Digest Logo

„დღესასწაული არ უნდა ვაქციოთ თვე-სასწაულად“ - ლაშა უჩავას რჩევები საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით

1672395660
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

საახალწლო დღეებში ხალისის, ბედნიერების და დროის კარგად გატარების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი გემრიელი სადღესასწაულო სუფრაა. ამიტომაც ახალი წლის შემდეგ „მძიმე“ დღეები დგება და ვითვლით  ჭარბ კილოგრამებს, უხვად მიღებულ კალორიებს და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ვნანობთ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ასახულ სიმსუნაგეს.

როგორ უნდა მოიქცეთ ამ დღეებში რომ ე.წ. პოსტსადღესასწაულო პერიოდში არც ჭარბმა წონამ შეგაწუხოთ და არც ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ - აღნიშნული კითხვებით „დაიჯესტმა“ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მიმართა.

- რა რეკომენდაციებს მისცემთ ადამიანებს, რომლებიც ახალი წლისთვის ემზადებიან?

- ახალი წელი ნამდვილად განსაკუთრებულია ყველა ადამიანისათვის, ყველა თვალსაზრისით, როგორც ახალი დღის დასაწყისი, სასწაულების ახდენის მოლოდინში და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს სუფრა, საახალწლო სუფრა, რომელსაც დიდი თუ პატარა ელოდება თავისი სასწაული კერძებით უბრალოდ არასდროს უნდა

დაგვავიწყდეს, რომ ზომიერება ყოველთვის მნიშვნელოვანია და საახალწლო სუფრის მზადების დროსაც დასაწყისშივე უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ეს ყოველივე, გარდა ამისა უნდა გვახსოვდეს, რომ დღესასწაული ნიშნავს დღესასწაულს - ანუ მხოლოდ ერთ დღეს და ამ შემთხვევაში დღესასწაული არ უნდა ვაქციოთ თვე სასწაულად.

- ახალ წელს თან ახლავს, დარღვეული დიეტები, გამონაკლისები და ჭარბად მიღებული, ალკოჰოლი, კერძები და ტკბილეული. რას ურჩევდით ადამიანებს როგორ უნდა დაიცვან თავი „პოსტსადღესასწაულო“ უკუჩვენებებისგან?

- იმისათვის, რომ დღესასწაულების შემდეგ არ აღმოვჩნდეთ სტაციონარში ან არ დაგვჭირდეს რომელიმე ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტი, აუცილებელია გავითვალისწინოთ გარკვეული რჩევები. რაც შეეხება კვებას. რეკომენდებულია საახალწლო სუფრა არ იყოს გაშლილი ღამით 31 დეკემბერს და ახალი წლის შესახვედრად სასურველია შემოვიფარგლოთ მხოლოდ ტკბილეულით და ცქრიალა ღვინით, ხოლო სხვა სადღესასწაულო კერძებით ოჯახის წევრებს თუ სტუმრებს გავუმასპინძლდეთ სადილზე 1-ელ იანვარს, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ზომიერება და ვაკონტროლოთ ულუფები. რაც შეეხება ალკოჰოლს, რომელიც, ასევე,
განუყოფელი ნაწილია ახალი წლის დღეების, აქ საკვებზე მეტად მნიშვნელოვანია ზომიერება, ასევე, გარდა ზომიერებისა უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის ერთდროული მიღება, განსაკუთრებით არის გასათვალისწინებელი სასმლის ალკოჰოლური შემცველობა, სადაც უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ მაღალი ალკოჰოლური სასმლით და გადავიდეთ დაბლა ალკოჰოლის შემცველ სასმელზე, ანუ ჯერ არ უნდა მივირთვათ ვისკი ან კონიაკი და შემდეგ ღვინო ან შუშხუნა ღვინო, პირიქით დასაშვებია.

- როგორ შეიძლება დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა როგორც ჭარბმა კვებამ, ისე ჭარბმა
ალკოჰოლმა?

- ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხშირად ადამიანები ვერ ფიქრობენ თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით საკვების მიღება ჩვენი ორგანიზმისათვის, რომ არაფერი ვთქვათ ალკოჰოლზე, თუ სტატისტიკურ მონაცემებს მოიშველიებთ, სწორედ ახალი წლის დღეებში შობამდე ყველაზე მაღალია ადამიანების მიმართვიანობა საავადმყოფოს მიმღებში, უპირატესად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულებებით, სადაც ლიდერობს ნაღველკენჭოვანი დაავადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევით მთავრდება, ხოლო მეორე ადგილზე მიმართვიანობის თვალსაზრისით სწორედ რომ არის ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ასე, რომ ყოველთვის და განსაკუთრებით დღესასწაულებზე უნდა გვახსოვდეს ზომიერება.

- სადღესასწაულო სუფრის შემდეგ რამდენად რეკომენდებულია ე.წ. განტვირთვის დღეები? და კონკრეტულად რაიმე განტვირთვის საშუალებას ხომ ვერ გვირჩევდით?

- რა თქმა უნდა განტვირთვის დღეები სასურველია გავაკეთოთ სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, იმისათვის რომ ცოტათი სიმსუბუქე შევმატოთ ორგანიზმს და თან წონის პრობლემებიც არ შეგვექმნას, თუ მაგალითად 1-ელ იანვარს მივირთმევთ იმაზე მეტ საკვებს, ვიდრე სხვა დღეებში და ეს ყველა ოჯახში მერწმუნეთ ასეა, მაშინ 2 იანვარს უნდა გავაკეთოთ განტვირთვა, რაც არ ნიშნავს სრულ შიმშილს, ამ დროს ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ 0,5 ლიტრი მაწონი ან კეფირი და 1,5 კგ ხილი ან ბოსტნეული, მეორე დღეს კი გავაგრძელოთ ჩვეული ფიზიოლოგიური კვება.

- რამდენად ნებადართულია ალკოჰოლი, მაშინ როდესაც ადამიანი ქრონიკულად იღებს მედიკამენტებს? არსებობს თუ არა გამონაკლისები როდესაც წამლის მიღების დროს ნებადართულია მცირე დოზით ალკოჰოლის მიღება?

- არსებობს გარკვეული მედიკამენტები, რომლის დროსაც, რა თქმა უნდა, ალკოჰოლი დაუშვებელია. ეს არის: ანტიბიოტიკები, ფსიქოტროპული პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და ა.შ. ასევე, არსებობს დაავადებებიც, რომლის დროსაც არ შეიძლება ალკოჰოლი: შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური სტატუსის მქონე პაციენტები და ა.შ

- რამდენად კალორიულია ალკოჰოლი?

- ალკოჰოლი ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტი, კალორიულია და მისი კალორაჟი დამოკიდებულია სასმელში ნახშირწყლების შემცველობაზე, შესაბამისად სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს აქვს სხვადასხვა ენერგეტიკული ღირებულება, რაც უფრო დაბალალკოჰოლური შემცველობისაა სასმელი, მით უფრო მეტია მისი კალორაჟი.

- ნაბახუსევისგან თუ არსებობს თავის დაცვის საშუალება?

- ეს ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს აქვს თავისი ხრიკები, მაგალითად იყო გავრცელებული ასეთი მოსაზრება, რომ აუცილებლად სასმლის მიღების წინ უნდა მივირთვათ კარაქი ან რაიმე ცხიმიანი საკვები, რომ ბახუსი მალე არ დადგეს, თუმცა, ალბათ ყველასთვის მაინც ზოგადი რეკომენდაცია ერთია, რომ აუცილებელია მოვუხმოთ ზომიერებას, რომ არ დაგვჭირდეს ბახუსიდან გამოსვლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივს ვინც გაიკეთებს, ეგეთი გან----ები არც უნდა გამრავლდნენ“ - ნინო ნადირაძე

🔵„მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵„სტუდენტების თანხების შეჭმა არავის შერჩენია და არც შეგრჩებათ არც შენ, არც შენს მონა მეგობრებს და არც დედა გიულის“ - დავით ოქიტაშვილი