სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.
ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად გოგონას წერილი ვრცელდება რომელიც წერს, რომ მასზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა სექსუალურად სისტემატურად ძალადობს.
„დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.
„გამარჯობა. ახლა უკვე დიდი ვარ და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ჩემ ბავშვობას სხვებსაც გავუზიარებ. პირველ რიგში მინდა, რომ ეს ისტორია მშობლებმა წაიკითხოთ!
დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი, როდესაც ნასვამმა მამაჩემმა ჩემთან დაძინება გადაწყვიტა, უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვი, რომ დედამ თავი აარიდა მას და იძულებული გახადა, ჩემ გვერდით დაეძინა.
თავდაპირველად ვიგრძენი ხელის შეხება ტანზე, შემდეგ მკერდთან და ბოლოს - თითქმის მთელ სხეულზე. იმდენად დიდ დისკომფორტს განვიცდიდი, ერთადერთი, რაც შემეძლო, ვთქვი, რომ მასთან ერთად დაძინება არ მსურდა, დედამ კი - მამასთან ძილი რატომ არ უნდა გინდოდესო? მოკლედ, არავინ მომისმინა.
ამ ასაკში ვერც კი ვაცნობიერებდი ეს რამდენად საშინელი რამ იყო და როგორი უხერხული. როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და იატაკზე დავწექი, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ამის შემდეგ, კვლავ სცადა იგივეს განმეორება, მაშინ, როდესაც მეძინა და მისი ეს ქმედება მხდიდა იძულებულს, რომ ყოველ ჯერზე ფხიზლად ვყოფილიყავი.
ყოველი დალევის შემდეგ, ჩემთან სიახლოვე სურდა, არც კი ერიდებოდა, ისე უტიფრად მკიდებდა ხელს მკერდზე. ამაზრზენი და ამორალურია მისი ეს ქცევა! დღემდე მეზიზღება და არ ვპატიობ. არც კი შემიძლია მივიდე და ხელი გავუწოდო, ან დაველაპარაკო, მისი სახის დანახვაც კი არ მსურს. როდესაც გავიზარდე და უკეთ გავაცნობიერე მისი ეს ქცევა, გული მწყდება, რომ ერთი ადამიანის ასეთი გულის ამრევი ქცევის გამო, მე გათხოვებაზე ფიქრიც კი არ მინდა, რადგან მეშინია, ჩემ გოგონასაც იგივეს გადატანა არ მოუწიოს. თითქოს, ნდობა მაქვს დაკარგული მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენლისადმი, საკუთარი მამის გამო.
და ბოლოს, გთხოვთ, მშობლებო! ბავშვებს მოუსმინეთ, დედებო, თქვენ განსაკუთრებით, მორიდების გამო რომ ვერ გესაუბრებიან შვილები და თავის გულისტკივილს ვერ გიზიარებენ, გთხოვთ, უფრო მეგობრული და თბილი დამოკიდებულება გქონდეთ მათთან, რომ თავისუფლად შეძლონ ხმის ამოღება.
მამებო, თქვენ კი ნუ იქნებით ასეთი ამაზრზენი მამაკაცები, რადგან, ქალიშვილებისთვის მამა განსაკუთრებული უნდა იყოს, თქვენ ხომ ის მამაკაცი ხართ, რომლის მსგავსი ქმარიც უნდა ინატრონ თქვენმა ქალიშვილებმა! ნუ დაუმახინჯებთ ბავშვებს ფსიქიკას, ნუ შეავიწროვებთ და ნუ გაუხდით წარსულსა და მომავალს, ერთნაირად ჯოჯოხეთურს!“ - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ დატოვა კულუმბეგოვმა საქართველო - „ამერიკა მაინც დაგაფასებს!“