Digest Logo

„ჯაფარას სახლში“ პოლიცია შეიჭრა - ვიდეო

1606666085
ჯაფარა სპორტ დარბაზში

რამდენიმე წუთის წინ, ფიტნეს კლუბ Reformerfitness შსს-ს წარმომადგენლები შევიდნენ. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ფიტნეს კლუბის თანამშრომლებიც იმყოფებიან. გამომძიებლის თქმით, დაწესებულების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა როგორც კლუბის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე ლაივ ჩართვაში ამბობს, პოლიცია თვითნებრუად შეიჭრა და არა სასამართლოს განკარგულებით. 

სამართალდამცველები ამბობენ, რომ კლუბი აკრძალულ ეკონომიურ საქმიანობას ახორციელებს და გამოძიება 248-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ლიკვიდაციას, ჯარიმას ან საქმიანობის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, სიმბოლურად აღნიშნული კლუბი პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ იქირავა:

“ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. სანამ რეგულაციები არსებობს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლი. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს ფართთან ერთად გიორგი [მფლობელი] და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ან ახლოს ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ სტუმრად მოხვიდეთ აქ, ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ”, – აცხადებს ჯაფარიძე.

Reformerfitness ადმინისტრაცია ინფორმაციას ფეისბუქ ლაივის საშუალებით ავრცელებს.

პოლიცის შეჭრამდე კი ფიტნეს კლუბმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ბათუმში არსებული ფიტნეს კლუბი „რეფორმერ ფიტნესი“ მუშაობას არ წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ვებგვერდზე ვრცელდება.

„რეფორმერ ფიტნესის გუნდი წარმოადგენს თავისუფალი, პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობას, გუნდს რომელსაც სჯერა, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე კაცობრიობისთვის.

ჩვენ შეგვეძლო გვეპოვა ხვრელი კანონმდებლობაში და გვერდის ავლით გაგვეგრძელებინა საქმიანობა, რისი უნარიც ნამდვილად გვაქვს, მაგრამ რადგანაც ეს უსამართლობა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და შედეგად ყველა უფრო და უფრო ვღარიბდებით, ჩავთვალეთ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც უფრო მეტად ვღარიბდებით მით უფრო მცირე რესურსი გვრჩება ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობასა და განათლებაზე ზრუნვისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა და არ შეგვეწყვიტა საქმიანობა“, - წერია ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად.

„მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად (თითქოს ეს ან მოქალაქეების ან მეწარმეების ბრალია) და ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უნდა გავწიროთ სიღარიბისთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დაკარგულ სიცოცხლეს.

ჩვენ, როგორც ბიზნესს კარგად გვაქვს გააზრებული ის ფინანსური და სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს ამ წინააღმდეგობას, თუმცა ამის მიუხედავად არ ვაპირებთ გაჩერებას.

შრომა არასდროს ყოფილა არც სირცხვილი და არც კრიმინალი“, - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ფიტნეს კლუბი არ ითხოვს გადასახადების გადამხდელთა ფულით ბიზნესის სუბსიდირებას.

„ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების გადამხდელთა ფულით ჩვენი ბიზნესის სუბსიდირებას, არც საბანკო სესხების პროცენტების თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების ფასების ხელოვნურ მართვას მთავრობის მიერ, არც სასესხო ვალდებულებების გაუქმებას, ჩვენ არ გვსურს სხვის ხარჯზე ცხოვრება.

ჩვენი დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია იმისკენ, რომ როგორც ჩვენი სფეროს კომპანიებს, ასევე ეკონომიკის სხვა ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს, უკლებლივ ყველას დაუყოვნებლივ მიეცეს თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება და საშუალება, გაიხსნას ქვეყნის საზღვრები და დაიწყოს თავისუფალი ეკონომიკური პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, კერძო საკუთრების და პიროვნების უფლება იყოს გარანტირებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.