„ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდეს“, - ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე, კი ოლიმპიური ჩემპიონის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ზვიადაურის გათავისუფლება სააპელაციოში მოითხოვეს.
ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონია მოთავსებული 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და როგორც მათ განაცხადეს, სამომავლოდ დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით პოზიციები შეათანხმეს.
„გავასაჩივრეთ, საქმის დეტალები დავუკონკრეტეთ, გაცნობის შემდეგ რაღაც გარკვეული საკითხები შევუთანხმეთ და გვაქვს მოლოდინი სააპელაციო სასამართლოსი, რომ თელავის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში შეიტანს ცვლილებას და ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ფართოვდება თავდებთა წრე, მაგრამ ახლა თავს შევიკავებთ პიროვნებების დასახელებისაგან. გარკვეული ადამიანები შეემატნენ სხვადასხვა წრიდან, ყოფილი პოლიტიკოსები არიან, სპორტსმენები და ა.შ“, - აცხადებს ადვოკატი კახა ცნობილაძე.
მათ შორის ადვოკატებმა თქვეს, რომ ისინი მოწმეთა ბაზის გაფართოებას მოითხოვენ. ამ დრომდე ბრალდების მხარეს მხოლოდ 15 მოწმე ჰყავს საქმეში, თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა.
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა ასევე ისაუბრეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. როგორც ადვოკატები ამბობენ, ოლიმპიურ ჩემპიონს დისკოზი გაურთულდა და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულისთვის სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵VIDEO: „ვახო, ხომ არ გგონია მარტო ხარ?!“ - აჩი არველაძის მხარდაჭერა კოვიდინფიცირებულ ფეხბურთელს