გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი ხელოვნების წარმომადგენლებს, დაგეგმილი ღონისძიებების გადადებას სთხოვს და აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშოა.
„როგორც ექიმი, ბოდიშს ვუხდი ხელოვან ხალხს!
იმისთვის, რომ არ გეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. უპრობლემოდ შეიძლებოდა შესაბამისი რეგულაციების დაწესება, ღია ცის ქვეშ პირბადეების ვალდებულებისა და დისტანციის დაცვა. ამის გაკონტროლებას თითო კონცერტზე სულ რამდენიმე პატრულიც კი მოახერხებდა.
არ ხდება ასე, ფაქტია არ წესდება არც საჭირო რეგულაციები და არც კონტროლი უკვე დაწესებულ რეგულაციებზე... არანაირ ჩარჩოში და ლოგიკაში არ ჯდება, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება... ორსული ორსულზე იღუპება...
დამწყებ სტუდენტებს სთხოვენ ექთნობას, რომელთაც ჯერ ვენის კათეტერიც კი არ ჩაუდგამთ და ეს ორმაგი ხელთათმანებით, დაბინდული სათავლეებით და პირბადით უნდა აკეთონ, წარმოგიდგენიათ რამდენი დაინფიცირდება? სტუდენტებზე, მომავალ თაობაზეა საუბარი! ჯანმრთელობის სანაცვლოდ შეთავაზებულ გროშებს აღარ შევეხები, იმდენად მტკივნეულია...
პაციენტები დერეფანში წვანან... მალე დერეფანშიც აღარ იქნება ადგილი...
მივმართავ ხელოვნების წარმომადგენლებს, მომღერლებს, მსახიობებს, გვაპატიეთ ექიმებს ეს სასოწარკვეთილი თხოვნა, მაგრამ გადადეთ დაგეგმილი ღონისძიებები...
მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც რეალობას ადეკვატურად შეაფასებს“, - წერს ჟამურაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ვერ მნახავთ ვერსად გამოსულს“ - სტეფანე კონცერტებს აუქმებს
„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“ - გადელია