სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ფაცაცია სტატუსს აქვეყნებს და ბებიის შესახებ ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
ის იმ პერიოდს იხსენებს, რომელიც ბებიასთან ერთად აქვს გატარებული და ნატრობს, როცა დაბერდება ბებია გამოვიდეს.
„დიდხანს მეძინა ბებიასთან. იმდენად დიდხანს, რომ უკვე ვეღარ ვეტეოდით ერთ ლოგინში. დიდხანს მეგონა, რომ ბებია უფრო მიყვარდა, ვიდრე დედა... მიყვარდა მისი პერანგის სუნი. მიყვარდა მისი თეთრი, ბაბუაწვერასავით თეთრი და მსუბუქი თმა. მიყვარდა მისი დამჭკნარი კანი. მიყვარდა მისი პატარა, ოთხკუთხედი ჩანთა და იქ აღმოჩენილი პატარა, შავი სავარცხელი, რომელიც ვერაფრით ერეოდა კეფაზე დახვეულ თეთრ კოსას, მხოლოდ შუბლზე გადასრიალდებოდა ხოლმე და თან გადაიყოლებდა ამქვეყნად ყველაზე თბილ ხელის მტევანს.
ვფიქრობ, არ უნდა იყოს სიბერე ცუდი. შემოდგომის დღის მიწურულს სავარძელში მოკალათება და ტელევიზორის ყურება უნდა იყოს სიბერე. მზიან ამინდებში თვალებზე ხელის მოჩრდილება და არავის მოლოდინი უნდა იყოს სიბერე. ფანჯრის რაფაზე შემოდებული, დასალევად დავიწყებული წამლის შუშები უნდა იყოს სიბერე. გრძელი ზამთრის ღამეებში წარსულის სიზმრებად აკინძვა უნდა იყოს სიბერე. ეზოდან ფოთლების გადახვეტა და წიწილების დაპურება უნდა იყოს სიბერე. სათვალეზე წუწუნი და ყბაგაცვეთილი „საოჯახო მედიცინის" კითხვა უნდა იყოს სიბერე.
როცა დავბერდები, ბებიაჩემი მინდა გამოვიდე. მქონდეს უკან შეხვეული თეთრი კოსა, „გარეთ გასასვლელი“ სამიოდე კაბა. ჩანთაში ჩაკარგული პატარა შავი სავარცხელი და მყავდეს ღამღამობით ზურგზე მოკრული შვილიშვილი, რომელიც ინატრებს, რომ როცა გაიზრდება, ბებია გამოვიდეს.
არ უნდა იყოს სიბერე ცუდი...“, - წერს სალომე ფაცაცია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სიტყვებს ვერ ვპოულობ! სიბრაზე მახრჩობს! მიზანმიმართულად კლავენ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი