ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექთანი, ნანა ბერიშვილი ადამიანებს პანდემიის დროს ემოციებისა და ვირუსების სიმპტომების მართვის საშუალებებს უზიარებს.
ბერიშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ კორონავირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის და ურჩევს პანიკას არ აჰყვნენ. ექთანი მოქალაქეებს პასუხისმგებლობის გამოჩენას ურჩევს და სთხოვს, რომ ელემენტარულ სიმპტომებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ნუ მიმართავენ, რადგან ეს ჯანდაცვის სისტემას გადატვირთავს, რესურსი არასწორად დაიხარჯება და ექიმებს მუშაობა არაეფექტური იქნება.
ნანა ბერიშილის მიერ გამოქვეყნებულ რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო!
წინ საკმაო მძიმე და ემოციებით დატვირთული დღეები გველოდება. ყველა შეშინებული და ვეებერთელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ. მესმის, გასაგებია, ჩვენ (NY) ეს უკვე გავიარეთ, ამიტომ თავს ნებას მივცემ, რომ რამოდენიმე რჩევა/რეკომენდაცია მოგაწოდოთ.
1️⃣ ფლოქვების თქარუნზე ნუ იფიქრებთ მაინცადამაინც ზებრებზე, პირველად ცხენზე იფიქრეთ.
2️⃣ გრიპების სეზონი უკვე დაწყებულია და ძალაში შედის. ამას ემატება სეზონური ალერგიები. ნუ შეგეშინდებათ ჩვეული სიმპტომატიკის.
3️⃣ მოერიდეთ 1-2 სიმპტომზე ცხელ ხაზზე რეკვას. გახსოვდეთ იქაც ადამიანები მუშაობენ და მათი რიცხვი კატასტროფულად მცირეა.
4️⃣მოერიდეთ სასწრაფოს გამოძახებას, რომც დაგიდასტურდეთ ვირუსი, არანაირი წამალი მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტისთვის არ არის საჭირო. სწორი კვება, საკმაო რაოდენობის სითხის მიღება, სუფთა ჰაერი და აქტივობა - სულ ესაა თქვენი მკურნალობის კურსი.
5️⃣ ყველაზე საშიში საავადმყოფოების და მედპერსონალის გადატვირთვაა. თქვენ როცა ფაღარათის გამო სასწრაფოს იძახებთ, სადღაც ინფარქტიანი, ან ინსულტიანი ადამიანი კვდება.
6️⃣ თუ ზომიერად რთული სიმპტომატიკაა, ან რამოდენიმე სიმპტომია ერთად წარმოდგენილი, სუნთქვის გართულების გარეშე, არც მაშინ არის კრიტიკული ცხელ ხაზზე დავრეკავ ან გამოძახებ.
7️⃣მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის გართულებაა, ხშირი ხველით, გამოიძახეთ ბრიგადა, და თუ ჟანგბადის სათურაცია ნორმალურია, ე.ი. არ არის რთული პაციენტი. მხოლოდ სტეროიდს ან სიცხის (>39.0 ) დამწევს ადგილზე გაუკეთებენ და ეს პაციენტი სახლში იზოლირებული, ოჯახის ფრთხილი მეთვალყურეობის ქვეშ, ბევრად უფრო დაცულია გართულებისგან, ვიდრე გადატვირთულ საავადმყოფოს დერეფანში უამრავ პაციენტთან ერთად საწოლის მოლოდინში.
8️⃣ ნუ შეშინდებით. კორონა ვირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის, ჯანმრთელ სხეულისთვის იოლი მოსახდელია, მთავარია გადაცემის ჯაჭვი არ შეიქმნას.
9️⃣შეამცირეთ კონტაქტები, განერიდეთ არასაჭირო ფიზიკურ სიახლოვეს!
და რაც მთავარია: -გაუფრთხილდით მედმუშაკებს, ცხელი ხაზის ოპერატორიდან დაწყებული იმ ლაბორანტით დამთავრებული, ყელიდან სინჯს რომ გიღებთ.
ექიმები და ექთნები უფრო მეტი ემოციური და ფიზიკური წნეხის ქვეშ არიან, ვიდრე თქვენ, რომ არაფერი ვთქვათ იმ მაღალ რისკებზე, რაც ჩაკეტილ სივრცეში უამრავ პაციენტთან ურთიერთობას ახლავს თან. ღმერთი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!“ - წერს ნანა ბერიშვილი.