
39 წლის სოსო ჩიკვილაძე ვაკეში, ორსართულიან კერძო სახლში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე და ორი ტყუპი შვილი, რომლებიც სწავლით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები, ისინი უმეტეს დროს „გულაობაში“ ატარებდნენ.
სოსოს სახლში არც მეტი და არც ნაკლები საიდუმლო სეიფი ჰქონდა, სადაც მილიონობით მანეთს ინახავდა.
ინფორმაციამ კი მამის საიდუმლო სეიფის შესახებ მისი შვილებისგან გაჟონა. როგორც მამიკოს ნოდარმა უთხრა – ორი დღის წინ რესტორან „არაგვში“ ქეიფობდა მეგობართან ერთად და კამათის დროს უთქვამს – რას „მებლატავები“, მამაჩემს სახლში მილიონი მანეთი უდევს სეიფშიო. სეიფი ოსტატურად იყო გახსნილი. ნიანგის ტყავისგან შეკერილ ჩემოდანში მოთავსებული ფული და ძვირფასეულობა – მთელი „კუში“ ჩემოდნიანად წაეღოთ.
სოსო ჩიკვილაძემ ფულის დასაბრუნებლად კანონიერ ქურდებს – „ძიბოსა“ და „კალიას“– ვასო ჩომახიძესა და ბესიკ კოჭლამაზაშვილს უხმო. ქურდებმა ტუღუში „დააგოიმეს“. „დააფქვევინეს“, რომ ფული და ძვირფასი სამკაულები თავის ბიძაშვილს, 32 წლის ლევან ტუღუშს მოაპარინა. „ძიბომ“ და „კალიამ“ ლევანიც მოიხელთეს და „კუში“ წაართვეს. თუმცა, შეპირებულ 100 ათასს არ დასჯერდნენ და მილიონი მანეთი და კოლიე გაიტაცეს. სოსო, ფაქტობრივად, სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგა.
მას მოსკოვში ფული უნდა ჩაეტანა, თორე მთელი კორუფციული სქემა იშლებოდა, რადგან „კრიშა“ აღარ ეყოლებოდა და მას დიდი ალბათობით მოკლავდნენ. ამიტომ დახმარებისთვის მილიციას მიმართა. მილიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ესაუბრა, ყველაფერი მოუყვა და ასი ათას მანეთს შეჰპირდა. პოლკოვნიკმა ანდრო გეთიაშვილმა „ძიბო“ და „კალია“ ოპერატიულად, ოღონდ ფარულად დააკავა და ისე დაამუშავა, რომ მათ მოპარულის დამალვის ადგილი ათქმევინა, თუმცა წამების დროს ორივე შემოაკვდა. ფული და ძვირფასეულობა ვაკეში, ჩიკვილაძის ბინაში მიუტანა და გასამრჯელო 100 ათასიც მიიღო. მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ჯგუფი დაადგა თავს. გეთიაშვილი, მისი ორი ხელქვეითი და სოსო იქვე დააპატიმრეს და თან მილიონი მანეთი და ბრილიანტის კოლიეც ამოიღეს. სამინისტროში მიყვანილებს კი განზრახ მკვლელობის, მკვლელობაში თანამონაწილეობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი სახსრების მითვისებაში დასდეს ბრალი. სამივე ბრალდება დახვრეტას ითვალისწინებდა და სოსო ჩიკვილაძე სამმაგ განსაცდელში იმყოფებოდა...
ჩიკვილაძისა და მილიციელების დაპატიმრება ახლად დანიშნული ცეკას პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით მოხდა. იმ დროს შევარდნაძე თავისი ძალაუფლების დამკვიდრება-განმტკიცებას ცდილობდა. ჩიკვილაძეს მილიცია კარგა ხანს უთვალთვალებდა და მასზე სამხილებს აგროვებდნენ. ამას ქურდების მკვლელობის ეპიზოდიც დაემატა და შევარდნაძეს ყველა კოზირი ხელში ეჭირა.
თუმცა იმავე ღამეს მოსკოვიდან გალინა ბრეჟნევამ შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და ჩიკვილაძის გათავისუფლება კატეგორიულად მოსთხოვა, რაზეც უთხრეს, რომ მათ ასეთი პატიმარი არ ჰყავდათ. ამ დროს გალიამ კი უკიდურესი ნაბიჯი გადადგა. ყველასთვის მოულოდნელად, მამის პირადი თვითმფრინავით სულ რაღაც სამ საათში თბილისში ჩაფრინდა და „კაგებეს“ თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს, სამსახურში მიუვარდა, სკანდალი აუტეხა და თავისი ფავორიტი სოსო ჩიკვილაძე გაათავისუფლებინა.
გალიამ კი ჩიკვილაძე მოსკოვში წაიყვანა. მილიონი მანეთი მიხეილ შვეიცერს მიუვიდა. ბრილიანტის კოლიემ კი გალინა ლეონიდოვნა ბრეჟნევას კოლექციაში დაიკავა ადგილი.
ედუარდ შევარდნაძე გაცოფებული იყო, თუმცა, როგორც მას სჩვეოდა, არაფერი შეიმჩნია და ერთი კვირის შემდეგ თბილისში დაბრუნებულ ჩიკვილაძესაც არავინ შეხებია. მკვლელი მილიციელები კი – გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს...
სოსო ჩიკვილაძე 1983 წელს, ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ, ცოლ-შვილთან ერთად მოსკოვში გადასახლდა, რადგან შევარდნაძის შურისძიების შეეშინდა. თუმცა, გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ დროს მოსკოვში მცხოვრები სოსო ჩიკვილაძე უცნობებმა გაიტაცეს და მას მილიონი დოლარი და უამრავი ძვირფასეულობა „აახიეს“.
ქრთამები და სოსო
სოსო ჩიკვილაძე, ეგრეთ წოდებული, უმაღლესი სასწავლებლების „ობშჩიაკის“ მოლარე იყო, ანუ იმ მაფიის, რომელიც აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ქრთამით აწყობდა. ჩიკვილაძე თავად ლექტორი იყო და ერთ-ერთ ინსტიტუტში მისაღები საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. მას მერე, რაც მთელი „ობშჩიაკი“ მასთან მოიყრიდა თავს, სოსო ფულს გადაანაწილებდა. საქართველოში მისაცემ ქრთამს პირველ რიგში გაისტუმრებდა, ბოლოს კი მოსკოვში მიჰქონდა თანხა და მიხაილ შვეიცერს აბარებდა, რომელიც განათლების სამინისტროში, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ამასთან, არც გალინა ბრეჟნევასთვის ნაყიდი ძვირფასეულობის მირთმევა ავიწყდებოდა.
გალიჩკა, როგორც მას ჩიკვილაძე მიმართავდა, ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი იყო. მას ძვირფასი სამკაული და სიმპათიური მამაკაცები ძლიერ ხიბლავდა და, რადგან სოსოც ამ კაცების რიგში ირიცხებოდა, თავზეხელაღებული ქალი ჩიკვილაძის ვიზიტისგან ორმაგ სიამოვნებას იღებდა. მორიგი მოსკოვური ვოიაჟის წინ სოსო ჩიკვილაძემ აღმოაჩინა, რომ შვეიცერისთვის მისატანი მილიონი მანეთი და 100 ათას მანეთად ღირებული, გალიჩკასთვის განკუთვნილი ბრილიანტის კოლიე საიდუმლო სეიფიდან გაქრა.
სტატიაში მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
სექსუალური შევიწროვება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს
ვინ იყო ქართველი ექიმი, რომელიც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა
წყარო: old.tbiliselebi.ge