Digest Logo

ვაქცინაციის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება ფილერის გაკეთება? - გია გვარამია

1616688731
ფილერი და გვარამია

პლასტიკური ქირურგი გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრასა და დერმალური ფილერების გართულებას შორის არსებული კავშირის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განმარტებას აკეთებს.

პლასტიკური ქირურგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მილიონობით აცრაა ჩატარებული, ფილერების გართულებების შემთხვევები უაღრესად იშვიათია.

„FDA მონაცემებით, კოვიდ 19-ის აცრას და ფილერების გართულებებს შორის კავშირი პირველად იქნა აღწერილი 2020 წლის დეკემბერში, Moderna COVID-19 გამოცდის პერიოდში. გამოვლინდა 3 შემთხვევა, როდესაც სახის სხვადასხვა მიდამოში, ჰიალურონის მჟავის ფილერის შეყვანის ადგილზე განვითარდა შეშუპება.

სამივე შემთხვევაში შეშუპებამ გაიარა რამდენიმე დღეში, დამატებითი მკურნალობის შემდეგ. სადღეისოდ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მილიონობით აცრაა ჩატარებული, ფილერების გართულებების შემთხვევები უაღრესად იშვიათია“, - აღნიშნავს პლასტიკური ქირურგი.

გია გვარამია ამბობს, რომ გართულება ძირითადად გამოიხატება შეშუპების განვითარებით ფილერის შეყვანის ადგილზე.

ექიმის თქმით, დერმალური ფილერების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ითვლება კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ჩატარების წინააღმდეგ ჩვენებად და არ მოაზრება ვაქცინაციის გადადების მიზეზად.

ამასთან, გვარამია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კოვიდ 19-ით დაავადების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული ფილერის გართულების განვითარების რისკი.

„გართულება ძირითადად გამოიხატება შეშუპების განვითარებით ფილერის შეყვანის ადგილზე, აცრიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სპეციალური მკურნალობის გარეშე გადის. ცალკეულ შემთხვევაში საჭიროებს დამატებით მედიკამენტოზურ მკურნალობას.

განსაკუთრებით ხშირია გართულება ფილერის შეყვანიდან 1, 1-5 წლის განმავლობაში. მსგავსი გართულებები არ არის იშვიათი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგაც.სადღეისოდ არსებული მონაცემებით, კოვიდ 19-ით დაავადების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული ფილერის გართულების განვითარების რისკი.

ამერიკის ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის და სხვა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების თანახმად, სასურველია თავი შეიკავოთ დერმალური ფილერის გამოყენებისგან კოვიდ 19-ის აცრის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, ასევე, აცრის დოზებს შორის შუალედში.

ანალოგიურად, სადღეისოდ არ არსებობს მიზეზი, დერმალური ფილერები არ გამოიყენონ უკვე ვაქცინირებულმა პაციენტებმა, მით უფრო, რომ ვაქცინაციის შემდეგ ჩატარებული ფილერის შეყვანის პროცედურების შემდეგ, ჯერჯერობით გართულების არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი.

აცრის გაკეთების წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი, ფილერის გამოყენების ეპიზოდის შესახებ, განსაკუთრებით, თუ ადრე ფილერის შეყვანაზე გქონდათ გამოხატული შეშუპებები ან სხვა ალერგიული რეაქცია“, - აცხადებს გია გვარამია.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იმ პირებს, რომლებიც „ფილერს“ იკეთებენ, შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულება.

ამიტომ, „ფაიზერის“ ვაქცინის კითხვარს დაემატა ერთი კითხვა, რომელიც კოსმეტიკური ფილერის გამოყენებას ეხება.