ნეტარი ეკატერინა ქრისტესთვის სალოსი, რომელიც ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მსახურობდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. დღეს, გლახაკი ეკატერინე, პატრიარქის კურთხევით, ამავე ეკლესიის ეზოში, მამა ვიტალის საფლავთან ახლოს დაკრძალეს.
გლახაკი ეკატერინეს შესახებ, სავარაუდოდ, ბევრმა დღეს გაიგო. ინფორმაცია, მისი გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვინ იყო „კაწკა“, რომელიც პატრიარქის კურთხევით, მამა ვიტალის საფლავთან დაკრძალეს
„მოგონებები გლახაკი ეკატერინეს შესახებ, რომლის ამბავიც ბევრმა დღეს გავიგეთ
„ერთხელ ნაყინს ჭამდა თავის ნაკბეჩი მოაგლიჯა და მომაწოდა, თან ჩუმად მიყურებდა რას ვიზავდი, რომ არ წყენოდა გამოვართვი და შევჭამე, ძალიან გაუხარდა"
„ცუდი ის არის, რომ ამდენ სიკარგეს გარდაცვალების შემდეგ ვიგებთ, ზაფხულში მწვანე დუტის ქურთუკით მოვიდა ჩემთან ახლოს ტაძარში, მომეფერა და ჩამეხუტა. არ მინდოდა მისი მოფერება და განრიდება ვცადე, არ ვიცოდი ვინ იყო, ძალიან ვნანობ და განვიცდი, იქნებ მომიტევოს ჩემი უგუნური საქციელი.“
„ძალიან საყვარელი იყო. ვიცოდი ვინც იყო და რა მადლსაც ატარებდა. გაგონილი მქონდა ყველასგან არ იღებდა შესაწირს. ერთხელ მივაწოდე და მიყურა 2 წუთი და შემდეგ მოკრძალებით გამომართვა მიმანიშნა მივხვდი.“
„განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები, დიდი სითბოთი და სიყვარულით ლოცავდა მათ.“
„ტაძრის სტუმარი აუცილებლად შეამჩნევდა უცნაურ ბებოს, კატიას, რომელიც ხან თავისთვის ჩუმად ლოცულობდა, ხანაც ჩხუბითა და ხმაურით დარბოდა და სხვადასხვანაირ უცნაურობებს ჩადიოდა..“
„ერთხელ მძიმე მარხვის პერიოდში, წირვაზე დგომისას მომიახლოვდა კატია და რაღაც ფუნთუშები მომაწოდა, რომელსაც თვითონ ჭამდა. მოვუბოდიშე, არ მინდა-მეთქი, თან სეფისკვერის მიღება მინდა-მეთქი, მოვიმიზეზე, მაგრამ არ მომეშვა და მითხრა, - ხომ ჭამეო დილას სეფისკვერი?! (როცა წირვაზე მივდიოდი დილით მაინც რამდენიმე სეფისკვერს ,,ვჭამდი“). ამ ნათქვამმა შემაშინა და გამოვართვი ეს ფუნთუშა და დავიწყე ჭამა. თავზე მეფერებოდა და იცინოდა თან, მითხრა ჭამეო, ხაჭოს ფუნთუშა არისო, კარგიაო! ამის თქმაზე გავბრაზდი, მეთქი მარხვაზე ვარ და დამარღვევინე-თქო.. ზუსტად იმ დღეებში, დამთხვევასავით, ვკითხულობდი მჯდომარე ანასტასიაზე, რომელიც მარხვის პერიოდში არასამარხვოთი უმასპინძლდებოდა ზოგ მისულს და ამით მათ მარხვას ამხელდა, რომელიც მარტო საჭმლისგან თავშეკავება იყო..“
„ერთხელაც 8 მარტს, მეუფე ზინობის მიცვალების დღეს, ჩვეულებრისამებრ პატრიარქს ელოდებოდნენ და ძალიან ბევრი ხალხი იყო. ტაძრის შიგნით კორიდორი გააკეთეს, რათა პატრიარქს გაევლო და მრევლი ორივე მხარეს მჭიდროდ იდგა. ამ კორიდორში კი კატია იქეთ-აქეთ დარბოდა და ხან ერთს მიუვარდებოდა ჩხუბითა და ხმაურით, ხან სხვას თბილად და მოფერებით. ამ დროს მე ცოტა ღრმად ვიდექი და შევამჩნიე ხელში კანფეტი ეჭირა და ის იყო, უკვე ჩაირბინა და თითქმის გადიოდა ტაძრიდან, რომ რატომღაც გავიფიქრე, ნეტა მომცემდეს ამ კანფეტს. კატია შემობრუნდა, ჩემკენ გამოიხედა და აჩქარებული ნაბიჯებით წამოვიდა. გაწი-გამოწია ხალხი და სანამ მომიახლოვდა, მე უკვე ცივმა ოფლმა დამასხა შიშისგან, მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა, კანფეტი ჯიბაში ჩამიტენა და გაიქცა.“
„მინახავს ძალიან ბევრჯერ მასთან მოტირალნი და როგორ ანუგეშებდა და ეფერებოდა.“
„არ ვიცი ვინ იყო, სალოსი იყო თუ არა, უბრალოდ, მის სიახლოვეს ყოფნა რაღაცნაირ სიმშვიდეს განიჭებდა, ბევრ რამეზე დაგაფიქრებდა და მერე თვითონაც გიკვირდა ეს მდგომარეობა...“- ვკითხულობთ ფეისბუქ გვერდზე „საქრთველოს იმედი“.
თუ თქვენც გაქვთ ისტორიები ნეტარი ეკატერინეს შესახებ, დაწერეთ კომენტარებში.