Digest Logo

ჩემი წარმატება ბევრ ახლობელს არ ესიამოვნა - ლაშა ღლონტი

1603911119
მომღერალი ლაშა ღლონტი

მომღერალი, ექიმი და ბიზნესმენი ლაშა ღლონტი წარმოშობით ბათუმიდანაა, ამბობს, რომ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და სანატრელი პროფესიის დაუფლებაში თამაშის დროს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი.

ლაშა თბილისში ჩამოსვლას, მუსიკალურ სამყაროში მისი ძალების მოსინჯვასა და ცხოვრების განვლილ გზას ჟურნალთან „თბილისელები“ იხსენებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„გავიზარდე ბათუმის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, ამ ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას. ვცხოვრობდი მშობლებთან და დასთან ერთად. ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვთამაშობდი, უბრალოდ, გული დამწყვიტეს, ტრავმაც მივიღე და თავი დავანებე.

ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და უფალი არასოდეს მტოვებს, სულ ჩემ გვერდითაა. რასაკვირველია, იყო პრობლემები და წარმატებებიც და მადლობას ვწირავ უფალს იმისთვის, რაც მაქვს. თბილისში სტუდენტობის დროს ჩამოვედი და ბიძასთან, რეზო ღლონტთან ვცხოვრობდი. თავის დროზე საჩხერის რაიკომის მდივანი გახლდათ და ააყვავა საჩხერე. შემდეგ თბილისში მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე და მასთან სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი მსახიობები მწერლები, პოეტები და მომღერლები – ჯანსუღ ჩარკვიანი, რევაზ ლაღიძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ზაურ ბოლქვაძე, გურამ თამაზაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, ჰამლეტ გონაშვილი, გოგი დოლიძე, მაცაცო სებისკვერაძე, ვანიკო მაჭავარიანი, გია ყანჩელი... ამ ადამიანებთან მქონდა მეც ურთიერთობა, მათ თვალწინ გავიზარდე.

არ ვლაპარაკობდი, მხოლოდ ვუსმენდი მათ საუბარს, მათ ქცევებს ვაკვირდებოდი. სწორედ, ამ ადამიანებმა მომცეს „ვიზა“, მემღერა და მათ გამო გადავწყვიტე, დავმდგარიყავი დიდ სცენაზე. თუმცა, ნამდვილად არ ყოფილა ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი, იყო სიძნელეებიც. თუმცა, ნაკლებად ვინერვიულე წინააღმდეგობებზე და დაუნახაობებზე. განსაკუთრებით ამან იმძლავრა, როცა პოპულარული, ცნობილი და წარმატებული გავხდი. მაშინ შევამჩინე, ბევრ ახლობელ ადამიანს არ ესიამოვნა. ეს არ მაინტერესებდა, რადგან მიყვარდა ჩემი საქმე და ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. შეიძლება, გული მეტკინოს, მაგრამ ვიცი, უფალი არ მიმატოვებს. მთავარია, ჩემს საქმეს არ მოვწყდე. ადამიანებს ეშლებათ რაღაცები და მეც, მათ შორის. მე არაფერს ვაგრძნობინებ, „გავატარებ“, მაგრამ ეს ურთიერთობაზე მაინც აისახება. მოუხედავად ყველაფრისა, მართლა ბედნიერი ვარ და ხანდახან მეშინია ამის ხმამაღლა თქმის“, - ამბობს ლაშა ღლონტი.