25 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვების შესახებ სახელმწიფო 26 ნოემბერს გააცნობს საზოგადოებას.
მისივე თქმით, შესაძლოა გაფართოვდეს წერტილოვანი შეზღუდვები.
აგრეთვე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, შესაძლოა, დიდ ქალაქებში შეიზღუდოს ტრანსპორტით გადაადგილება.
ქვეყნის ეპიდემიოლოგები, ექიმები და მინისტრები ბიზნეს სექტორთან ერთან მართავენ ინტენსიურ შეხვედრებს და განიხილავენ ისეთი რეგულაციების დაწესებას, რომლებიც ტვირთად არ დააწვება ეკონომიკას და არ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს.
შესაბამისად, შესაძლოა, მთავრობამ მოქალაქეებს კვლავ მისცეს ერთჯერადი თანხა დასახმარებლად.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის რა სახის დახმარება იქნება გაცემული.
„ღონისძიებები ამ ეტაპზეც მუშავდება, ითვლის მთავრობა, შესაბამის კონსულტაციებს გადის სპეციალისტებთან და უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, პარასკევს, გაასაჯაროებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ზომების გამკაცრება მოსალოდნელია, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ვეცდებით, რომ გადაწყვეტილება იყოს ზომიერი, რაც ბიზნესსა და მოსახლეობასაც ნაკლებად დააზარალებს. ეპიდემიის მასშტაბი უნდა შევამციროთ, ეს არის მთავარი ამოცანა, რადგან არსებულ სიტუაციას ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა, პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, მომავალში როგორც ინფიცირებულების რაოდენობა, ასევე სიკვდილიანობაც მოიმატებს.
კონტროლი გამკაცრდება. მნიშვნელოვანია ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში - დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და, იმავდროულად, სოციალურ- ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.
ცხადია, მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებსაც გარკვეული დახმარება გაეწევა, მაგრამ კონკრეტულად ვინ მიიღებს კომპენსაციას, რა მექანიზმს შეიმუშავებს მთავრობა და რა დაჯდება ამ პროცესების მართვა, ასევე, სოციალური დახმარებების ხარჯი, უახლოეს დღეებში გამოიკვეთება, სავარაუდოდ, პარასკევს უკვე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა გამოცემა „რეზონანსთან“ საუბრისას აკაკი ზოიძემ.
წყარო: www.resonancedaily.com