Digest Logo

„არასდროს მინახავს დედა მეზობლებთან ან მეგობრებთან საჭორაოდ ჩამომჯდარი“ - ნანა გეგეჭკორი დედას დაბადების დღეს ულოცავს

1632891947
ექიმი ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი თავისი მშობლების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ნანა დეტალურად აღწერს დედამისის საქმიანობასა და დამოკიდებულებას, როგორც საქმის, ისე ადამიანების მიმართ და მას საჯაროდ დაბადების დღეს ულოცავს.

„მეზობლის მონაყოლით ვიცი, ოთხი-ხუთი წლისა ვიქნებოდი კლარა დეიდას მანდარინების ბაღიდან მოწეული მოსავლით რომ მივადექი დედას გაბრწყინებული თვალებით (ჩვენი ბაღიც გვქონდა მაგრამ მეზობლის ეზოდან მოპარული მეტკბილა ეტყობა). სასწრაფოდ მიმაბრუნეს კლარა დეიდასთან და ამიხსნეს, რომ ქურდობისთვის ბოდიში უნდა მომეხადა. იგივე ბედი ეწია ჩემი ძმის მიერ საბავშვო ბაღიდან მოტანილ სათამაშოსაც. როგორც აღმოჩნდა, მეგობარს უჩუქებია, მაგრამ არ დაუჯერეს, სანამ საჩუქრის ავტორის მშობლებმა არ დაადასტურეს ისტორიის ნამდვილობა. ასე გვასწავლა დედამ, რომ ქურდობა ცუდია და ეს, ის მკვეთრად უარყოფითი საქციელია, რომელიც ყოველგვარ დადებით ან სახალისო კონტექსტს არის მოკლებიული.

ექვსი წლისა მუსიკალურ სკოლაში მისაღებ გამოცდებზე მარტო წავედი. დედამ ამიხსნა, ის ამ დროს სამსახურში უნდა ყოფილიყო, მე ყოჩაღი გოგო ვიყავი და მარტოც წარმატებით დავძლევდი ბარიერს. გამოცდიდან მაქსიმალური შესაძლებელი ქულით სკოლაში გაკვეთილზე მყოფს მივადექი. ამ ასაკიდან მიმაჩვია რომ ასაკის შესაბამის ბარიერებს საკუთარი ძალებით უნდა გავმკლავებოდი.

სკოლიდან მოსულს კერძო გაკვეთილებისთვის მოსწავლეები სახლის კართან ელოდნენ. თვალს ვერ მიაყოლებდი ისეთი სისწრაფით ჩამოგვირიგებდა დავალებებს, მოასწრებდა ყველფრისთვის ადგილის მიჩენას და თავდავიწყებით გადაეშვებოდა ლიტერატურის სამყაროში. დედას სამყარო იმდენად მომნუსხველი იყო, სკოლიდან მოსულები, მე და ჩემი ძმა, სასწრაფოდ ვასწრებდით დავალებებს რათა მის გაკვეთილებზე დასწრების უფლება გვქონოდა. ასე ვმოგზაურობდით მე და გიორგი რუსთაველის, ვაჟას, ილიას, ტოლსტოის, სელინჯერის და სხვათა საოცარ სამყაროში, ჩვენი ქალაქის ყველაზე გონიერ გოგო-ბიჭებთან ერთად. თამამად შემიძლია ვთქვა, (და ამის იმდენი მოწმე მყავს ფბ მეგობრებში, რომ არ მომცემენ მოტყუების საშუალებას) ჩვენი ქალაქის ახალგაზრდობის ყველაზე გონიერ ნაწილს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დედას ჯადოსნურ სამყაროში უმოგზაურია.

მოსწავლეებთან მისი ურთიერთობა უმაღლესი პროფესიონალიზმის, ადამიანობის, თანადგომის, თანაგრძნობის, მეგობრობის, სიკეთის ყოველდღიური გაკვეთილი იყო. ამ ურთიერთობაში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული. დედას მოსწავლეების გამოსაშვები და მისაღები გამოცდების მღელვარება ჩვენს ოჯახშიც ისევე მძაფრად იგრძნობოდა როგორც ბავშვებისაში. ქართულის გამოსაშვები გამოცდების დღეებში, ყველა სკოლის ეზოში იპოვიდით მამას, დედას სტუდენტების გულშემატკივრებს შორის. იმდენად გადამდები იყო დედას ენთუზიაზმი და ჩართულობა მოსწავლეების ცხოვრებაში, ახლო მეზობლებიც კი გამოცდების დღეებში ამ ბავშვების ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ლამის ყოველ ზაფხულს ვმოგზაურობდით თბილისში, მისაღებ გამოცდებზე, გამორჩეული მოსწავლეების საგულშემატკივროდ.

გოგოს მოტაცების მახინჯი ტრადიცია ჩემს ბავშვობაში ყოველდღიურობის ნაწილი იყო. არასდროს დამავიწყდება, დედასთან საშველად მოსული მისი მეთერთმეტე კლასის სტუდენტები, მათი კლასელი რომ მოიტაცეს. პირველი რაც დედამ იკითხა, მშობლებს თუ შეატყობინეთო. აღმოჩნდა, ქართულის მასწავლებელი იმდენად ეიმედებოდათ პირველი მასთან მოირბინეს. ცხადია, მამას გარეშე არც ამ გოგოს ძებნის ოპერაციას ჩაუვლია.
სახლში, მუდმივად ახლო თუ შორეული ნათესავი მოსწავლე ცხოვრობდა რომელიმე შორეული სოფლიდან რათა დედასგან ლიტერატურა და სწორად ცხოვრება ესწავლა. ყველა მათგანი მამას და დედას მესამე შვილი ხდებოდა ხოლმე.

ასე შეგვიქმნეს მე და ჩემს ძმას ჯადოსნური სამყარო, „იისფერი ლიტერატურული დღეებით“ (ასე ეძახდნენ მისი მოსწავლეები დედას გაკვეთილებს), ყველაზე ლამაზი და გონიერი მეგობრებით (დედას სტუდენტები დროთა განმავლობაში ჩვენი მეგობრები ხდებოდნენ), მშობლების საუკეთესო მეგობრებით და საოცრად მოსიყვარულე და კეთილშობილი მეზობლებით.

არასდროს მინახავს დედა მეზობლებთან ან მეგობრებთან საჭორაოდ ჩამომჯდარი. მთელი წელი სკოლიდან “სახლის სკოლაში” და იქიდან ოჯახის საქმეებში უწყვეტად, სინამთლის სიჩქარით გადაიოდა და არც კი ვიცი როდის ეძინა. ზაფხულში რამდენიმე თავისუფალ კვირას ჩვენთან ერთად მოგზაურობას, წერას, წაკითხულზე დისკუსიას და სახლის რემონტს უძღვნიდა. მამა ხუმრობდა, კარგია სახლს ბორბლები რომ არ აქვს თორემ ყოველ ზაფხულს საძებნელი გამიხდებოდაო. რამდენიმე დღით სოფელში თუ გაგვიშვებდა ყველას, ეს ნიშნავდა საკუთარი ხელებით გარემონტებულ ახალ გარემოს დავახვედრებდა, გადალაგებული ავეჯით და ახალი მოტივაციით მოახლოებული სასწავლო წლისთვის.

არ მახსოვს ოდესმე დაერიგებინა რა იყო სწორი ან არასწორი. მისი ყველა სიტყვა, მოქმედება, ადამიანებისადმი და სამყაროსადმი დამოკიდებულება თავისთავად იყო სწორად ცხოვრების ინსტრუქცია.

მამა რომ გარდაიცვალა, წინააღმდეგობაც კი ვერავინ შეჰბედა ისე მყარად გადაწყვიტა ხობში დაკრძალვა, (ამ დროს ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით) მხოლოდ იმიტომ, რომ მამას მოხუც მშობლებს საფლავზე სიარული არ გართულებოდათ. დედას დამოკიდებულებამ მამას მშობლებისადმი, მე და გიორგის საუკეთესოდ გვასწავლა როგორ უნდა გავაბედნიეროთ ადამიანები მათ ცხოვრებაში ჩვენი არსებობით.

დედას დამოკიდებულებამ მამას ხსოვნისადმი გვასწავლა რას ნიშნავს ერთგულება და გულწრფელი სიყვარული.
დედას მოყოლილი, გრივერი ფარულავას ჯგუფთან ერთად მოგზაურობის შთაბეჭდილებები ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებებია. მისი მეგობრებისგან გვსმენია, რომ ამ გენიალური მასწავლებლის უსაყვარლესი სტუდენტი იყო. მამას გარდაცვალება ჩვენი აბიტურიენტობის წლებს დაემთხვა. მე და გიორგის არანორმალური მეცადინეობა ამ ტკივილთან ერთად გვიწევდა. დედა გვერდიდან არ გვშორდებოდა. ჩვენ, ღამეებს ქიმიის, ბიოლოგიის, ისტორისს, სამართლის წიგნებზე ვათენებდით, დედა კი გვერდით გვეჯდა და კითხულობდა, ჩემს შვილებს არ სძინავთ მე რა დამაძინებსო, ამართლებდა მუდმივ უძილობას. ერთ დღეს, კარებზე ზარის შემდეგ, დედა კარგახანი გაშეშებული იდგა ზღურბლთან, მეორე მხარე გრივერი ფარულავა იდგა. მოახლოებული გამოცდების წინ ობლების ცოდნის სიმყარეში უნდა დარწმუნებულიყო რათა ვერავის დავეჩაგრეთ კორუფციით წალეკილ უნივერსიტეტებში. მე და გიორგის გრივერი ფარულავა ლამის ლიტერატურის ღმერთად წარმოგვედგინა, კანკალმა აგვიტანა ორივე იმის წარმოდგენით რომ მასთან ჰაგიოგრაფიაზე და ვეფხისტყაოსანზე უნდა გვესაუბრა. ცხადია, იგრძნო ჩვენი აღელვება და დასამშვიდებლად, დიალოგი დედას სტუდენტობის ამბებით დაიწყო. მივხვდით, დედას მეგობრების ნაამბობი მცირედი ნაწილიც არ იყო იმ დამოკიდებულების რაც ამ გენიალურ ადამიანს მის მიმართ ჰქონდა. ბოლოს დედას დაუბარა, შენს შვილებს სხვანაირებს არ ველოდიო. ეს დედასთვის ყველაზე ძვირფასი შეფასება იყო უსაყვარლესი მენტორისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენს ყოველდღიურობაში, არასდროს ერეოდა პირად ცხოვრებაში, არასდროს გვიცავდა სირთულეებისგან და არასდროს გვიქმნიდა განსაკუთრებულ კომფორტს რთული გადაწყვეტილებების მიღებისას. მარტო რომ გამიშვა მუსიკალურ სკოლაში მისაღებ გამოცდებზე, იმ ასაკიდან, ყველანაირად უწყობდა ხელს ჩვენს დამოუკიდებლობას და გვაიძულებდა საკუთარ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა თავადვე გვერგრძნო. არასდროს მიიღებდა არგუმენტად “სხვის დამნაშავეობას” ჩვენს პრობლემებში. რამდენიც არ უნდა გეცადა პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, ბოლოს მაინც იპოვიდი საკუთარ წვლილს წარუმატებლობასა თუ არასასურველად დასრულებულ მცდელობაში. ასე გვასწავლა, რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ჩვენივე მონდომებაზე იყო დამოკიდებული, რომ შეიძლება იშრომო ბევრი, მაგრამ არასაკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად. ასე გვასწავლა, ადამიანობაზე დიდი ფასეულობა არ არსებობს. ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი როცა მას "ადამიანი" აღწევს და ამ გზაზე არასდროს კარგავს ჰუმანურობას, მეგობრობის, სიყვარულის, თანდგომის უნარებს და რაც მთავარია არასდროს, არასდროს კარგავს პატიოსნებას.
ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება რომ მივიღე საქართველოდან ორი ათასი კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობდი. ოჯახი ათი ათასი კილომეტრით დამაშორებდა დედას. იტირა, მისაყვედურა საქართველოში დაბრუნების ნაცვლად ახლა უფრო შორს, ოკეანის გაღმა მიდიხარო. საუბრიდან საათიც არ იყო გასული, საოცრად სევდიანი წერილი მომაწია. მებოდიშებოდა, ჩემისად მაცქერალი თვალებით ვიყურებოდი როცა გელაპარაკე, დაივიწყე საყვედური და ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებსო. არასდროს დასცდენია საყვედური, რომ მასთან საკმარის დროს ვერ ვატარებ, ტელეფონით საუბრის დროსაც სულ მეჩქარება, ხშირად ვუბრაზდები სხვების დარდით ცხოვრების გამო, ვერ ვეფერები ისე როგორც ბავშვობაში. ერთხელ მითხრა, შენ რომ ნინო და ანამარია გეფერებიან ისე მინდა მომეფერო, დედისთვის შვილი ხომ არასდროს იზრდება და ლოყაზე ლოყის მიდების სურვილი არც არასდროს ნელდებაო.
არასდროს გვსყვედურობს თუ რამე არ მოსწონს. საკუთარი ცხოვრების წესით ცდილობს დაგვანახოს როგორები უნდა ვიყოთ.

დავღალე, გაუთავებელი სწავლით და გამოცდებით. ამასწინათ წამომცდა სტატისტიკური სიახლის სწავლის სურვილი და პირველად ამოიღო ხმა, ჯერ მე დამასაფლავებ და მერე ჩააბარებ კიდევ ერთ სასწავლებელშიო. მასწავლებელი დედა სწავლით რომ დავღალე იმდენი ვიარეთ ამ გზაზე ერთად და მართლა ამხელა გზაზე სულ ჩემთან ერთად ათენა ღამეები წიგნებზე, სოლიდარობის ნიშნად. არასდროს წამშველებია პროფესიონალური უნარებით ან გავლენებით. ლიტერატურულ კონკურსებში ყოველთვის დედას ხმა აკლდებოდა ჩემს გამარჯვებას. წერისას წინადადებასაც კი არ შემაწევდა. როცა წუწუნს ვიწყვებდი, იქნებ პირველი ფრაზა მაინც შეეშველებინა, არ ვიცი როგორ დავიწყოთქო, მეტყოდა “არ ვიცი როგორ დავიწყო” იყოს პირველი ფრაზა, წერაში გახურდები, მოგივა იდეა და გადააკეთებო. აზრებს არასდროს გვიკრიტიკებდა, მთავარი იყო მასთან კამათისას არგუმენტი გქონოდა, თუნდაც არასწორი, მაგრამ რაღაც ლოგიკაზე აგებული. ასე შეგვაჩვია დამოუკიდებლად, კრიტიკულად აზროვნებას და თუნდაც უარესად, მაგრამ მაინც ჩვენით წერას.

არ მოვყვები დეტალებს მთელი თბილისის ჰოსპიტლები როგორ აქვს მოვლილი ახლო თუ შორეული ნათესავ-მეზობელ-მეგობრების საჭირო პროცედურებზე ტარებაში, მათ მონახულებასა თუ პატრონობაში. საჩუქრად გაგზავნილ ყოველ ცენტს, ან ნივთს მუდმივად იმას ახმარს ვისაც მასზე მეტად სჭირდება, მერე კი დარცხვენილი მომწერს, არ გეწყინოს შენი ნაჩუქარი მაისური „პირობით ნელის“ ვაჩუქე, არაფერი ჰქონდა ჩასაცმელიო.
უსასრულოდ შემიძლია მოვყვე დედაზე. ვიცი, ყველა შვილი სუბიექტურია დედაზე ფიქრისას, მაგრამ რასაც გიყვებით მართლა მისი ცხოვრებაა.

ბევრნაირ ადამიანს გადავყრივარ ცხოვრებაში, მაგრამ იშვიათად დედასნაირად კეთილს და ღრმას…
ვისაც დედას ლიტერატურულ, ჯადოსნურ სამყაროში ერთხელ მაინც უმოგზაურია არასდროს კარგავს მასთან კონტაქტს, ამიტომაც ჩემს სიშორეს ვერ გრძნობს ყოფილი მოსწავლეების სითბოთი განებივრებული.
დღესაც, დაბადების დღე ჩემზე ადრე ყოფილმა მოსწავლეებმა მიულოცეს.

დაბადების დღეს გილოცავ დე! მართლა საუკეთესო დედა, და, დეიდა, ბიცოლა, მამიდა, შვილი, მეგობარი, მეზობელი და ადამიანი ხარ!

P.S. მინდა ზუსტად ისეთი ვიყო, შენ რომ გინდა, ჯერ ვერ ვარ, მაგრამ ძალიან ვეცდები, გპირდები“, - წერს გეგეჭკორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„1 წლის განმავლობაში 3-ჯერ გარდავიცვალე“ - ტრაგედია ნანუკა გულუას ოჯახში

🔵„ისე გავთხოვდი, რომ მიყვარხარ არ უთქვამს“ - „დოჩის“ სიყვარულის ისტორია

🔵ანრი ჯოხაძის დედა იუბილარია - როგორ მიულოცა მომღერალმა დედას დაბადების დღე (ფოტოები)