თეოლოგმა ბასილ კობახიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მართვაზე პირადი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ეკლესიის ავტორიტეტი მედიკოსებს ინფექციის პრევენციაში დაეხმარება. მისი აზრით, სასულიერო პირებმა მრევლს დაწესებული რეკომენდაციების შესრულების კურთხევა უნდა მისცენ, ერთი კოვზით არ აზიაროს და საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ცხელების ცენტრები უნდა გახსნან.
„ეპიდემიის დროს პოლიტიკოსები ხალხმრავალ შეხვედრებს ატარებენ, ადამიანებს ფსიქოლოგიურად აღარ შეუძლიათ ანტივირუსული წესების დაცვა, რადგან სიღარიბესთან ერთად კოვიდს ფსიქოლოგიური სტრესიც მოაქვს. აგერ, ირლანდიამ ისევ გამოაცხადა კარანტინი, ბელგია ამბობს, რომ უფრო რთული სიტუაცია გვაქვს, ვიდრე მარტშიო. ჰოდა, ეკლესიას ახლა შეუძლია, გვერდში დაუდგეს მოსახლეობას და გამოიყენოს თავისი უზარმაზარი გავლენა, თავის მრავალრიცხოვან მრევლს მისცეს ლოცვა-კურთხევა (რაც ბრძანების ტოლფასია მაგათთვის) ზედმიწევნით დაიცვან და ოჯახის წევრებს, ნათესავებს და სხვებსაც მოსთხოვონ წესების დაცვა, არ აზიაროს საერთო კოვზით და კარანტინზე დაკეტოს ეკლესიები. სულ ხომ იმუქრება ეკლესია და ახლა დაემუქროს პოლიტიკოსებს, რომ ადამიანები დავირუსების რისკის ქვეშ არ დააყენონ. იგივე თავისი გავლენით აიძულოს ოლიგარქები და ბიზნესმენები, რომ დაეხმარონ გაჭირვებულებს, ასევე ჯანდაცვის სისტემას. ეკლესიის კუთვნილ შენობებში გახსნას ცხელების ცენტრები, საზღვარგარეთ შეისყიდოს სასუნთქი აპარატები და ჩამოიტანოს. კიდევ უამრავი რამის გაკეთება შეუძლია ეკლესიას. ამით თუნდაც ერთი, რიგითი, სრულიად უმნიშვნელო ადამიანის სიცოცხლეს თუ გადაარჩენს, ეს არაა მაგის დანიშნულება? აბა, რად უნდა ზიზილ-პიპილოებიანი ტაძრები, ოქროებით მოჭედილი ხატებით სავსე, სადაც თვითონაც ოქროებში ჩამჯდარი და თვალმარგალიტით თავდახურული მეუფე-მამაოები ჯამბაზობენ რაღაცას“, - წერს ბასილ კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში ღვთისმსახურება რეკომენდაციის ყველა წესის დაცვით წარიმართა. ძალიან იშვიათად ვრცელდებოდა დისტანციის დარღვევის ფაქტები. ამასთან უნდა ითქვას, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების მიუხედვად საქართველოში ე.წ. ეკლესის კლასტერი არ დაფიქსირებულა, თუმცა მედიკოსები ამტკიცებდნენ რომ ვირუსის აფეთქება მოხდებოდა.
ახლა ვირუსის უპრეცენდენტო აფეთქების დროს, საარჩევნო კამპანია, შეხვედრები და საზოგადოების აქტივობა გაცილებით მაღალია ვიდრე ინფექციის გავრცელების საწყის ეტაპზე.