
„როცა პატარა ვიყავი, ოჯახი ყველანაირად ცდილობდა ომზე ინფორმაცია არ მოეწოდებინა. ჩემთვის სრულიად ბუნებრივი მოვლენა იყო „საზღვარი“ და არც მიჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ არ ვსარგებლობდით საზღვრით, რატომ დავდიოდით მალულად ტყით, რატომ მეუბნებოდა დედაჩემი, რომ ჩუმად უნდა ვყოფილიყავი, რადგან შეიძლებოდა დავეჭირეთ. ვერ ვაცნობიერებდი, თუ რატომ უნდა დავეჭირეთ ან საერთოდ ვის უნდა დავეჭირეთ“, - ასე იწყებს „დაიჯესტთან“ საუბარს გალელი გელა ხასაია და უკვე ვხვდები, რომ წინ მე და ჩემს მკითხველს ისეთი მოგზაურობა გველოდება, არასდროს რომ არ გამომიცდია - მოგზაურობა აფხაზეთში.
ქართველი ახალგაზრდებისთვის აფხაზეთის ომი შორეულ, მითოლოგიურ ამბად ჩანს. სინამდვილეში კი, ისტორიის გადმოსახედიდან, ეს ამბავი ცოტა ხნის წინ მოხდა. გეოპოლიტიკური შედეგი უკვე სახეზეა, თუმცა ამის მიღმა დიდი ტკივილი და ადამიანური ამბები იმალება.
გელა ხასაიამ „დაიჯესტთან“ ბავშვობა და აფხაზეთთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენა:
ყველაზე ემოციური ამბავი აფხაზეთიდან
პირველი, რაც მძიმედ მახსენდება, ეს არის 2008 წელი. ემოციურად მძიმე პერიოდი იყო. მაშინ 11 წლის ვიყავი და უკვე გაცნობიერებული მქონდა რაღაცები. შიში სუფევდა აფხაზეთში, გვეგონა, რომ ჩვენთანაც საომარი სიტუაცია დაიწყებოდა. სრული პანიკა გვქონდა, მახსოვს შეშინებული სახეები, რომლებიც იმაზე ფიქრობდნენ საფრთხის შემთხვევაში, სად გაქცეულიყვნენ.
Ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობა
წლების წინ ძალიან რთული იყო ურთიერთობა. 13 წლიდან სოხუმში დავიწყე სიარული და მაშინ ქართულად საუბარი მეკრძალებოდა.
ქართულად საუბრის გამო, მაღაზიიდან გამოვუყრივართ და გამყიდველებს უკან მოუდევნებიათ სიტყვები, რომ ჩვენ, ქართველებმა მას შვილი მოვუკალით. ასეთი ამბები ხშირი იყო.
ამ პერიოდში ახალგაზრდებიც დაყოფილები ვიყავით - გალელებად და აფხაზებად. არ გვქონდა კომუნიკაცია და ვერ ვმეგობრობდით, თუმცა წლების შემდეგ ეს სურათი შეიცვალა. ახალგაზრდებმა გვერდით გადავდეთ პოლიტიკა. მე პირადად ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი მყავს და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
Სახლი, აფხაზეთი
2 წელზე მეტია, რაც სახლში არ ვყოფილვარ. პირველი მონატრება არის სახლი (ოჯახი). ძალიან მენატრება ყველა ქუჩა, ზღვა, მთა. სანაპიროზე სეირნობა ყველაზე მეტად მენატრება. მენატრება ის დანგრეული ადგილები, სადაც ხშირად დავდიოდი მეგობრებთან ერთად. საზღვრის აქეთ კომუნუკაციის ნაკლებობაა. აქ უფრო ინტერნეტის თაობაა. იქ კი საუბრის, სეირნობის, ლაშქრობების. მიუხედავად იმისა, რომ იქ არც კლუბი გვაქვს და არც სხვა გასართობი ადგილები, მაინც ყველაზე კარგი პერიოდი სოხუმში მქონდა.
შიში
შიში, რა თქმა უნდა, გვაქვს ყველას. არაფრისგან ვართ დაცულები. Მით უმეტეს, გალელები მივიწყებყლები ვართ ქართველებისგანაც და აფხაზებისგანაც.
რაც ყველაზე მთავარია, ერთი არასწორი განცხადება თუ გააკეთა საქართველომ, ამაზე პასუხისგება იქაურ გალელებს გვიწევს.
Გზავნილი დევნილებს
დევნილებს ვეტყოდი, რომ ბევრი უნდა ისაუბრონ აფხაზეთზე, ინფორმაცია უნდა გასცენ, რათა ეს თემა მივიწყებას არ მიეცეს. ასევე, მინდა ვთხოვო, რომ ნუ ექნებათ აფხაზების ზიზღი. ისინიც მსვერპლნი არიან.
მიწა ხალხის გარეშე არაფერია, მთავარია ერთმანეთი შევიყვაროთ და ამის მერე ყველაფერი თავისით დალაგდება.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
კი, ოდესღაც დედოფალიც ახალგაზრდა იყო - ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ის
მისტიკის დასასრული - ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნილია