1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა გამორჩეული მამულიშვილი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა. მისი სიკვდილის შესახებ დღემდე უამრავი განსახვავებული ვერსია არსებობს. ყველა ვერსიის თანახმად, ეს ადამიანი უშიშრად შეხვდა სიკვდილს.
გთავაზობთ ნაწყვეტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გამოსვლიდან, რომელიც მან 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს, ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა.
„ერთ მაგალითს გიამბობთ, აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე, ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ, თანდათან, დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული, დავითი (ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა - მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო.
სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს, წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს, თუნდაც, ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავას და მისი მეგობრების წამებაში”.
ჟიული შარტავას მკველობა
ჟიულის გარდაცვალების ძირითადი ვერსიით, ის გუდაუთამდე არ ჩასულა. ქალაქიდან გასვლისას, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეაჩერეს. ამას ისიც ადასტურებს, რომ დაღუპულთა ცხედრების ნაწილი, სწორედ იქაა ნაპოვნი. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო: იმ აფხაზთა შორის, რომლებმაც შტურმით აიღეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭო, სამი აფხაზი იყო. მათ უნდა გადაერჩინათ ჟიული შარტავა და მისი გარემოცვაც. ეს ამბავი ერთ ადამიანს, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს, უამბო ერთ-ერთმა აფხაზმა. გზაზე ისინი აფხაზურმა დაჯგუფებამ შეაჩერა და ცეცხლი გაუხსნა. ჟიული მანქანიდან გადავიდა საქმის გასარკვევად. მას ის სამი აფხაზიც მიჰყვა. მათ დამხვდურებს აუხსნეს, რომ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გუდაუთაში არძინბასთან მოსალაპარაკებლად მიჰყავდათ და მას ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა მიცემული. იქითა მხრიდან კი მიიღეს პასუხი, რომ არავითარი ხელშეუხებლობის გარანტია არ არსებობდა და სროლა ატეხეს. პირველად, ჟიულის ერთ-ერთ მცველს ესროლეს. ჟიულიმ თქვა - ამას რას ემართლებითო და მასაც ესროლეს. ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ჟიულს ფეხებში და თავში ესროლეს.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
მოჭრილი თავი, დასახიჩრებული ცხედარი, დამწვარი ბავშვი - საქართველოში მომხდარი სატანისტური მკვლელობები
თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია
კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ