დანახვაზე თავი ვეღარ შევიკავე და დავიყვირე: „ვაიმე, ლილი, ეს ხომ ვნახე!“. გარშემომყოფები ჩემკენ მობრუნდნენ და გაოცებულები მათვალიერებდნენ. აი, ასეთი უცნაური სასწაული გადამხდა თავს.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ ჩაივლის წლის პირველი კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რჩევები და გაფრთხილებები

ნაცრისფერი უცხოპლანეტელები მართავდნენ სამყაროს და იწვევდნენ ომებს - ახლა ნათელი კოსმიური ენერგიები გამოჩნდნენ - ცაგარელი

ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელის ქორწინება 2021 წელს?

წყარო: ჟურნალი „სარკე“