გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას აქვეყნებს. ფრანგიშვილი წერს, რომ გერმანიაში მას ქრისტე შობა ერაყელმა იმამმა მიულოცა და დღესასწაულის აღსანიშნავად ბლომად ძღვენიც გადასცა.
„დღეს გვიან საღამომდე ვმუშაობდი და ბოლოს ერთი პაციენტი მოვიდა, დიდი მეჩეთის იმამია, დიდი ოჯახი აქვს და საოჯახო ბიზნესია ეკოლოგიური ფერმერობა, ჰალალ პროდუქტების წარმოება.
აქვთ ქალაქგარეთ 10 - ჰექტარამდე ტყე და საძოვარი იჯარით აღებული და გაშვებულია თავისუფლად ყველა ჯურის და მისი რელიგიით მიღებული ცხოველი თუ ფრინველი.
მოვიდა და მომიტანა უსაზღვროდ დიდი რაოდენობით ცხვრის, საქონლის და ქათმის ხორცი - ეს ყველაფერი ჰალალია და საშობაო საჩუქარიაო. წარმოშობით ერაყელია და მართლმადიდებლების წესებს კარგად ვიცნობ, საშობაო საკლავი აუცილებელიაო.
იმდენი მოიტანა რომ ყველამ გადავინაწილეთ. მერე ჩაი დავლიეთ ერთად და გავისაუბრეთ.უკვე ასე 20 წელია,
ერაყის აღების შემდეგაა გერმანიაში - რომ არ წამოვსულიყავი ისლამისტად და ტერორისტად შემრაცხავდნენო. აქ კარგად ვარო, ბუნებაში და ბუნებასთან ერთად ვცხოვრობ, აქ საუცხოო ბუნებააო. გერმანელებმა იციან ბუნების ფასიო.
ჰოდა ვეკითხები - ბედნიერი თუ ხარ მეთქი.
გამომხედა დაწვრილებული თვალებით და მიმიხვდა, რომ ეს კითხვა მარტო მას კი არა, ჩვენ ორივეს გვეხებოდა, სამშობლოდან წამოსულებს.
ჰოდა ასე მიპასუხა.
თუკი გგონია რომ სადმე მეტად ან ნაკლებად ბედნიერი იქნები, ძალიან ცდებიო.
უზენაესმაო გასაჭირი არათანაბრად გადაგვინაწილა, სიმდიდრეც არათანაბრად გადაგვინაწილა და უბედურებაც არაა სამართლიანად გადანაწილებულიო.
ერთადერთი, რაც შედარებით თანაბრად და ძალიან სამართლიანადაცა ყველაზე გადანაწილებული, ეს ბედნიერების გრძნობააო.
უფლის ყველაზე დიდი სამართალი დედამიწაზე ისაა, რომ ყველა ერთნაერადაა ბედნიერი, მდიდარი და ღარიბი, ჯანმრთელი და ავადმყოფიც, თავისუფალიც და ტყვეობაში მყოფი - ყველას აქვს მისი ბედნიერი მომენტები და რაც უფრო დაჩაგრულია სხვა მხრივ ადამიანი, მით უფრო ინტენსიურია მისთვის ბედნიერების ის მომენტებიო.
ვისაც ყველაფერი ზუსტად ისე აქვს აწყობილი, როგორც სურს, მისთვის ძნელია ბედნიერების ინტენსიური განცდაო.
ბევრი ვიფიქრე, თუ რა გისურვოთ ამ სიტყვების მერე ამ საშობაოდ.
ინტენსიური ბედნიერების გრძნობა თუ ყველაფრის ზუსტად ისე აწყობა, როგორც გსურთ და მოვიფიქრე გისურვებთ რომ მთელი ცხოვრება თქვენი საუკეთესო სურვილების განხორციელების შანსი და საშუალება გქონდეთ, ამ სურვილების სიმწირეს არ გრძნობდეთ, ყოველთვის თქვენი მომავლის ჭედვაში ყოფილიყავით და ამით ბედნიერი“, - წერს ფრანგიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღესასწაული არ უნდა ვაქციოთ თვე-სასწაულად“ - ლაშა უჩავას რჩევები საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით
🔵გაინტერესებთ როგორ უნდა გამოხვიდეთ ნაბახუსევისგან მარტივად?