
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ლევან გოფოძე საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მასობრივი თავშეყრისა და საპროტესტო აქციების გავლენის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამის არცთუ სახარბიელო შედეგი ორი კვირის შემდეგ დადგება.
ექიმის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს მასობრივი თავშეყრის შედეგები ორ კვირაში დადგება და სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შედეგებზე მსჯელობა.
ამასთან, ლევან გოფოძის თქმით, ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„თქვენი კითხვა უფრო ეპიდემიოლოგებისკენ არის მიმართული, რადგან ისინი აკონტროლებენ სიტუაციას, მაგრამ დიდი თავშეყრები ყოველთვის შესაძლებელია იყოს ინფექციის გავრცელების ხელშეწყობის მომენტი. აქციების შედეგებს დღეს და ხვალ ვერ ვნახავთ. ორი კვირის განმავლობაში ამის შედეგები დადგება და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რა გავლენა მოახდინა ამან საერთო ეპიდვითარებაზე.
ფაქტია, ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ სერიოზულია. დამერწმუნებით, ყოველდღიურად 4000-ზე მეტი შემთხვევა საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი შემთხვევაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართებს ყველას აცრების თვალსაზრისით, სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით, რომ როგორმა თავიდან ავიცილოთ ეს ვითარება“, - განაცხადა გოფოძემ.
რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, გოფოძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციამ მასიურად მოიცვას მოსახლეობა.
„ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირდა და ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ყველასგან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაქცინაციამ მასიურად მოიცვას ჩვენი მოსახლეობა. კლებისკენ თუ არ წავიდა შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს იმ თვალსაზრისით, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა არ შემცირდება.
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მძიმე ფორმების რაოდენობა შევამციროთ, მძიმე ფორმების რაოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ვაქცინაცია. ფაქტია, რომ ვაქცინირებული ადამიანები ბევრად ნაკლებად ხვდებიან რეანიმაციაში.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით მუშაობს, დატვირთულია პაციენტებით, მათ შორის რეანიმაცია. ვნატრობთ იმ დროს, რომ პაციენტების რაოდენობა შემცირდება და მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმში გადავალთ“, - დასძინა ლევან გოფოძემ.
ინფორმაციისთვის, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა ფართომასშტაბიანი აქციები გამართეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
🔵„მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება“ - სოფო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს