უკვე 21-ე დღეა ჟურნალისტი ზურა ბალანჩივაძე, ძმასთან ირაკლისთან ერთად, კორონავირუსს ებრძვის. ამ ხნის განმავლობაში მასზე იმდენი რამე გავიგეთ, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში რომ არ გვსმენია.
მის ფეისბუქ პოსტებს კორონავირუსული დღიურები უკვე დავარქვით და „დაიჯესტიც“ ჟურნალისტის სტატუსებს ყოველდღიურად უცვლელად გთავაზობთ:
დღე 21
უკვე ზუსტად სამი კვირაა, რაც კორონავირუსის სიმპტომები გამომივლინდა და წლევანდელი ოქტომბერი ფაქტობრივად ისე გადის, რომ გარეთ არც ვყოფილვარ. უკვე, ცოტა არ იყოს, მე და ირაკლის ეჭვიც კი გვეპარება ამ ოთახის გარდა სხვა სამყაროს არსებობაში.
ვიფიქრეთ, დროულად გადავალთ სამკურნალოდ და უფრო ადრე გავეწერებით, მაგრამ ჯერჯერობით ვართ ასე.
დღეს ფერიტინის ანალიზი აიღეს და ნორმაში გვაქვს, ხვალ კი გვიწევს მასშტაბური სისხლის ანალიზები და ეგებ გამოჩნდეს დადებითი დინამიკა, რომ ჩემს გაშვებაზე საუბარი დაიწყონ.
ასე რომ, დღეს იმედის დილა / Imedis Dila ასეთნაირად წავიყვანე.
უკვე ამ ფორმატსაც შევეჩვიე და ძალიან მიხარია, რომ საყვარელი საქმის გაკეთებას დისტანციურადაც ვახერხებ გარკვეულწილად.
არადა ამასობაში რამდენი სტუდიაში გასაკეთბელი ამბავი მოვაგროვე... მაგრამ გამოვიზოგავ.
უძილობაც სცოდნია კორონას. ძილის შებრუნება მიჭირს და ღამის 4 საათიდან ფაქტობრივად თვალი არ მომიხუჭავს. შესაბამისად, დღეს ისე ვარ არეული, რომ გულის აჩქარებებს და თან საერთო მოთენთილობას ამას მივაწერ.
ასეა, მსუბუქი, კატაბალახაზე დამზადებული მცენარეული დამამშივდებლები სვით, რომ მშვიდად ჩაგეძინოთ და პანიკასაც არ აყვეთ. ვალოკორდინის წვეთები ძილის წინ - 3-4 დღეში მიწესრიგებს პროცესს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსს ახასიათებს ორგანიზმის პრობლემური ორგანოებისა და ფუნქციებისადმი შეტევა და შესაბამისად, ამ მხრივ იყავით ყურადღებით.
ახლა პირბადის სწორად ტარების ერთ წარმატებულ მაგალითს გეტყვით: დედაჩემს დღეს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, არადა ადამიანს, ვისთნაც შეხება ჰქონდა, მეორე დღესვე აღმოაჩნდა ინფექცია.
დედაჩემს ნერვიულობის ნიადაგზე დაეწყო სიცხეები, თუმცა გადარჩა. იმიტომ, რომ ორივეს პირბადე სწორად ეკეთა, ხოლო დედა ხელებზე სანიტაიზერს ხმარობს.
ასე რომ, თუკი ყველანი ასე მოვიქცევით (ყველანი!), უარესს ავირიდებთ თავიდან. დღეს მეტით თავს აღარ შეგაწყენთ და იმედი მაქვს, მალე გაგვწერენ და მეც ნორმალურთან უფრო მიახლოებულ ცხოვრებას დავუბრუნდები“,- წერს ჟურნალისტი.