მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 5 ივლისს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ამ თემებზე აფხაზავამ „ბათუმელებთან" ინტერვიუში ისაუბრა.
„ერთ კვირაზე მეტია, რაც სახლიდან აღარ გავსულვარ, რადგან ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ვცდილობდი მეფიქრა როგორც დაზარალებულ ადამიანებზე, ასევე მოძალადეებზეც. ის მოძალადეც ქართველია და თურმე რამდენი ყოფილან. ახალგაზრდები, ჯანიანი ადამიანები. იმ მოძალადეებთანაც უნდა ვიმუშაოთ, რადგან თუ ამდენი მოძალადე ახალგაზრდა გვყავს, რომელიც არც მემეტება დასაჭერად, მაგრამ როცა ასეთ საქმეებს სჩადიან, როცა გამეტებით შეუძლიათ თავში ჩაარტყან, მოკლან, დაუზიანონ ჟურნალისტებს აღჭურვილობა, რა ვიცი აბა.
ვინც გადაამეტა უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა. იფიქროს და მოინანიოს. მაგრამ იქ სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ და ამ ძალადობრივი მუხტით ივსებოდნენ. რაღაცნაირად, პრევენციის გზებზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, რადგან ძალიან ბევრი მოძალადე ახალგაზრდები ვნახეთ.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ წაახალისა ეს აგრესია. ძალიან ბევრი დაუსაქმებელი ახალგაზრდაა, რომელიც არ მუშაობს, ვერ რეალიზდება, ვერც აღიარება დაინახეს რაიმე საქმეში, ვერ შედგა და ამიტომ იქ იპოვეს თავიანთი ადგილი, სადაც ძალადობრივი ნაპერწკლები გაჩნდა. ამის გამო ვიღაცამ შეაქო. სხვადასხვა მოძალადე ადამიანის ვიდეოებს ვუსმენდი და იქ ისეთ თემებზეა საუბრობენ, არც კი უკვირდებიან რას საუბრობენ, რას ლაპარაკობენ. აი მაგალითად, ჩვენ ვაჟკაცები, ჩვენ ქართველები და ასე შემდეგ. ვაჟკაცობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალს ხელი დაარტყა ან თუნდაც კაცს",- თქვა ლადო აფხაზავამ.
ლადო აფხაზავა ასევე პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ახლა „საქართველოს პრემიერმინისტრი არ ჰყავს". როგორც ის აღნიშნავს, ახალ პრემიერს ელოდება, რომელიც სიტუაციას „უფრო დაამშვიდებს".
„მე ველოდები ახალ პრემიერს, რომელიც უფრო დაამშვიდებს სიტუაციას, რომლისთვისაც მთავარი იქნება ადამიანების სიყვარული და თუ ქრისტიანი იქნება, ღმერთის სიყვარული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს და ველოდები. ჩვენ გვჭირდება პრემიერი, რომელსაც ექნება ადამიანური ღირებულებები. შეეშალოს თუნდაც საუბარში, თუნდაც ქოხში ცხოვრობდეს, ოღონდ ადამიანებზე იზრუნოს. ასეთ პრემიერს ველოდები",- განაცხადა აფხაზავამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ძირითადად ბავშვები დაზიანდებიან, იქნება ჟანგბადის ნაკლებობა“- გიორგი ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი
„ქალბატონო ეკუნა!“ თუ დამიჯერებთ იმაზე უკეთესი წამყვანი გამოჩნდებით, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით“