„მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს, რომელიც მოაქალაქეებისკენ იქნება მიმართული“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
თურნავას თქმით, მთავრობა ცდილობს წერტილოვანი შეზღუდვები დააწესოს ისე, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ.
„ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა იყოს დაბალანსებული და ამავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია, რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, - აღნიშნა თურნავამ.