საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება არაერთხელ დააანონსა. სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და მას არ ეშინია მართლმსაჯულების, რადგან თუ დააკავებენ, მის გასათავისუფლებლად ქართველი ხალხი იბრძოლებს.
დღეს, 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნამდვილად ჩამოვიდა. მან კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, ის სამართალდამცველებმა აიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტო „დაიჯესტი“ სისხლის სამართლის იმ საქმეების ჩამონათვალს გთავაზობთ, რაშიც ექსპრეზიდენტი ბრალდებულიც არის.
მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:
✔️სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
საუბარია 2006 წლის 28 იანვარს მომხდარ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. საკითხი ეხება გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.
✔️2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. „7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე“)
✔️სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით
✔️საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს, ვალერი გელაშვილსა და მის თანხმლებ პირებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ’“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,„ბ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, სხვადასხვა სასჯელის ვადა არ ჯამდება და მსჯავრდებულს ელოდება სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველაზე მაღალი სასჯელი. ამ შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს
🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე