ჟურნალ „სარკეში“ 85 წლის კაცის მონათხრობი ქვეყნდება, რომელიც 23 წლის წინ მომხდარ შემზარავ ამბავს იხსენებს. ბატონ გივის თავისი გვარის თქმა არ სურს, თუმცა ის შვილიშვილს ეძებს და ამბობს, რომ 23 წელია საშინელი ამბავი გულს უტეხს.
„ჩემი შვილიშვილი ბიჭი 1998 წლის 10 დეკემბერს ნახალოვკაში დაიბადა. ბავშვი შავგრემანი იყო, ჯანმრთელი, მაგრამ მეორე დღეს გვითხრეს, რომ გარდაიცვალა.
პატარა ჩასასვენებელი დავამზადებინე და 12 დეკემბერს სამშობიაროში მივედი, რომ ბავშვის ცხედარი წამომეღო. იქ წინააღმდეგობა გამიწიეს, არ მატანდნენ. მე დიდი ამბები ავტეხე. როდესაც შეატყვეს, რომ არ წავიდოდი, მითხრეს, წავსულიყავი და ზეწარი მომეტანა.
ზეწარი როცა მოვიტანე, მანქანა უკანა კართან მიმაყენებინეს და ჩქარ-ჩქარა გამომიყვანეს ბავშვი. მე ზეწარი არ გამიხსნია. დავკრძალეთ ბავშვი და შემდეგ მოხდა ისე, რომ სხვა სასაფლაოზე უნდა გადამესვენებინა.
ცხედარი როდესაც ამოთხარეს, მხოლოდ შავი ცელოფანი დამხვდა, რომელშიც რაღაც იყო გადახვეული. გავხსენი და ხელში ინდაურისა და ქათმის ფეხები შემრჩა. გავნადგურდი. ჩემი შვილიშვილის ნაცვლად ქათმის ფეხები დამაკრძალინეს“, - ამბობს „სარკესთან“ გივი.
მისი თქმით, დედას შვილი არც მოუკითხავს, ისე წავიდა თავის სახლში.
„ვიცი, ვის მიაშვილეს. მათ ოჯახს კარგად ვიცნობ. ბავშვი ზუსტად იმ დროს იშვილეს, როდესაც ჩემი შვილიშვილი „გარდაიცვალა“. მაშინ თანამდებობის პირი იყო ის კაცი. ახლა ისეთი მდიდრები არიან. ამას წინათ ერთს ვთხოვე, აღმიწერე ის ბავშვი ახალა როგორია-მეთქი და ზუსტად ჩემს შვილს ჰგავს“, – ჰყვება კაცი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ თქვა უარი დათო ლიკლიკაძემ კულტურის მინისტრობაზე
🔵56 გარდაცვალება, 2 039 ინფიცირება, 2 192 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში
🔵„ღმერთო გადმოგვხედე და ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად გონიერების ბუსტერი დაგვიმატე, გთხოვ“ - კულუმბეგოვი