Digest Logo

პნევმონია მაქვს, კორონამ კუდი მოიქნია - ჟურნალისტის მდგომარეობა გაუარესდა

1602790164
კოვიდინფიცირებული

კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი, ზურა ბალანჩივაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კარანტინში ყოფნის პერიოდს აღწერს.

მას ერთგავრი საკარანტინო დღიური აქვს გაკეთებული და ფეისბუკ გვერდზე მეგობრებს ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის, თუ როგორ ატარებს დროს კარანტინში და როგორ გრძნობს თავს...

„დღე 15.

დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ორივეს, მეც და ჩემს ძმასაც, პატარ-პატარა პნევმონია გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ჩვენი გაწერის თარიღი უცნობია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ამ ამბავს სამ დღეში მოევლება.

ირაკლისაც გადაუღეს ტომოგრაფია, რომელმაც ორივე ფილტვზე 4-ქულიანი ანთება აჩვენა. მე 2-იანი მაქვს. საერთო ჯამში, ანთების მაქსიმალური სიმძიმე 24 ქულაა, ასე რომ, მაინც პოზიტიური შედეგია და ახლა ვიღებთ ძლიერ ანტიბიოტიკს.

სიცხე პერიოდულად გვაქვს 37 - 37.3. საღამოობით დაბლა გვიწევს და მე ამ მომენტში აღარ მაქვს. სახის კანი ორივეს გამოგვიშრა და გვექერცლება, ამიტომ დამატენიანებელს ვხმარობთ.

ასეთი რამ ჩემს თავზე მართლა არ მახსოვს, მაგრამ მიზეზი ცნობილია. ირაკლის დილიდან მომატებული ჰქონდა ხველა, თუმცა ინტენსიური - არა. არც მე. ასე რომ, როგორც თავიდანვე ვამბობდი, კორონა მართლაც საშიშია, რადგან როცა კლინიკური ნიშნები იკლებს და თავი გამოჯანმრთელებული გგონია (5 დღის წინ რომ მეგონა), შეიძლება, სწორედ მაშინ მოიქნიოს კუდი.

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც პერიოდულად გვახსენებს თავს, კუნთების ტკივილია. მე პატარა ჭვალასავით გამივლის ხოლმე კიდურებშიც და ტანშიც, ხოლო ირაკლი ზურგს იტკიებს, რაც მე ერთი კვირის წინ მქონდა. თუმცა უკვე შევეჩვიეთ ამ სიმპტომებს და მეტნაკლებად ვიცით, რა უსიამოვნებს უნდა ველოდოთ კორონას ამ შტამისგან. ჰო, მართლა, ირაკლის გემოს შეგრძნება ნელ-ნელა უბრუნდება. იმედია, ხვალიდან ყნოსვაც გაუაქტიურდება.

ახლა რაც შეეხება სახლში დარჩენას და მკურნალობას. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იყოს შესაძლებელი ანალიზების ჩატარება. თუკი ეს მოხერხდება, მაშინ საავადმყოფოში გადასვლის რესურსები დაიზოგება. სწორედ ანალიზებმა აჩვენა ჩემს სისხლში შედედების მაჩვენებლის მკვეთრი მატება, რაც თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის და ამისთვის მიკეთებენ სისხლის გამათხელებელს.

თუმცა, ეს ჩემი პირადი დაკვირვება და აზრია და სამედიცინო პერსონალის კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი.

და ბოლოს, ჩემი თხოვნა იქნება ყველას და განსაკუთრებით ჩემი კეთილისმსურველების მიმართ: მოეშვით სწავლებას, რა მედიკამენტი მივიღო და რა არა. იმიტომ, რომ:

1) თქვენ ვერ შეცვლით მკურნალობის კურსს, რომელსაც ადგენს პასუხისმგებელი ექიმი შესაბამისი კონსულტაციის საფუძველზე.

2) რასაც თქვენ „უნიშნავთ“ პაციენტს, იგი იმ წამალს ვერ მოიძიებს და თუ მაინც რაიმე ხერხით ჩაიგდებს ხელში, გამოვა თვითმკურნალობა, რაც მინიმუმ გაურთულებს გამოჯანმრთელებას.

3) ნებისმიერი მსგავსი სწავლება, რაოდენ კეთლი ზრახვებითაც არ უნდა იყოს განპირობებული, არის დროის კარგვა და ავადმყოფისთვის ნერვების შლა, რაც, რასაკვირველია კიდევ უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას.
დღეს ნიცშეს დაბადების დღეა და პოსტასაც მისი ფრაზით დავასრულებ: „სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო. ან დღესვე ახვალ უფრო მაღლა, ან ძალებს გაიუმჯობესებ და ხვალ შეძლებ ასვლას“,- წერს ჟურნალისტი.