„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ქართველი პოლიტიკოსი და თეოლოგი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი, კობა სუბელიანი.
რით ხართ ცნობილი... მეცხვარე ძაღლებით.
ბავშვობის მიზნები... ბავშვობაში მიზნები ძალიან ხშირად მეცვლებოდა, იყო დრო როდესაც მღვდლობა მინდოდა.
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... როცა თანამდებობაზე ვიყავი, ხშირად მისვამდნენ ჭორებზე დაფუძნებულ კითხვებს.
საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს... სუხომ მაჩუქა, BOSS-ის მაისური.
90-იანებიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გთრგუნავთ? - სამთავრობო მესიჯბოქსი, როდესაც შემზარავად, 2 სიტყვით გამოგვიცხადეს - „სოხუმი დაეცა“! ეს იყო ძალიან დამთრგუნველი, როდესაც სოხუმს დაცემა დააბრალეს. მამაჩემი დაიჭრა აფხაზეთის ომში 7-8 სუბელიანია იქ მკვდარი და ყველაზე მეტად ეს მოგონება მთრგუნავს.
სიყვარული არის... დიდი ხნის წინ გაეცა ამ კითხვას პასუხი - სიყვარული არის ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული. უსიყვარულოდ არაფერი არ არსებობს.
თავისუფლება არის... არის პასუხისმგებლობა
რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს? - სიკეთის კეთება, სიყვარულის თესვა, თავისი ირგვლივ ხალისი უნდა შექმნას. რასაც პოზიტიურს და კარგს გააკეთებს ყველაფერი მთავარია. როგორც სახარებაში წერია ერთმანეთის ტვირთი უნდა ვიტვირთოთ და შევეხიდოთ ერთურთს, ესაა მნიშვნელოვანი. კი არ უნდა დავამძიმოთ ერთმანეთი, პირიქით უნდა შევუმსუბუქოთ ყოფა.
ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით ... როდისმე დასრულდება თუ არა რუსეთის იმპერიის ბოგინი დედამიწაზე, რომ მსოფლიოში დამყარდეს სიკეთე, მშვიდობა და კეთილდღეობა.
ადამიანში ყველაზე მეტად რა გხიბლავთ... - იუმორი და პატიოსნება.
როგორი იქნებოდა სამყარო იუმორის გარეშე... - სამყარო დაემსგავსებოდა კალკულატორს.
ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ... რეიგანის პრეზიდენტობის დროინდელ ქრონიკები, გერმანიაში ტერორისტების მიერ დახოცილი ტყვეების და ლიბიის შესახებ წავიკითხე წიგნები ბოლოს.
ყავა თუ ჩაი... ჩაი.
ჩაიზე რამე ისტორია თუ გახსენდებათ? - ჩემმა დამ თქვა ერთხელ, ისე მიყვარს ჩაი ხანდახან ფერსაც კი არ ვუშვრებიო.
პანდემიამ რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში? - პანდემიამ რასაც ჰქვია ჩამოაღამა, ინფექციამ მომიკლა საყვარელი ადამიანები. კოვიდით გარდაიცვალა ბიძაჩემი, ედუარდ სუბელიანი, ჩემი გალობის პედაგოგი ლია სალაყაია და უახლოესი ადამიანი, ჰენრი მილერი, რომელთანაც ამერიკაში ვცხოვრობდი.
რას იზამთ როდესაც კოვიდ პანდემია დასრულდება?- ცხოვრებას ჩვეულებრივად განვაგრძობ.
ანტივაქსერებს რას ურჩევდით? - დაუჯერონ მედიცინას, მეცნიერებას და ეს ფსევდორელიგიური ფობიები გამორიცხონ შეინარჩუნონ სიცოცხლე. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კოვიდ -19 მოკავშირედ გაიხადა და ხელი შეუწყო ჭორების გავრცელებას.
როგორ ფიქრობთ, რამდენი სიცოცხლე გაქვთ? - ერთი.
რას ნანობ ყველაზე მეტად ცხოვრებაში... ადამიანს საკუთარი თავის გარდა სხვა მტერი არ ჰყავს. საკუთარ თავთან დაშვებულ ყველა შეცდომას ვნანობ. წლების განმავლობაში დავიწყებული მყავდა საკუთარი თავი და იმ საქმეს, რაც მებარა, მთელი პასუხისმგებლობით, ე.წ. „საჩკაობის“ გარეშე ვემსახურებოდი და ამ პერიოდში საკუთარი თავი და ჩემი ახლობლები დამავიწყდა, ვერ ვაქცევდი ვერც ჩემს თავს ყურადღებას და ვერც საყვარელ ადამიანებს, აი ამას ვნანობ ყველაზე მეტად.
ვისი იმედი გაქვთ ყველაზე მეტად?! - ღმერთის, სინდისის, ინტუიციის.
წინა სტუმარმა, ზურა ბალანჩივაძემ დაგიტოვათ კითხვა: რომ ყოფილიყო წყალქვეშა ადამიანი, სირინოზი (ქალი ან კაცი. ანუ ქალთევზა ან კაცთევზა) როგორი იქნებოდა მისი ერთი დღე? - წარმოდგენა არ მაქვს.
თქვენ რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? - რა უნდა ვაკეთოთ სიტყვითა და საქმით, რომ რუსეთის ხელის ფათური დავასრულოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მოვეხვევი მუხლებზე და ვეტყვი...“ - ბლიცინტერვიუ ენძელა მაჭავარიანთან
🔵თუ წვიმს, ვამბობ, აი, რა კარგი ორკესტრია - ბლიც-ინტერვიუ