Digest Logo

„სულ სანანებლად დამრჩება, ღირდა კი ჩემი აქ წამოსვლა, თუ მათთან ყოფნა ასე ხანმოკლე იყო და ისინი ასე მალე უნდა დამეკარგა“ - რას ნანობს ნინი შერმადინი

1645337712
მოღერალი ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი უკვე ათი წელია, ამერიკაშია. ახლა ის ნიუ-ჯერსის შტატში ცხოვრობს და მუშაობს. ბოლო პერიოდი საკმაოდ რთულად, მტკივნეულად და გაუსაძლისად ემოციურად გადასატანი აღმოჩნდა მისთვის, რადგან დედ-მამა გარდაეცვალა და ამის გამო დეპრესიაში ჩავარდა, გარე სამყაროს მოსწყდა და გარკვეული პერიოდი, სახლში ჩაიკეტა. მეგობრის დაჟინებული თხოვნითა და დედის ოცნების ასრულების გამო კი ძალები მოიკრიბა და ამერიკული „ნიჭიერის“ კონკურსზე გამოჩნდა.

„ჩემი თაობის ადამიანებს დაბადებიდან რთული ცხოვრების გზის გავლა მოგვიხდა – 90-იან წლებს ვგულისხმობ, ომს, გაჭირვებას, უშუქობას, უპურობას, უფულობას. ამ ყველაფრის შემდეგ, იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, უფრო მებრძოლებად ჩამოვყალიბდით, უფრო მეტად ვაფასებთ სიცოცხლეს და რაც გვეძლევა. ასე რომ, კარგს ვაფასებთ, ცუდს კი ვუძლებთ. არ მიყვარს ჩემს ტკივილზე საუბარი, მაგრამ ბოლო პერიოდში, მშობლების დაკარგვით, დიდი ტრავმა მივიღე. ბევრმა დაკარგა შვილი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი... ასე რომ, ეს ორი წელი ჯოჯოხეთური აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის, ბევრი ოჯახისთვის. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო – საუკეთესო მეგობარი, სტიმულატორი, კრიტიკოსი, მესაიდუმლე. ყველაფერში და ყოველთვის სტიმულს მაძლევდა და მამხნევებდა, ჩემი იმედი იყო. 10 წელია, რაც ამერიკაში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ შორს ვიყავი, სოციალური ქსელით, მასთან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა. ვგეგმავდით, რომ აქ, ამერიკაში ჩამომეყვანა. მისი ჩახუტება სულ მენატრებოდა, ამიტომ ხშირად ჩამოვდიოდი და თვეობით ვრჩებოდი. ვივსებოდი დედის ენერგეტიკით, მერე ამერიკაში თან მიმქონდა და ამით ვსულდგმულობდი. ბევრჯერ მითქვამს: დედა, აღარ მინდა აქ, წამოვალ სახლში. ის კი, სულ მპასუხობდა: რისთვის წახვედი მანდ? შენი და ჩემი ოცნებები აუცილებლად უნდა აისრულო. შენ ჩემთან ვალში ხარ. ამდენი წელია უშენობას გავუძელი, რომ შენი ოცნებები ასრულდეს და არ დანებდეო. ვბრაზდებოდი ხოლმე, რა მეოცნებე ქალია, როდის შეიძლება, მიწაზე ჩამოვიდეს-მეთქი. დედის ვალს ვერასოდეს გადავიხდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ოცნებები ავახდინო. არ მაქვს სანანებლად, რომ დედას ან მამას ცუდად ვექცეოდი, ცუდი შვილი ვიყავი“, - აცხადებს ნინი შერმადინი „თბილისელებთან“.

– მამაც და დედაც კოვიდმა გამოგაცალა ხელიდან.

„მამას სიმსივნე ჰქონდა და გვიან გავიგეთ. ჯერ მამა გარდაიცვალა და ოთხ თვეში – დედა. მათი გარდაცვალების დროს მათ გვერდით ვერ ვიყავი. ვერც მამის დაკრძალვას დავესწარი, საზღვრები დაკეტილი იყო და არ გამომიშვეს. დედის დაკრძალვას კი ჩამოვუსწარი და უკანასკნელ გზაზე გავაცილე. მათ ბოლო ამოსუნთქვას ვერ მოვუსმინე და სულ სანანებლად დამრჩება, ღირდა კი ჩემი აქ წამოსვლა, თუ მათთან ყოფნა ასე ხანმოკლე იყო და ისინი ასე მალე უნდა დამეკარგა. მე რომ იქ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა. ალბათ, სხვანაირად ვუმკურნალებდი. მოკლედ, ბევრი „ნეტა“ მაქვს დაგროვილი და მჭამს. თან, ემიგრაციაში ყოფნა იმიტომ იყო რთული, რომ წლები შვილის გვერდით ვერ ვიყავი, 4 წლის დავტოვე და 12 წლის იყო რომ წავიყვანე. დღეს ის ჩემ გვერდითაა, აქ სწავლობს და ამით ვინუგეშებ თავს. თან, კარგად მღერის, ნიჭი აქვს. მოკლედ, ვნანობ ყველა იმ წუთს და წამს, რომელიც მშობლებისა და შვილის გარეშე გავატარე, მაგრამ, სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ“, - განაცხადა ნინი შერმადინმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს შვილს „ომიკრონი“ აქვს და მაღალ ტემპერატურას ვერ ურეგულირებთ? - ეკა უბირი

🔵შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები - ნახეთ, ჩამონათვალი

🔵„რატომ! სამივე, სულზე მეტად მიყვარდით... რატომ წამართვით თქვენი სიყვარული“ - მექერიშვილი დედმამიშვილებზე