ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საქართველო-შვედეთის მატჩში ორი გოლი გაიტანა, კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ.
დაახლოებით 5 წლის იყო, როდესაც ფეხბურთის თამაში თბილისის ეზოში დაიწყო, 8 წლის ასაკამდე ბავშვთა გუნდ „ავაზაში“ თამაშობდა, 11 წლის ასაკში უკვე თბილისის „დინამოს“ სკოლაში თამაშობდა. მისი მამა ბადრი კვარაცხელია ცნობილი ფეხბურთელი იყო, თუმცა ხვიჩა ამბობს, რომ მამის თამაში არ ახსოვს და მხოლოდ ჩანაწერები აქვს ნანახი.
„მამაჩემმა კარიერის მანძილზე აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბევრი გოლი გაიტანა. მან მათი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ რონალდუ და მესი საუკეთესონი იყვნენ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მათზე კარგად თამაშობდა“, – ამბობს ხვიჩა რუსულ მედიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჟამად ფეხბურთელი ყაზანის „რუბინში“ თამაშობს და ამბობს, რომ როცა ფეხბურთს არ თამაშობს და თავისუფალი დრო აქვს, ფეხბურთელ მეგობრებთან ერთად ჰოკეის ან კალათბურთის საყურებლად დადის.
„თანაგუნდელების გარდა, ყაზანში თითქმის არ მყავს მეგობრები. როდესაც გუნდში თარჯიმანი (ზაზა) მუშაობდა, მასთან ერთად რესტორანში ხშირად დავდიოდი. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს რეალური დასვენების უფლებას მხოლოდ სამატჩო პაუზების დროს ვაძლევ. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული“, – ამბობს ხვიჩა.
როდესაც საქართველოშია, მეგობრებთან ერთად მოგზაურობს და ცდილობს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი ხანი არ ჰყავდა ნანახი. მისი მამა ბადრი კვარაცხელია Match TV-სთან ინტერვიუში გასულ წელს ამბობდა, რომ ხვიჩა არ დადის ღამის კლუბებში და არც ალკოჰოლს სვამს.
„როცა ჯერ კიდევ საქართველოში იყო, მაშინაც წვეთს არ სვამდა. ოჯახთან და მეგობრებთანაც რომ იჯდა, გასინჯვასაც არ ვთხოვდით. არ უყვარს, არ სურს... რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართველს ღვინო არ მოსწონს, მაგრამ ეს ყველაფერი კარგია. თუ შანსს სერიოზულად არ მიუდგები, მაშინ რუსეთში წასვლას აზრი არ აქვს. დარჩი საქართველოში - იცხოვრე, დალიე, ისეირნე“, – ამბობს მამა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
🔵ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად პოზირებს - „საუკეთესო ქალი და დედა ხარ“
🔵18 წლის შვილის სიკვდილი, ყოფილი ქმარი, კარიერა და ცხოვრების რთული პერიოდი - მაია ასათიანის პირადი
წყარო: sputnik-georgia.com