Digest Logo

EMC აფასებს სამართალდამცავების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რათა მძევლად აყვანილი თითოეული მოქალაქე უვნებლად და მშვიდობიანად გადარჩენილიყო

1603362453
თავდამსხმელი

„მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ ამ ინციდენტში არჩევანი გააკეთა მძევლად აყვანილი მოქალაქეების სიცოცხლის სასარგებლოდ და არ გაზარდა მათი უსაფრთხოების ხელყოფის რისკები” - ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობას ეხმიანება.

EMC აფასებს სამართალდამცავების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რათა მძევლად აყვანილი თითოეული მოქალაქე უვნებლად და მშვიდობიანად გადარჩენილიყო.

„(EMC) მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ქალაქ ზუგდიდში ბანკის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება აწარმოოს მაქსიმალურად ეფექტურად, გამჭვირვალედ და უზრუნველყოს საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება. ამავდროულად, ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ამ ფაქტით მანიპულირებისგან პოლიტიკური და ვიწრო პარტიული მიზნებისთვის.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი ბანკის ოფისში შეიჭრა მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელი, მძევლად აიყვანა ოფისში მყოფი 43 მოქალაქე და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა როგორც ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია, აგრეთვე 500,000 აშშ დოლარი.

⭕ პოლიციამ თავდამსხმელის მოთხოვნები დააკმაყოფილა და სანაცვლოდ, 22 ოქტომბრის დილის საათებში მძევლად აყვანილი ყველა მოქალაქე გათავისუფლდა.

⭕ უპირველეს ყოვლისა, EMC სოლიდარობას უცხადებს ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს; აგრეთვე აფასებს სამართალდამცავების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რათა მძევლად აყვანილი თითოეული მოქალაქე უვნებლად და მშვიდობიანად გადარჩენილიყო. მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ ამ ინციდენტში არჩევანი გააკეთა მძევლად აყვანილი მოქალაქეების სიცოცხლის სასარგებლოდ და არ გაზარდა მათი უსაფრთხოების ხელყოფის რისკები, დამნაშავის დაკავების ინტერესით.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსტრემალური შემთხვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდას და საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უმოკლეს დროში უზრუნველყოს თავდამსხმელის დაკავება და მის მიმართ სამართლებრივი პროცესების წარმართვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

👉 აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. თავდამსხმელი პირის მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული იყოს პროპორციული და გონივრული ძალა იმ დათქმით, რომ საფრთხე არ შეექმნება სამართალდამცავების თუ რიგითი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

👉 შესაბამისმა ორგანოებმა და უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უზრუნველყოს მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირება გატარებული ღონისძიებების და გამოძიების მსვლელობის თაობაზე იმ დათქმით, რომ ამით გამოძიების ეფექტიანობას საფრთხე არ შეექმნება; აღნიშნულ შემთხვევაზე საზოგადოებაში მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, ამავდროულად, მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად ამცირებს მოქალაქეების დაცულობის განცდას და ამის საპირწონედ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა ზომებს ატარებს სახელმწიფო;

👉 პოლიტიკოსებმა, საჯარო პირებმა და მედია-საშუალებებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ფაქტის პარტიულ ჭრილში გადატანისგან, რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს ქვეყანაში პოლიტიკური ფონი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში;

👉 სამართალდამცავმა უწყებებმა მეტი აქცენტი გააკეთონ სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებაზე და ამ მიზნით შეიმუშაონ დანაშაულის პრევენციის სისტემური ხედვები” - ნათქვამია ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.