Digest Logo

„მივმართავ იაშვილის კლინიკას! ეს არაადამიანურია! ეუბნებით, რომ აქვს „ლეიკემია“ და ეგრევე მიაყოლებთ, ამ კვირაშივე უნდა წახვიდეთ თურქეთში, თუკი ბავშვის გადარჩენა გინდათო“ - იაგო ფრანგიშვილი

1641296940
იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობას მიმართავს და წერს, რომ ისინი მცდარ დიაგნოზს სვამენ და ეგრევე თურქეთში უშვებენ ბავშვებს პროცედურებზე.

მისი თქმით, ექიმების მსგავსი დამოკიდებულება არაჰუმანურია, რადგან შოკში მყოფ მშობელს შვილის გადასარჩენად პირდაპირ თურქეთში უშვებ, თანაც არაზუსტი დიაგნოზით.

„ძალიან პირდაპირ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე მივმართავ თბილისის იაშვილის კლინიკას.

მოეკიდეთ ბავშვებს და მის ოჯახებს პასუხისმგებლობით, ეს ელემენტარული რამაა.

რას ვგულისხმობ? როცა ორშაბათს დაადგენთ მაგალითად ასე „80% ლეიკემიააო“ ან ზუსტად ეუბნებით, რომ აქვს „ლეიკემია“ და ეგრევე მიაყოლებთ „ამ კვირაშივე უნდა წახვიდეთ თურქეთში, თუკი ბავშვის გადარჩენა გინდათო“ - ეს არაა ადამიანური მოპყრობაა. ეს არა ექიმურია, ეს არაა არც სამედიცინო პროფესიონალიზმი.

ჩემი სამედიცინო დახელოვნება 1997 წელს დავიწყე ჰამბურგის ეპენდორფის კლინიკაში პროფესორ ჰოსფელდთან, დიდი ჰემატოონკოლოგი იყო. შემდეგი ჰემატო ონკოლოგიური დახელოვნება გავიარე პროფესორ კლეებერგთან და პლაცთან ასევე ჰამბურგში.

მერე ესენის საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 წელი. ჩემი საექიმო ბიოგრაფიის 25 წლიდან 6 წელი დიდ ჰემატო ონკოლოგიურ კლინიკებში გავატარე.

ჰემატო ონკოლოგია გახლავთ მედიცინის ყველაზე უფრო გლობალიზებული, სტრუქტურირებული და გამოკვლეული სფერო.

ვერ ნახავთ სიტუაციას, როცა დიაგნოზის დასმისას ეუბნები, რომ „თუ ახლა არ დაიწყე მკურნალობა რამდენიმე დღეში სადღაც დიდ კლინიკაში, დაიღუპები“. არ არსებობს ასეთი სიტუაცია თეორიულადაც.

ჰემატოლოგიის სტანდარტიზების და გლობალურად მისაწვდომი პროტოკოლების წყალობით გადაუდებელი თერაპიის დაწყების კრიტერიუმები არსებობს და ეს შეიძლება ყველგან, თუკი ასეთი რამ მართლა საჭიროა.

თანაც, იცით რომ, მათ ვისაც აგზავნით თურქეთში, იქ მათ უწევთ კვირაობით ლოდინი ფულის შეგროვებაზე, დაახლოებით 30.000 დოლარი გახდა უკვე თერაპიის ერთი კურსის გავლა და უფულოდ იქ არავინ მკურნალობს.

ამიტომაც, ბავშვები, თქვენ რომ ორშაბათს დაუსვით დიაგნოზი და უთხარით, პარასკევამდე უკვე თურქეთში უნდა იყოთო, კი არიან თურქეთში პარასკევს, მაგრამ, იქ, გაუსაძლის ფინანსურ პირობებში უწევთ რამდენიმე კვირა ცხოვრება და ლოდინი, ვიდრე ვინმე რაიმე თერაპიას დაიწყებდეს.

ეს იცით თქვენ, იაშვილის კლინიკაში. დარწმუნებული ვარ რომ იცით, რადგან აი, ამ ახალი წლის დამდეგიდან, უკვე ორმა მშობელმა და ერთმა ოჯახის ნათესავმა მომწერა თურქეთში გაშვებულ ბავშვებზე.

ჰემატო ონკოლოგია არის სტანდარტიზებული და არცერთ შემთხვევაში, არც ბავშვებში,
არაა ძვლის ტვინის გადანერგვა არც „გადაუდებელი პროცედურა“ დიაგნოზის დასმისას და არც პირველი თერაპია.

პირველი თერაპია არის ყოველთვის ქიმიოთერაპია ან დასხივება, ან კომბინაცია, ან იზოლირებულად.

ეს თერაპიები იმდენად სტანდარტულია, რომ ყველა ასე თუ ისე კლინიკად წოდებულ ბავშვთა საავადმყოფოს აქვს ყველა რესურსი ეს თერაპიები დაიწყოს მაინც!

და მთავარი რაცაა, პაციენტი იგებს დროს და ოჯახს აქვს საშუალება ირბინოს დაფინანსებისათვის.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული ვალდებულება რომ ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის თერაპია ასი პროცენტით დააფინანსოს.

ეს ვალდებულება არის რეალური და მაღალი პასუხისმგებლობის დასავლეთის ქვეყნების მიმართ.

ამიტომაც ნუ დაეხმარებით საქართველოს ხელისუფლებას განერიდოს თავისსავე პასუხისმგებლობას
ავადმყოფ ბავშვებზე დაზოგოს ფული და რაღაც გროშებით მოიმადლიეროს მშობლები, რომლითაც თქვენი უპირველესი რჩევით და პანიკით თურქეთში გაქცევა გადაუწყვეტიათ.

ეს არაადამიანურია.

კიდევ ერთხელ, ყველაზე თანამედროვე და აღიარებული პირველი თერაპია უნდა დაიწყოს საქართველოში და ესაა აუცილებელი, ესაა ადამიანური.

ის, რასაც პირველ თერაპიად და 30.000 დოლარად უკეთებს თურქი კლინიკა, სრული ასი პროცენტით და გაცილებით მეტი ადამიანური, მშობლიური მზრუნველობით და სრულიად უფასოდ შეიძლება ჩატარდეს საქართველოში.

ამ პერიოდში ანუ იმ 6 თუ 8 კვირაში, იცი სად დგას პაციენტი და ოჯახსაც აქვს დრო და საშუალება, თუკი საჭირო გახდა, სხვაგან გააგრძელოს თერაპია.

საერთოდ კი, პრობლემატური საქართველოსი არის საავადმყოფოს ჰიგიენა.

თვით ძვლის ტვინის გადანერგვაც კი, ტექნიკურად და პროცედურულად არაა ძნელი და ღვიძლის კარის ქირურგია ასჯერ უფრო რთულია ქირურგიულად, ვიდრე ძვლის ტვინის გადანერგვა, ოღონდ პრობლემაა მერე პაციენტის მოვლა.

მერე უნდა საოცრად მკაცრი ჰიგიენური ნორმები ჰერმეტული და ჰაერის ფილტრებით აღჭურვილი განყოფილება
გულისხმიერი და ადამიანური პერსონალი, რომელსაც გათავისებული აქვს, თუ რა დევს სასწორზე მისი ერთი არასწორი დაცემინების გამო, ცუდად დასუფთავებული პალატის გამო, არაჰერმეტული კარებისა და ფანჯრების გამო.

ამ ყველაფრის ორგანიზება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ასე მდიდარ და ასე დიდ ქალაქში, როგორიცაა თბილისი ან ბათუმი.

მაგრამ, ახლა არც ამაზეა საუბარი.

ახლა საუბარია ელემენტარულ და პირველი ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაზე,
ამომწურავ დიაგნოსტიკაზე და პროგნოზის დადგენაზე.

ეს ელემენტარული რამაა და ეს უნდა შეეძლოს საქართველოს ბევრ კლინიკას.

სადიაგნოსტიკო ლაბორატორიები საკმარისზე მეტია, ინტერნაციონალური აფთიაქები კი, სადაც ნებისმიერი წამლის შეკვეთა შეიძლება საკმარისად საკმარისზე მეტია.

და საქართველოში ამას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და ის საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის დაფინანსების თავდებშია არამარტო ბავშვთა ონკოლოგიის, არამედ ფსიქიატრიისა და ინფექციოლოგიის მიმართულებითაც.

აი, ამ სამ თემას მოაწერა ხელი ბატონმა ღარიბაშვილმა, როცა საქართველო გახდა ევროგაერთიანების ასოციირებული ქვეყანა.

ეს წესით ყველა ექიმმა უნდა იცოდეს საქართველოში.

ეს წესით ყველა კლინიკამ უნდა იცოდეს საქართველოში.

რატომ მიერეკებიან ამ დაპანიკებულ ხალხს თურქეთში, სადაც პირველივე თერაპიაზე, ამ ბაზისურ თერაპიაზე 30.000 დოლარის გადახდა და კვირაობით ლოდინი სჭირდებათ, აი, ეს არაფრით არ მესმის
და ბოლოს ისევ და ისევ ძველი თემა.

უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვითხოვე და ყველას, დაინტერესებულს და პირადად ავადმყოფის ოჯახებს ვთხოვე, რომ მომაწოდონ წერილობითი პასუხი ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც წერია, რომ „აი, თქვენს ბავშვს, რომელსაც ექიმების გადაწყვეტილებით ესაჭიროება თერაპია, ვერ დაუფინანსდება სრულიად და მხოლოდ ნაწილს ვაფინანსებთო“.

აი ეს წერილობითი მასალა წესით უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც არის დღეს თურქულ კლინიკაში ბავშვით.
არ აქვს არცერთს.
და იცით რატომ?
იმიტომ რომ არც კი იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დააფინანსოს ონკოლოგიური ბავშვის მკურნალობა.

ვალდებულია, ეს ვალდებულება აქვს აღებული ბევრი მოწმის წინაშე და ევროპაში ყოველ ვიზიტზე ამას სიამაყით აღნიშნავენ.

კიდევ ერთხელ მინდა ვცადო და გთხოვოთ, მიმართეთ ჯანდაცვას და მოითხოვეთ წერილობითი უარი სრულ დაფინანსებაზე.

არაა საჭირო მიზეზი, მისწერეთ ოფიციალური მიმართვა ჯანდაცვას თანხის მითითებით და მოითხოვეთ ასევე ოფიციალური წერილობითი პასუხი.

წესით და რიგით ეს საქმე არის კლინიკების უპირველესი მოვალეობა.

დასავლეთში ამისათვის სპეციალური სამსახურია შექმნილი საავადმყოფოებში, რომლებიც დაფინანსების საქმეს არკვევენ და რომლებმაც იციან არსებული რეგულაციები, იციან საიდან და როგორ უნდა მოხდეს დაფინანსება. ყველა მშობელი ვერ გახდება სამედიცინო სამართლის სპეციალისტი.

ეს კლინიკის მოვალეობაა. ყველას ვთხოვ, მოეკიდეთ ამ მოვალეობას პასუხისმგებლობის გრძნობით
დარწმუნებული ვარ რომ იცით, თუ რამდენი ხანი უწევთ ლოდინი თქვენს მიერ თურქეთში სასწრაფოდ და გადაუდებლად გაგზავნილ ბავშვს, ვიდრე მას თერაპიას დაუწყებდნენ.

ის მაინც უთხარით, რომ იმ ფულით, რაც სახლ-კარის უცებ და საჩქაროდ გაყიდვით ან ბანკის სესხად ჩადებით აიღეს, აი ამ ფულით გერმანიაში წამოვიდნენ, რადგან აქ ავადმყოფ ბავშვს უფულოდ მკურნალობენ“,- წერს იაგო ფრანგიშვილი.




აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵მძიმე სენის დამარცხება, 10 წლით უმცროსი ქმარი და 19-წლიანი თანაცხოვრება - ხათუნა ჟორდანიას პირადი ამბები

🔵ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

🔵„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე