Digest Logo

„ამ თემას ასე საჯაროდ ბოლოჯერ შევეხები - იცით რა ქნა ნაცემმა, დასისხლიანებულმა ლექსომ?“

1626105963
ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია, რომელიც 5 ივნისს, თავის ოპერატორთან ერთად, ძალადობის მსხვერპლი გახდა, ლექსო ლაშქარავას იხსენებს. მასთან ერთად მუშაობის პროცესს აღწერს და საჯაროდ დებს პირობას, რომ მედიის რომელიმე წარმომადგენლის მიმართ აწეული ხელის გამო, პირად მოსთხოვს პასუხს ყველას.

„ამ თემას ასე საჯაროდ ბოლოჯერ შევეხები, ახლა ჩემი საქმით და მიკროფონით უნდა გავაგრძელო ბრძოლა,
მანამდე კი მოგიყვებით ცოტას ყველაფერზე და ცოტას ლექსოზე.

ძალიან აქტიური იყო, სულ ლაპარაკობდა არასდროს ჩერდებოდა, პირველად რომ წავედით გადაღებაზე მითხრა, წლებია ოპერატორი ვარო. მერე ჩვენთან ხმები დადიოდა, იცით ეგ რამდენი წელია ძალიან პროფესიონალიაო, გადაღებაზე რომ მივდიოდით, ძალიან ბევრ კადრს იღებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო რესპონდენტი, სანამ რაკურსი არ მოეწონებოდა, იქამდე აწვალებდა, მე ასეთი ჩვევა მაქვს, მანქანაში წინა სავარძელზე ვჯდები, არადა წესით ეგ ადგილი ოპერატორებისთვისაა განკუთვნილი - ყველა ყოველთვის მითმობს, ლექსოც სულ ასე იქცეოდა, სიმღერები გვიყვარდა და სულ ჩართული გვქონდა გადაღებაზე წასვლამდე, 5 ივლისს ოპერატორების ოთახში რომ ჩავედი, მე წამოგყვებიო მითხრა. მერე არ ვიცი ალბათ გული უგრძნობდა - „მირანდა, იცოდე, რამე ძალადობაზე თუ გადმოვლენ, მაგრად ვიჩხუბოთო“ - იცოდა, რომ სულ შეიძლებოდა ჩემი ნდობა - ვიჩხუბეთ, მართლა ვიჩხუბეთ, თან ბოლომდე ვიჩხუბეთ. არავისთვის მითქვამს, როცა ყველაფერი დაგვიმტვრიეს, ლექსო სასტიკად სცემეს, ტელევიზიას მხოლოდ ლექსოს ტელეფონით მივაწვდინეთ ხმა, არ გვითქვამს რა დაზიანებები გვქონდა, უბრალოდ ტექნიკის განადგურებაზე ვუთხარით, ერთი მოვიფიქრეთ რომ ლექსოს ტელეფონიდან ლაივი ჩაგვერთო, იცით რა ქნა ნაცემმა, დასისხლიანებულმა ლექსომ? ტელეფონი გამომგლიჯა, წინ დამაყენა და თვითონ მიღებდა, მაინც მიღებდა !!!
ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, სულ მეუბნებოდა ძალიან მოსწონხარ, ისე უფრო ლამაზიაო ამბობსო, უხაროდა, იცი რა თანამედროვე ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთო, წელს თაია ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე და ემზადებოდა.

დილის 6 საათზე ძაღლს მზიურში ასეირნებდა, ნიუსიდან წასვლა უნდოდა, ოღონდ არა პროფესიიდან, კურსებზე უნდა ჩაწერილიყო და სტედიკამზე ემუშავა, 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისში რომ ვიყავით, გაუკვირდა, გოგოო ამ პარკეტის გადაღებაზე შენ რანაირად გამოგიშვესო-მერე თვითონვე მიხვდა, სულ ეპიცენტრში ხარ და ალბათ დაგინდესო, რომ დაიწყო განგაში, ჩვენკენ მოდიანო მე და ლექსო მშვიდად ჩამოვდიოდით კიბეზე, გვეგონა არაფერს დაგვიშავებდნენ, დიდი დიდი ეთქვათ ნუ გვიღებო - ხმა რომ გავიგეთ შუშების მსხვრევის უკვე ლაივი მომზადებული ჰქონდა, არ სჭირდებოდა ჩემი თქმა, კამერა გაასწორე-თქო, მაგრამ მაინც ვუთხარი და ამას ძალიან ვნანობ, რაც აღარაა მას შემდეგ თავს ვიდანაშაულებ, ოღონდ ყველაფერი გავიაზრე, ისიც ვიცი რომ ამას აზრი არ აქვს, ამ პროფესიაში იმიტომ მოვდივართ, რომ რისკებიც გათვლილი გვაქვს და უშიშარი გოგო-ბიჭები ვართ, ვახვევ ყველა დეტალს და ვფიქრობ, იყო თუ არა შანსი გამოძრომის,ახლა თუ გავიღიმებ სინდისი მაწუხებს, საჭმელს თუ ვჭამ მრცხვენია, თუ რამე ვიდეოს ჩავრთავ ხმას ვუწევ, მგონია რომ სირცხვილია, შინაგანად ძალიან ვგლოვობ, მართლა არასდროს ვყოფილვარ ჭირისუფალი, ახლა ვარ-ვიცი, რომ ისევ ვიცეკვებ, ისევ გავიღიმებ, ისევ გავაგრძელებ ცხოვრებას, ალბათ ძალიან მალეც, ეს კანონზომიერებაა ლექსო სულ დარჩება, სადღაც ჩემში ბევრი წელი დარჩება, ამით ცხოვრება უფრო სხვანაირი გახდება, მაგრამ უფრო შეგნებული.

ყველას ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე აღარ მასაუბროთ, არც სატელევიზიო ფორმატში და არც ისე.
რა უცნაურია, სულ ვიცოდი რომ ძალიან ძლიერი ვიყავი, ახლა ამას მთელი გონებით და გულით მივხვდი, არცერთი წამით სისუსტე არ მიგრძნია.

მედია არის ძალა, ამ დღის შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე რეპორტიორს უბრალოდ შეურაცხყოფასაც თუ მიაყენებთ, პირადად მე მოგთხოვთ პასუხს.

ეს პოსტი მინდა იყოს ჩემი და ლექსოს მოგონება და არაფერი სხვა, 47 წამიანი ბოლო კადრი მინდა იყოს ამ ქვეყანაში ახალი ერის საწყისი.

მადლობა ყველას, პასუხი ვერავის ვერ გაგეცით, ვერაფერს გეტყოდით, მადლობაც კი ხელოვნური იქნებოდა იმ წამს, ახლა გეტყვით მადლობას.

მირანდა ამ ამბავს სტარსბურგში ხომ წავიღებთ?!!
კი ლექსო ყველგან წავიღებ, გპირდები, თაიასაც ვპირდები“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მინდა, მაგრამ მრცხვენია, გეფიცები..." - მამა პეტრე

„ანაფორის ქვეშ იმალებიან მოძალადე, წამქეზებელი პირები“ - ჭოხონელიძე

ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ პასპორტი შეჭამა