Digest Logo

რატომ თქვა უარი დათო ლიკლიკაძემ კულტურის მინისტრობაზე

1631860265
ჟურნალისტი და მსახიობი

მსახიობი და ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე 2014 წელს დაწერილ პოსტს სოციალურ ქსელში აზიარებს და ხუმრობით იხსენებს, თუ რატომ თქვა უარი მინისტრობაზე, რომელიც არავის არასდროს შეუთავაზებია. „დაიჯესტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2014 წელს დავწერე. ვიღაცამ გააცოცხლა ძველი პოსტი, მაგრამ ისე მესიამოვნა მინდა თქვენც წაიკითხოთ.


რატომ ვთქვი უარი კულტურის მინისტრობაზე და რატომ არ ამიხდა ოცნება
(ნახევრად ხუმრობით)

ცოდვა გამხელილი სჯობს. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მინისტრობაზე. ნებისმიერი უწყების მინისტრობაზე. აი, მაგალითად სიამოვნებით გავხდებოდი კულტურის მინისტრი. პირველად ამის შესახებ ჩემი ბავშვობის მეგობარს დავით ჯანდიერს გავენდე. „რატომაც არა“ მითხრა მან. მე როცა საქართველოს პრეზიდენტი გავხდები დამჭირდება შენნაირი კულტურის მინისტრიო. შემდეგ რომ გავიზარდეთ და თავად გახდა მინისტრის მოადგილე ( იუსტიციის მინისტრის) მივწერე კიდეც შენ ისე დაიწყე მე მგონი მართლა გავხდები კულტურის მინისტრი.

„რატომაც არა“ მომწერა ზუსტად ის სიტყვები რომელიც 20 წლის წინ მითხრა და აი ვიცდი ამდენი ხანია და მინისტრი ვერ ვხდები. არადა წარმოვიდგინე ვარ მინისტრი. წარმადგინეს. პირველ ზარს ვაკეთებ დედაჩემთან არა იმიტომ რომ „დედიკოს ბიჭი“ ვარ, უბრალოდ მგონია რომ ყველაზე გულწრფელად მას გაუხარდება. „დედა მე მინისტრი ვარ ! მი-ნი-სტრი .... “

- მოიცა, არ გამითიშო... ეზოში გავალ (პაუზა)... უიიი მინისტრი ხარ? ესე იგი მინისტრი ხარ. მინისტრი გახდი. ანუ მინისტრი გახდები მივხვდი, რომ გვერდით მეზობლებს შამუგიებს და მარუაშვილებს აგონებს . „ნუ იხარჯები დედა , ყველა არხი გადმოსცემს და ისედაც გაიგებენ,“ - ვამშვიდებ მე.

ამის შემდეგ ვჯდები მინისტრის სავარძელში და ვჩურჩულებ მე მინისტრი ვარ... მე მინისტრი ვარ... ამისთვის მე ათეულობით წელი ვიცდიდი, მაგრამ ( აქ თამთა ცხვიტავას ხმით და წამღერებით ) არაფერს არ ვნანობ ... არაფერს არ ვნანობ...

პირველი ვიზიტი თბილისს გარეთ, რა თქმა უნდა ქუთაისშია. „ჩემი ბიჭი დაბრუნდა“ პირველი, მსახიობი მაგდა გერაძე ( ჩემი ოჯახის ახლობელი და პირადი მეგობარი) მეგებება . მე ყველას ვართმევ ხელს კაპელდინერებს, დამლაგებლებს, გარდერობის თანამშრომლებს. სულ ვიღიმი „ღმერთო რა უბრალოა, სულ არ შეცვლილა“... მესმის ტექპერსონალი ქალების ჩურჩული. „ამხელა იყო ამხელა... რეკვიზიტიდან ვერ ვიცილებდით“ გამაგონა ერთმა.

შემდეგ რადისტებთან ავაჭრი. კიბეებზე ჩქარა ავრბივარ ისე რომ ძლივს მეწევიან ქალაქის მერი, თეატრის მმართველი და ადგილობრივი ჟურნალისტები. რადისტები გულში მიკრავენ ნანის და ნაირას საკმარისად მეტხანს ვყავარ გულში ჩახუტებული და ზურგზე თანაკლასელებივით ხელს მიტყაპუნებენ.

„ხომ ვამბობდი, არა, სულ ვამბობდი“ გაყვირის მაგდა გერაძე არტისტების გასაგონად. თან ვხვდები როგორ ამაყობს ჩემი მინისტრობით. დაჭირვებით აბა მე მას არ დავჭიდები. ისედაც ვინ რას გაუბედავს თეატრში. შემდეგ ბენუარის ლოჟას მიღებენ იმ ლოჟას მე-6 კლასში რომ ვიყავი და გამომაგდეს მაშინდელმა ადმისტრატორებმა აქ მთავრობა უნდა დაჯდეს იარუსზე ადიო. მაგრამ მე ამას არ გავიხსენებ. პატარა ადამიანი ხომ არ ვარ. მინისტრი ვარ. მომწონს მინისტრი რომ ვარ. შემდეგ სახლში მივდივარ. ჩემს სახლში სადაც დავიბადე, სადაც მინისტრობას უამრავი წელი ველოდი, სადაც მამაჩემი განერიდა ამ ქვეყანას, სადაც ჩემი და მცემდა, სადაც დედაჩემი მაშინებდა თუ ოთხიანი გამომყვებოდა ამ „ლუსტრაზე“ ჩამოვიხრჩობ თავსო. იქვე ბაწარსაც მაჩვენებდა, რომელიც „კამოდში“ ჰქონდა შენახული თვალსაჩინოებისთვის. ჩავჯექი ჩემი სახლის სავარძელში, პიჯაკი გავიხადე და ლოგინისკენ მოვისროლე. მერე წამოვხტი და პიჯაკი უკანვე ავიღე, რადგან გამახსენდა, რომ ამ პიჯაკს ასე დაგდებულს რომ ნახავდნენ ჩემები ან შამუგიებში უნდა მეძებნა ან მარუაშვილებში. ასე მიყრიდნენ ფანჯრიდან ნივთებს, რომელსაც უწესრიგოდ მიმოვფანტავდი. მერე ჩემი თავი შემეცოდებოდა. ახლა მაინც რისი გეშინია მინისტრი ხარ შე საცოდაო. მერე ყველას შეშუდებოდა ჩემი . განსაკუთრებით ნათესავებსა და ახლო მეგობრებს. მერე ვიღაცები შავ პიარს ამიგორებენ.

მერე იმას იტყვიან მაგი „იმნაირი“ ხომ არ არის აბა ცოლი რატომ არ ჰყავსო. ამას იმ ფოტოებითაც განამტკიცებენ სხვადასხვა რესტორნებში მაგიდებზე და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების აუზებზე რომ მაქვს გადაღებული. მერე ოსეთის ვიდეოს დადებენ , ეს უზრდელი ბანაკებს როგორ ხელმძღვანელობდა, ალბათ ბავშვებიც გარყვნაო. მერე „საზოგადოებრივი აზრი“ - ეს კოლექტიური პროსტიტუტი აბობოქრდება. ჩემი მეგობრები შოკში ჩავარდებიან და დედაჩემი კომაში. მერე პრემიერი დამიძახებდა და მეტყოდა „თქვენით გადადგებით თუ“ ...
მერე ჩემით არ გადავდგებოდი.

ამ კაბინეტიდან მკვდარს თუ გამიტანდენენ, თორემ ცოცხალი როგორ გამოვიდოდი. მერე მომხსნიდნენ და რომელიმე რეგიონული თეატრის რემონტისათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დამადანაშაულებენ და დამიჭერენ... არ მინდა ბატონო მინისტრობა. მართლა არ მინდა. არასოდეს გავხდები მინისტრი. ეს ფანდი იყო, ოინი. მართლა არ მინდა მინისტრობა. მერე თამაზ ჭილაძის სპექტაკლი გამახსენდება მსახიობ ევა ხუტუნაშვილს რომ ათქმევინებს „ჩიტების ბაზარში“:

ვენაცვალე ამ მთავრობას, დღეს მინისტრის ცოლი ხარ, ხვალ აღარ იქნები! აბა ჩვენ უბრალო ხალხი, იმ თარგზე ვართ მოჭრილი, ცხოვრების გვირაბში რომ შევა და გამოვა ...

მართლაც ვენაცვალე ამ მთავრობას, ოცნებები რომ არ ამიხდა. მე ხომ იმ თარგზე ვარ მოჭრილი, რომელ გვირაბშიც მინდა, თავისუფლად შევალ და გამოვალ...“ - წერს ლიკლიკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გასკდა გული!... ციხეში ხომ მაინც შეიძლება ცოტა სიმკაცრე? ციხის მაინც რომ ეშინოდეს ადამიანს“ - გადელია

🔵ახალმა „მონსტრმა“ ვარიანტმა შესაძლოა, დელტა შტამი საბავშვო თამაშად აქციოს - ფაუჩი

🔵რამდენი ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში აცრის შემდეგ