ექიმი თამარ ჟამურაშვილი კოლეგას, ირმა კვიცარიძეს უპირისპირდება. კამათის თემა ამჯერად ადამიანის სუნთქვის სიხშირის განსაზღვრაა. ჟამურაშვილი აცხადებს, რომ კარგი სატურაციის შემთხვევაშიც კი ხშირად პაციენტებს კუნთების დახმარებით უწევთ სუნთქვა, რაც ექიმმა თუ არ შეამჩნია ვითარება სავალალო გახდება.
„საინტერესო ინფორმაცია ქ-ნი Irma Kvitsaridze -თვის:
სუნთქვის სიხშირე არის უმნიშვნელოვანესი პარამეტრი pCO2-თან ანუ ნახშირორჟანგთან ერთად, რომელსაც ამბულატორიულად ვერ ვსინჯავთ.
კოვიდპაციენტებს სხვა პნევმონიისგან განსხვავებით ხშირად ემართებათ ჰიპერვენტილაცია ანუ სუნთქვის აჩქარება და CO2-ის ეგრეთ წოდებული „ამორეცხვა“. ეს ნიშნავს, მე შეიძლება სატურაცია 90% მქონდეს, მაგრამ თუ სუნთქვის სიხშირე ამ დროს 30-ს აჭარბებს, ვხვდებით, რომ სასუნთქი კუნთებია ჩართული სუნთქვის პროცესში, პაციენტს ძალიან დიდი „სამუშაოს შესრულება“ უხდება ამ სატურაციის მისაღწევად და თუ სასწრაფოდ რაიმე არ ვიღონეთ პაციენტი საინტუბაციო ანუ აპარატზე გადასაყვანი გახდება.
მესმის, ვისაც მიმღებში ტრიაჟი არ უკეთებია და კოვიდპაციენტები სხვადასხვა განყოფილებაში არ გაუნაწილებია, არ ეცოდინება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რითაც გერმანიაში, ავსტრიაში, მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში პაციენტების განაწილება ხდება.
მესმის, ვისაც კოვიდპაციენტები განყოფილებაში მორიგეობებზე არ უმართავს, სადაც მონიტორები არ არის და პაციენტი წამებში შეიძლება დამძიმდეს, არ ეცოდინება სუნთქვის სიხშირის მნიშვნელობა.
მესმის, ვისაც პაციენტები 4000 კმ-ის დაშორებით არ უმართავს, ვერ ხვდება როგორ უნდა დაითვალონ ადამიანებმა სუნთქვის სიხშირე წთ-ში.
ქ-ნი ირმა, თუ ზრდასრულ ადამიანთან გვაქვს საქმე ტვინის ქერქის ატროფიის გარეშე, ახსნის შემდეგ ყველა, უკლებლივ ყველა ახერხებს სუნთქვის სიხშირის დათვლას. ეს სწორედ ის პარამეტრია, რომელსაც მე ვეყრდნობი დისტანციური მართვის დროს სატურაციასთან ერთად და არც ერთ, ჩემს მიერ ამბულატორიულად ნამართ პაციენტს, არ დასჭირვებია ჰოსიპიტალიზაცია.
ქ-ნო ირმა სუნთქვის სიხშირის დათვლის დროს არ უნდა შეიკავოთ სუნთქვა, შესაბამისად არც გაიგუდებით და არც დაიხრჩობით. კახელი, გურული, მეგრელი, სვანი თუ რაჭველი ერთნაირად ითვლის სუნთქვის სიხშირეს და ეს პარამეტრი ეთნიკური მახასიათებელი არ არის.
მხოლოდ სატურაციის გასინჯვამ, ზემოთ დეტალურად აღწერილი მიზეზის გამო, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და არავის ვურჩევ! გეკითხათ და კოლეგიალურად აგიხსნიდით“, - წერს თამარ ჟამურაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
კორონავირუსმა ბათუმში დედა-შვილი იმსხვერპლა
აცრა ცოდვა კი არა - ვალდებულებაა - სალომე ზურაბიშვილი