როცა ბიჭი დაიბადა, მომავალი მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ. ის ან უნდა გაეშვილებინათ, ან ბავშვთა სახლში, საბჭოთა „პრიუტში“ უნდა გაზრდილიყო.
ბავშვის დედამ არჩევანი მოსკოვის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მთავარ ექიმს მიანდო…
რამდენიმე დღის დაბადებული ვალერი მოსკოვიდან მშობლიურ საქართველოში, ჩვილ ბავშვთა სახლში, იქიდან კი სენაკის ბავშვთა სახლში მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ დედას არ იცნობდა, პატარა ველერი ყოველ დღე დედას ელოდებოდა.
17 წლის იყო როცა თავის ტრავმა მიიღო, მაშინ ექიმები ვალერის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, ახლობლების ჩარევით ჩხოროწყუში მცხოვრებმა დეიდამ მოაკითხა.
დედა ისე გარდაიცვალა შვილს არასოდეს უნახავს. იცის, რომ ძმა ჰყავს, გიორგი. თუმცა ვალერისთან ურთიერთობა არც მან მოინდომა. იცის, რომ დეიდა ჩხოროწყუში ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწეა.
ერთხელაც ბავშვთა სახლის კარი ორმა ბიჭმა შეაღო და ვალერი იკითხა. აღმოჩნდა, რომ ისინი მამის მიერ გამოგზავნილები იყვნენ. მამა საპატიმროში სასჯელს იხდიდა.
ერთი ახალგაზრდა მისი ძმა იყო, მეორე ბიძაშვილი. ხობში მამისეულ ოჯაში მიიპატიჟეს.
ვალერი დედის გვარს ატარებს, ჩიტაიაა. მამა გვარად ბებურიაა. მერე მისმა ძმამ, აკაკი ბებურიამ ურთიერთობა გაწყვიტა.
ვალერის აქვს ეჭვი, რომ ეს ქონების გაყოფის შიშით მოხდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარც მამა გამოჩენილა.
სრულწლოვან ასაკს მიღწეულმა ვალერიმ კანონის შესაბამისად სენაკის ბავშვთა სახლი დატოვა და ქუჩაში აღმოჩნდა.
არ იცის, რატომ უარყვეს ყველაზე ახლობლებმა ადამიანებმა და რატომ გაიმეტეს ბავშვთა სახლის მკაცრი პირობებისთვის…
ერთ დღესაც, დედის განცხადება შვილის გაშვილების შესახებ სრულიად შემთხვევით ხელში ჩაუვარდა.
წაიკითხა და კიდევ ერთხელ გაუცოცხლდა წარსულთან დაკავშირებული კითხვები, კიდევ ერთხელ გაუახლდა ტკივილი და კიდევ ვერ უპასუხა თავის დასმულ შეკითხვას – რატომ?!
„სრულიად შემთხვევით დედაჩემის განცხადება ხელთ ჩამივარდა, ის სამშობიაროს ექიმს ჩემს გაშვილებას ან ბავშვთა სახლში გადაყვანას სთხოვს.
არავის ვუნდივარ, არა და ბავშვობიდან ფანჯარასთან ვიდექი და წლების განმავლობაში დედას ველოდებოდი.
მეგონა ლამაზი ქალი მოვიდოდა და სახლში წამიყვანდა, ასე ამ ფიქრებში გავიზარდე, რატომ მოხდა ასე, რა დავაშავე დაბადებისთანავე არ ვიცი, ვერ ვპულობ სიტყვებს“ – ამბობს ვალერი ჩიტაია.
ვალერის დედის წერილიდან ამონარიდში ვკითხულობთ, რომ 16 წლის გოგონამ ქორწინების გარეშე ჯარისკაცისგან შვილი მოსკოვში გააჩინა და სამშობიაროს ექიმს განცხადებით მიმართა.
„მე, ილიას ასული მადონა ჩიტაია, დავიბადე 1961 წლის 10 იანვარს, ვლადიმერ ჩიტაია სემიონოვის ძის ვაჟიშვილი.
გთხოვთ ჩემს ვაჟიშვილს მისცეთ სახელმწიფო დახმარება ან გააშვილოთ. ჩემი შვილის გაშვილებასთან, მეურვის აყვანაზე ან სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ პრეტენზიას არ გამოვთქვამ.
ჩემი ასაკი 16 წელია, მაქვს ყავისფერი თმა, ყავისფერი თვალები, განათლება კი, 10 კლასის. ვარ ქართველი გოგონა, ფსიქიატრთან აღრიცხვაზე არ ვარ“, – წერს ვალერის დედა.