ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ გარდაიცვალა კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის წითელხევის საჯარო სკოლის დირექტორი, ლუხუმი ლელაძე. მწერალი მასთან დაკავშირებულ სენტიმენტალურ ამბავს იხსენებს, რომელსაც „დაიჯესტი" უცვლელად გთავაზობთ.
„საუკუნეში ერთხელ რომ იბადებიან კი არა, , ისეთი შვილი მოუკვდა დღეს საქართველოს. ლუხუმი ლელაძის მსგავსი ღირსეული პიროვნებები იშვიათად იბადებიან! ეტალონი იყო წესიერების, პრინციპულობის, სამართლიანობის, ღირსების…
ჩემი ლუხუმი მასწავლებელი უკეთესად უნდა გაგაცნოთ… მეთერთმეტე კლასის გამოსაშვები გამოცდებია, ალგებრაში( მათემატიკა) გვაქვს გამოცდა. მე წარჩინებული მოსწავლე გახლდით, მაგრამ ტექნიკურ საგნებში ცოტა მოვიკოჭლებდი, განსაკუთრებით მათემატიკაში. ჩემს კლასში იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ფრინავდნდნ ალგებრა-გეომეტრიაში… როგორც მე ქართულ ენასა და ლიტერატურაში…
ვზივარ და ვფიქრობ იმ ორ განტოლებაზე, რომლის ამოხსნის შესაძლებლობას ჩემი ალგებრის ცოდნა არ მაძლევს…
ლუხუმი მასწავლებელი ჩემს მერხთან გაჩერდა კარგა ხანს… ვგრძნობ, როგორ კითხულობს ჩემს ნაწერს და ქვესკნელში ჩავარდნას ვნატრობ… მხარზე ხელი დამადო… თოლორდავა, გააგრძელე წერა… რა გავაგრძელო, რომ არ ვიცი?!
არ ვიცი, რამდენი წუთის შემდეგ დაბრუნდა, ხელით მერხს დაეყრდნო და რაღაც ფურცელი მალულად შეაცურა საგამოცდო ფურცლის ქვეშ… თავისი ხელით დაწერილი ,,შპარგალკა” გადმომცა… ის ხომ მარტო დირექტორი კი არა, ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელიც იყო…
ერთი წუთით არ მიფიქრია, გადაწერა. ჩუმად გამოვაძვრე ქაღალდის ნაგლეჯი და ფეხსაცმელში ჩავმალე…
გამოცდის დასრულების შემდეგ _ თოლორდავა, ჩემს კაბინეტთან დამელოდეო…
კარები რომ გააღო და ხელით კაბინეტში შესვლა მანიშნა, ძლივს გადავადგი ნაბიჯი…
-თოლორდავა, რატომ არ გადაწერე ჩემი გამოყვანილი მაგალითები?!
-არ ვიცი ,,შპაგალკის'” გამოყენება, მას!!!
-მარტო ესაა მიზეზი?!
-არა, მას!!
-აბა?!
-მას, ჩვენს კლასში ალგებრაში უმაღლესი შეფასება ეკუთვნის: ნიქაბაძეს, ფაიქიძეს და კიკნაძეს.
-ისინი მიიღებენ ხუთიანებს, შენი ხუთიანი მათ კი არ შეუშლიდა ხელს?!
-ეს უსამართლობა იქნებოდა…
– თოლორდავა, გავა დრო და მიხვდები , თუ რატომ წავედი ჩემი პრინციპის წინააღმდეგ, ახლა, ერთს გეტყვი, შენ იმაზე ღირსეული მოსწავლე ყოფილხარ, ვიდრე მე ვფიქრობდი… ჩემს თვალში დღეს შენ ძალიან ამაღლდი!.. ჩემი დაწერილი ,,შპაგალკა” დახიე და გადააგდე… ამ ამბიდან 31 წელი გავიდა, მაგრამ ვერაფერმა წაშალა ეს დაუჯერებელი ამბავი”.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ულამაზესი საღამო გამოვიდა... ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებთ" - რას წერს ლაშა ბექაურის დედა