Digest Logo

„ხედავ? კოვიდზე უფრო მეტად, თურმე, შიდა ინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!“ - რას წერს დავით გადელია

1640668225
დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ხშირად პაციენტები არა კოვიდით, არამედ შიდაჰოსპიტალური ინფექციით იღუპებიან, ეხმაურება და ამის შესახებ საჯაროდ წერს.

„საიდან რა გამოდნება...

მართლა სულ მაოცებს, როგორ ხდება, როცა ვინმე ერთს ამბობს და მეორეს სრულიად მოულოდნელი მხრიდან შეუძლია ყურის გამობმა! ცხადია ხშირად ვარ ამის მომსწრე, მაგრამ მაინც სულ ახალივით მაკვირვებს...

ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, გუშინდელ პრეზენტაციაზე, სხვა გამოწვევებთან ერთად ისაუბრა ერთ მნიშვნელოვანზე, რომელიც არათუ ჩვენს, არამედ ყველა ქვეყანაში არსებობდა კოვიდამდე და აუცილებლად იქნება კოვიდპანდემიის შემდეგაც - ესაა შიდაჰოსპიტალური (ნოზოკომიალური) ინფექცია.

საკითხი აკადემიურია, შიდაპროფესიული და ალბათ შეცდომა იყო ამ საკითხის ასეთ ღია ფორუმზე გამოტანა. ის, რაც მედიკოსებისთვის ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრობლემაა და დარბაზში მყოფებისთვის არაფერი ახალი არ თქმულა (მით უფრო, რომ უცხოელმა ექსპერტებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს დიდი, წამყვანი კლინიკების ძალისხმევა ამ მიმართულებით), არამედიკმა მსმენელმა გაიგო ასე: "..- აჰა, ხედავ კოვიდზე უფრო მეტად თურმე შიდაინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!.."

დღეს ფბ-ზე შემხვდა აუარება ასეთი კომენტარი: „ეტყობა მინისტრი რომ მიდის, იმიტომ თქვა სიმართლე!“, „კოვიდით შევიყვანე დედაჩემი და ბოლოს სეფსისით მომიკლეს!..“, „საავადმყოფოში რომ არ მიმეყვანა კოვიდიანი ნათესავი, დღეს ცოცხალი იქნებოდა..!“ და ა.შ...

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დაფიქრება სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან გასროლილ სიტყვას - კაცმა არ იცის, როგორ აისახება საზოგადოებაზე..

სიმართლე კი ასეთია: არ არსებობს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული კლინიკაც, სადაც შიდაჰოსპიტალური ინფექცია არ არის. რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები პროცენტულობით! ასეთი სახის ინფექციით დაავადების რისკი პირდაპირპროპორციულია კლინიკაში წოლის დღეების რაოდენობასთან და ხანგრძლივი მკურნალობისას - ძალიან მაღალია. ნოზოკომიალური ინფექცია, ცხადია არასასურველი გართულებაა და ძალიან არ გვიყვარს ექიმებს, თუმცა მართვადია (სირთულის მხრივ, გააჩნია მიკრობს).

რაც შეეხება „სეფსისით მომიკლეს“, ყველა ინფექციური პათოლოგიის - ვირუსული იქნება თუ ბაქტერიული, ავთვისებიანი სიმსივნეების ბოლო, რღვევით ფაზის ლეტალობის მთავარი მიზეზი არის სეფსისი, სეფსისური შოკი.

ის ძირითადი დაავადების გენერალიზაციის სტადიაა და არა „კლინიკაში სეფსისი აჰკიდეს!“.

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი: შიდაჰოსპიტალური ინფექცია იყო, არის და იქნება მუდმივი სამედიცინო გამოწვევა.

კოვიდთან მისი შედარება და სიკვდილიანობის გადაბრალება ისევე მართებულია, როგორც ნებისმიერ დაავადებასთან - ჰეპატიტი იქნება ის თუ ტერფის ფლეგმონა და ვერც მისგან გარდაცვლილ (რაც, საკმაოდ იშვიათია) პაციენტის სიკვდილიანობას გადააბრალებს ვინმე კოვიდს, ფლეგმონას, ჰეპატიტს ან ნებისმიერ სხვას.

ნუ აჰყვებით არაჯანსაღ აჟიოტაჟს! მაქსიმალურად დაიცავით თავი დაავადებისგან, მაგრამ თუ მაინც დაგემართათ - ენდეთ ექიმებს!“, - წერს დავით გადელია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„შემოვიდნენ წასაყვანად, შავ ფორმაში ჩაცმულები... შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად“ - მიხეილ სააკაშვილი

🔵„სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე... ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება...“ - ნინი ქარსელაძე

„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს“ - ჟურნალისტი