Digest Logo

მსოფლიოში სურსათი ძვირდება - საქართველოში რთული ზაფხული იქნება

1620318063
რიგი მაღაზიაში

მსოფლიო ბაზარზე პირველადი მოხმარების სურსათი კვლავ ძვირდება. ზაფხულის მოახლოებისა და ახალი მოსავლის აღების დაწყების  მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე ფასები ზევით მიიწევს. გველის თუ არა პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულების კიდევ მეტად გაზრდა ამ კითხვას იმპორტიორები პასუხობენ.

მსოფლიო ბაზარზე 1 ბუშელი ხორბლის ფასმა უკვე 7,20 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო 1 თვის განმავლობაში 1 დოლარით მეტია. გაძვირდა შაქარი და მისი ღირებულება 1 ტონაზე 460 დოლარს შეადგენს. მოიმატა ზეთისა და წიწიბურას ფასმა, თანაც, ამ ყველაფრის პარალელურად, რუსეთმა ზაფხულის განმავლობაში წიწიბურას ექსპორტი აკრძალა. არადა, ამ დროს რუსეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი იმპორტიორი ქვეყანაა, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანას წიწიბურას ორი თვის მარაგი აქვს, რაც ქვეყნისთვის საკმარისია.

საერთაშორისო ბაზარზე რომ ფასები მზარდია, ამის შესახებ საუბრობს კომპანია „ალფას“ გენერალური დირექტორი, გურამ ბროძელიც და აღნიშნავს, რომ სექტემბრამდე ზეთის ფასი მაღალ ნიშნულზე დარჩება.

„ჯერჯერობით, შაქარი აღარ გაძვირდება. რაც შეეხება ზეთის ღირებულებას, სექტემბრამდე კიდევ დარჩება მაღალ ნიშნულზე. ეს ისეთი პროდუქციებია, რომელთა იმპორტსაც ვახორციელებთ. არც მზესუმზირის ქარხნები გვაქვს და არც შაქრის, ამიტომ დამოკიდებულნი ვართ საერთაშორისო ფასებზე, მსოფლიოში კი როგორც ზეთი, ისე შაქარი ძვირია“, - განუცხადა გურამ ბროძელმა „რეზონანსს“.

მსოფლიო ბაზარზე მალე ხორბლის ახალი მოსავლის აღება დაიწყება. იქამდე, მარცვლეულის ფასი „გარანტირებულად“ მაღალ ნიშნულზე იქნება. შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ მარცვლეულის ღირებულება დაიკლებს. როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა, მოსავლის რა რაოდენობა იქნება და ამის შემდეგ მოხდება ფასის გაანგარიშება.

„დაახლოებით ერთ თვეში ჩამოყალიბდება, რა მოსავალი იქნება მსოფლიოში და მათ შორის _ საქართველოშიც. დღესდღეობით ოპტიმიზმის საფუძველი არის. მსოფლიოში საშუალო მოსავალს ელოდებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ფასები დასტაბილურდება, მაგრამ ახლა ყველას აინტერესებს სუბსიდირების პროგრამა. ფქვილის ფასი მერყეობს 63-დან 67 ლარამდე, თუმცა თუ შევხედავთ იმას, რომ სუბსიდირების პროგრამაში მოთხოვნადი, ანუ სამიზნე ფასი არის 53 ლარი, მაშინ მოლოდინი, ამ დონემდე ფქვილის ღირებულება თავისით ჩამოვიდეს, ნაკლებია. ეს მთავრობის გადასაწყვეტია, ჩვენთვის სუბსიდირება არავითარ ეფექტს არ იძლევა. მთავრობის გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა სუბსიდირებას, თუ გაუშვებს პურის ფასს თავისუფალ ბაზარზე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ ფასი დაიწევს.

„ახლა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი სტაბილურია, თუმცა მაღალ ნიშნულზეა. სიძვირის თვალსაზრისით პრობლემა შექმნა ლარის კურსმაც. აქედან გამომდინარე, ორი პარამეტრის სინთეზის შედეგად ვიღებთ ფასს, რომელიც ნამდვილად მაღალია. მოსავლის მიღების შემდეგ გაიაფებას ველოდებით, ლარის კურსზე კი გათვლას ვერ ვაკეთებთ“, - დასძინა სილაგავამ.

მსოფლიოში ძალიან მოიმატა ცხიმის ღირებულებამ. ყველაზე იაფიანი ზეთიც კი საგრძნობლად გაძვირებულია. საწვავის ფასიც მომატებულია და ღირებულების დაწევას მეორე კვარტალის ბოლომდე არ ველოდები. მეორე კვარტალის შემდეგ შეიძლება, ფასები მიუახლოვდეს ერთ ბარელზე 60-დოლარიან ნიშნულს, მაგრამ 50 დოლარზე დაბლა არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვა.

ხორბლის კუთხით, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ რუსულ ბაზარზე. ახლა იქ გადასახადები შემოიღეს როგორც ხორბალზე, ისე _ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვებზე. საქართველოში 30%-იანი წილი უკავია რუსულ საწვავს. რასაკვირველია, იმპორტიორები გადაერთვებიან სხვა ქვეყნებზე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ფასები კიდევ გაიზარდოს, რადგან, მაგალითად, სხვა ქვეყნიდან შემოსული ხორბალი ცოტა ძვირი ჯდება.

თუკი სუბსიდირება არ გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ გაძვირებას. პრინციპში, ფასები ახლაც მაღლა მიდის, მაგალითად, რეგიონებში პირველი ხარისხის ფქვილი 70 ლარის ფარგლებშია. იყო დაპირება, რომ პური არ გაძვირდებოდა, მაგრამ მაინც გაძვირდა“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

მისი აზრით, როდესაც ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქცია მოიკლებს და ადგილობრივი მოსავლით ჩანაცვლება, ფასების კლებაც დაიწყება.

„სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების კლებას, ალბათ, ივნისის ბოლოდან უნდა ველოდოთ, მაშინ, როდესაც საქართველოში მასობრივად შემოვა ადგილობრივი პროდუქცია, ძირითადად, ბოსტნეული. როდესაც იმპორტირებული საქონლის წილი მოიკლებს, უნდა ველოდოთ გაიაფებას.

გარდა ამისა, ზაფხულში ლარის გაუფასურებას ნაკლებად უნდა ველოდოთ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი ისევ დაიწყება გაუფასურება. არჩევნების დასრულების შემდეგ გველოდება ლარის მორიგი დევალვაცია“, - დასძინა „რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

წყარო: www.resonancedaily.com