უფლებათა დამცველი ანა აბაშიძე წერს რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი შშმ პირს მართლმსაჯულებაზე უარი უთხრა. აბაშიძე აცხადებს რომ ის საქმეზე ბრძოლას საზღვარგარეთ გააგრძელებს.
„ბავშვს აქვს სუიციდის მცდელობები, დედა დგას სიცოცხლის რისკის ქვეშ და ამ დროს:
ბავშვის საქმე განიხილა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ორივე ინსტანციის სასამართლო გაეცნო ბავშვის სიცოცხლისთვის რისკის შემცველ არაერთ მტკიცებულებას, განიხილა პროფესიონალების მოსაზრებები ბავშვის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ და ვერ დაინახა ბავშვის და დედის სიცოცხლის დაცვის მიზნით მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა.
აი ასეთია სასამართლო დღეს! ბრაზისგან ვიწვი!“ - წერს ანა აბაშიძე.
აბაშიძე საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს:
„PHR-მა 2021 წლის 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა პატარა ბიჭის ლ.ხ.-ს და მისი დედის დაცვის მიზნით. სასამართლოს არც პირველმა და არც მეორე ინსტანციამ ბავშვის და დედის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, არაფერი გააკეთა.
საქმე ეხება 17 წლის ლ-ს, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს თბილისში. ლ-ს აქვს აუტისტური სპექტრის დარღვევა, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობით და ქცევის დარღვევით. სასამართლოსთვის დაუყოვნებელი მიმართვის საფუძველი გახდა ბავშვის უმძიმესი ქცევითი აშლილობა, რომელიც შეიცავდა ბავშვისა და დედის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რეალურ, ყოველდღიურ რისკებს.
ბავშვი ყოველდღიურად იყენებს ფიზიკურ დაზიანებას ასევე აზიანებს დედას. რის გამოც ორივე იმყოფებიან მძიმე მდგომარეობაში. დაზიანებები იმდენად მძიმეა რომ მათი კვალი დიდ ხანს რჩება სხეულზე. ამტვრევს ავეჯს, ამსხვრევს შუშის დეტალებს რომელიც განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია ბავშვისთვის. ჭარბი წონის და ფიზიკური ძალის გამო, დედის მხრიდან, შეუძლებელია ბავშვის აგრესიული ქცევის მართვა, მისი დამორჩილება და მისი დაცვა დაზიანებისგან. ბავშვის მიღებაზე უარი თქვა როგორც ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ, ასევე დღის ცენტრმა, რომელიც ქცევის გამოწვევის მქონე ბავშვებს დახმარებას უწევს. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი სათანადო სერვისი, რომელიც ბავშვს და დედას სიცოცხლის ხელყოფის საფრთხისგან დაიცავს.
სასამართლოს მიეწოდა დეტალური მტკიცებულებები (ფოტო, ვიდეო, სხვა სახის დოკუმენტები) ბავშვის და დედის ფიზიკური დაზიანებების და სიცოცხლის რისკის თაობაზე. ასევე მიეწოდა პროფესიონალების წერილობითი მოსაზრებები ბავშვის და დედის დაცვისთვის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ და ამის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა მოთხოვნები.
ბავშვის და დედის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების სწრაფი დაკმაყოფილების მიზნით, PHR-მა საქართველოს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, აუცილებელი სახელმწიფო სერვისების შექმნამდე, დაუყოვნებლივ განხორციელებულიყო:
შესაბამისი პროფესიონალების მიერ, 18 საათის განმავლობაში ბავშვზე ინდივიდუალური ზრუნვა (უსაფრთხოების მიზნით);
ბავშვისთვის ქცევითი თერაპევტების მომსახურების მიწოდება;
პროფესიული კონსილიუმის გამართვა.
ბავშვის საქმე განიხილა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ორივე ინსტანციის სასამართლო გაეცნო ბავშვის სიცოცხლისთვის რისკის შემცველ არაერთ მტკიცებულებას, გაეცნო დედის წინაშე არსებული საშიშროებები, განიხილა პროფესიონალების მოსაზრებები ბავშვის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ და ვერ დაინახა ბავშვის და დედის სიცოცხლის დაცვის მიზნით 18 საათიანი ინდივიდუალური დამხმარის და თერაპევტის დანიშვნის საჭიროება. სასამართლომ მხოლოდ კონსილიუმის დანიშვნის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც დღემდე არ ჩატარებულა. სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვირიტიშვილი მიუთითებს:
„მივიჩნიე, რომ არ არსებობს მომჩივანის მიერ მითითებული, ლ.ხ.-ს ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანების ან, მით უფრო სიცოცხლის ხელყოფის მყისიერი საფრთხე. მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალიდანაც ამგვარი საფრთხე მკაფიოდ არ იკვეთება: კადრებში ჩანს ლ. რომელიც მშვიდია და მორჩილად ასრულებს დედის მითითებებს.“
რა ჩანს სინამდვილეში კადრებში:
ლ.-ს ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 7 ვიდეო ჩანაწერი. მათგან ორ ვიდეოში ჩანს ბავშვი, ერთ ვიდეოში დედის სხეულის დაზიანებები და დანარჩენში ბავშვის მიერ დაზიანებული ავეჯი და კედლები.
ვიდეო #1 (21 წამი): ჩანს ბავშვის დაზიანებული მაჯა, რომელზეც ჭრილობებია და ისმის დედის ხმა: „მოიცა ლ. აქ სისხლი მოგდის, დაიცა ერთი წუთით, გაჩერდი, ნახე როგორ ჟონავს, არ ჩერდება ეს სისხლი, რა...“.
ვიდეო #2 (22 წამი): კადრში ჩანს ლ, რომელიც წევს ლოგინში და ერთი ხელი, მაჯაზე ჭრილობების ადგილას აქვს გადახვეული ბინტით, ისმის დედის ხმა: „ხელი მაჩვენე, არ მოიცილო ეს, სისხლი მოგდის“ ბავშვი აჩვენებს ხელს.
დღეის მდგომარეობით, კვლავ არსებობს სიცოცხლის და ჯანმრთელობის ყოველდღიური რისკი როგორც ბავშვისთვის ისე დედისთვის. იმისათვის რომ ბავშვმა არ დაიზიანოს სხეული, დედა საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების საშუალებას აძლევს. ასეთ მომენტში ზიანის შესამცირებლად დედა იცვამს სქელ ქურთუკს და ელის, როდის გადაივლის ბავშვის მწვავე ქცევა.
PHR მიაჩნია, რომ, ბავშვის უფლებების დარღვევით, საქართველოს სასამართლო სისტემამ (ორი ინსტანცია) უგულებელყო ბავშვის და დედის აუცილებელი საჭიროებები და ამით საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
PHR განაგრძობს 17 წლის ლ.ხ.-თვის სამართლებრივ ბრძოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
🔵„დღეში 80 კაცი რომ ვირუსით კვდება, იმ ქვეყანაში აქცია დავაანონსოთ - ვერ ვხვდები, სწორია თუ არა“
🔵ეპიდსიტუაციის სერიოზულად გაუმჯობესებამდე ძალიან შორს ვართ – გამყრელიძე
წყარო: phr.ge