Digest Logo

„კანდელაკის პოსტის გამზიერებლების 99%-ს წარმოდგენა არ აქვს რა შინაარსია პოსტში“

1630172494
ექიმი მამუკა მაჩაიძე

ჯონს ჰოპკინსის სახელობის საუნივერსიეტეტო კლინიკის თანამშრომელი მამუკა მაჩაიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინის შესახებ გიორგი კანდელაკის პოსტს ანტივაქსერები უბრალოდ თავიანთი ინტერესების გასატარებლად იყენებენ და სტატიის რეალური შინაარსს ვერც კი გებულობენ.

„იმისთვის, რომ ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების მექანიზმი და შესაძლო ეფექტები და მასთან ასოცირებული გართულებები (ADE, VADE, VAERD) გავიგოთ რას ნიშნავს, მინიმუმ ბაზისური იმუნოლოგური ტერმინები უნდა გვესმოდეს (მაგალითად Fc, კომპლემენტი, კონფორმაციული ცვლილება, M1 და M2 მაკროფაგის აქტივაცია და კიდევ უამრავი სხვა), ასე რომ გიორგი კანდელაკის პოსტის გამზიარებლების 99%-ს წარმოდგენა არ აქვს რა შინაარსია პოსტში, არც აინტერესებთ, უბრალოდ იყნოსეს, რომ რაღაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო წერია და აზიარებენ ისეთივე სიხარულით, როგორც ვაქცინაციის შემდგომ კოვიდით გარდაცვლილების ისტორიებს. აქვე ვიტყვი, რომ გიორგის თინა თოფურიას და სხვა ფსევდო ექიმების გვერდით დაყენება უბრალოდ უგუნურობაა, ისევე როგორც მისი რუსულ პროექტად გამოცხადება, ხანდახან ადამიანი ავრცელებს იმ თეორიას, რისიც მართლა სჯერა და დიახ, ხანდახან ამისთვის ყველაზე ცუდ დროს არჩევს, ხო და ვიმსჯელოთ საჯაროდ.

ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების (ADE) თემა 1 წლის წინ იყო ყველაზე აქტუალური (2020-ს ზაფხულში ბევრი სტატიის დაიბეჭდა ამ პოტენციურ რისკზე) და აქტიურად განიხილებოდა სამეცნიერო წრეებში ვაქცინის შექმნის დღიდან; როდესაც ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა ხდება უსაფრთხოებისთვის, ADE-ს რისკი არის ერთ-ერთი ის კითხვა, რომელსაც მწარმოებელმაც და საბოლოოდ მარეგულირებელმაც პასუხი უნდა გასცეს, სანამ ის ფართი მასებამდე მივა. შევეცდები მარტივად ავხსნა:

როდესაც შეგეყრება ვირუსის ერთი ვარიანტი/შტამი, მის საპასუხოდ ანტისხეულებს გამოიმუშავებ, შემდეგ შეგეყრება იგივე ვირუსის ახალი ვარიანტი და ანტისხეული ვირუსს მხოლოდ ებმის მაგრამ არ ანეიტრალებს, ვირუსი მას იყენებს მტარებლად, როგორც „ტროას ცხენს“, შედეგად შედის ბევრ უჯრედში, უფრო მეტად მრავლდება და/ან უფრო ძლიერ ანთებით პასუხს (ციტოკინური შტორმს) რთავს, ესაა მარტივად ADE, მაგრამ ეს ვირუსს შეუძლია გააკეთოს მინიმუმ 5 სხვადასხვა გზით, რაც აღწერილია სხვადასხვა ვირუსებზე წარსულში (დენგე, რსვ, აივ, სარსი, მერსი..).

რადგანაც მსგავსი რისკი წარსულში ბევრჯერ დაფიქსირდა სხვადასხვა ვაქცინების გამოკვლევებისას, ყველა ცხოველური კვლევის მოდელი ზუსტად ისეა აწყობილი, რომ ADE-ს სიგნალი ადრევე დაიჭიროს (ანუ ცხოველებს აინფიცირებენ ჯერ ერთი შტამით, მერე მეორეთი და ზომავენ სხვადასხვა ტიპის ანტისხეულების ტიტრს; ან ცრიან და შემდეგ აინფიცირებენ), რასაც მოწმობს ის ისტორიული ფაქტები, რომ ვაქცინების კვლევები შეჩერდა ებოლას, აივ-ის, სარსის, მერსის და წითელას ერთ-ერთი ვაქცინის ადრეული კვლევების დროს, მათ შორის სწორედ ამ მიზეზით.
უფრო მეტიც, როდესაც სარს-კოვ-2-ს კანდიდატ ვაქცინების კვლევები დაიწყო, ერთ-ერთი ვირუსის სამიზნე ნაწილი (ანუ სპაიკ ცილის მაგივრად) ე.წ ნუკლეოპროტეინი იყო, რომელმაც ADE-ს სიგნალი აჩვენა და ამ მიმართულებით კვლევები მაშინვე გაჩერდა, ანუ მეცნიერებმა ერთ დღეს კი არ გაიღვიძეს და თქვეს, რომ სპაიკ ცილა კარგი სამიზნე იყო, არამედ მივიდნენ აქამდე, როგორც იმუნოგენურობის და უსაფრთხოების ყველაზე სასარგებლო პროფილის მქონე სამიზნე ცილამდე.

უნდა იცოდეთ, რომ ADE-ს განვითარებას საერთოდ!! არ სჭირდება ვაქცინა, ანუ სანამ ვაქცინები ჯერ ჩანასახოვან ფაზაში იყო, ვირუსი ჩინეთიდან იტალიამდე უკვე აქტიურად მუტირებდა, ანუ ADE-ს განვითარების წინაპირობა უკვე შექმნილი იყო რადგან ბევრი შტამი ცირკულირებდა, რისი ნიშნებიც არ გამოვლენილა.

კოვიდ საწინაწღმდეგო ვაქცინების არცერთმა კვლევამ ცხოველებში (თაგვებში, მაკაკებში) ADE-ს არცერთი შემთხვევა არ გამოავლინა; რაც მთავარია, უკვე გვყავს მილიარდობით აცრილი, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ახალი შტამით დაინფიცირდა; ADE არ არის მიოკარდიტის მსუბუქი შემთხვევა და ამიტომ ვერ დაიმალება, სიგნალს ამხელა პოპულაციაში აუცილებლად დაინახავ, კერძოდ მასიური ციტოკინური შტორმით სიკვდილობა დაფიქსირდება, რაც არსად არ მომხდარა.

აქ კი პირიქით ვხედავთ, სიკვდილობასთან ერთად, მასიურად შემცირდა დაავადების მძიმე ფორმები და ჰოსპიტალიზაცია. ის რომ ვაქცინების ეფექტურობა დელტა შტამის მიმართ იკლებს და ვერ ვხედავთ სიკვდილობის მასიურ ზრდას, ეს ზუსტად ADE-ს საწინააღმეგო არგუმენტია და არა პირიქით.

თუ პირადი მაგალითი ვინმესთვის რამეს ნიშნავს, მე ავიცერი 2020 წლის დეკემბერში, მაშინ ეს თემა უფრო აქტუალური იყო, ამდენი დროის გასვლის და მილიარდობით ადამიანის აცრის შემდგომ, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია...“, - წერს მაჩაიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნუ ვიქნებით ასეთი გამოციებული ეგოისტები, რა დროს პირადი სიამოვნებებით ტკბობაა“

„რამდენიმე მილიარდი დოზაა გამოყენებული და არც ერთი, დადასტურებული შემთხვევა ვაქცინით გამოწვეული დაავადების არ დაფიქსირებულა“

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს